კონტენტზე გადასვლა

ღირსშესანიშნაობები კახეთში

თელავი, ლამაზი აივნები - Telavi, beautiful balconies.

კახეთის სანახაობები იმდენად მრავალფეროვანია, რამდენადაც აქ ჩამოსული ვიზიტორის ინტერესები შეიძლება იყოს.

რეგიონის ქალაქებიდან გამორჩეულია თელავი, სიღნაღი, ყვარელი და ლაგოდეხი. აქაური ქალაქებისთვის დამახასიათებელია ქვაფენილიანი ქუჩები, ფასადები ფიგურული რელიეფებით და მრავალსახა ჩუქურთმებით, ქართული აგურითა და კრამიტით ნაშენები და დახურული სახლები. სასტუმროებიდან კავკასიონის, ვრცელი ველ-მინდვრების, ფოთლოვანი ტყეებისა და ულამაზესი ტბების ხედები იშლება.

ბუნების მოყვარულები აუცილებლად უნდა ესტუმროთ ვაშლოვანის ნაკრძალს, თუშეთისა და ლაგოდეხის ეროვნულ პარკებს. აქ დაცულია ფლორისა და ფაუნის უიშვიათესი ჯიშები და ენდემური სახეობები. გამორჩეულია როჭოსა და ნინოსხევის ჩანჩქერები, შავი კლდეების ტბა და ბილიკები, რომელთა დალაშქვრისასაც საოცარი ხედები იშლება მდინარეების ხეობებზე, კავკასიონზე და კახეთის ვაკეებზე.

კახეთი განსაკუთრებით გამორჩეულია ხუროთმოძღვრულ ძეგლთა სიმრავლით, რომელთა უმეტესობაც VI-XVII საუკუნეებით თარიღდება. აღსანიშნავია დავით გარეჯის უნიკალური სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ნახევრად-უდაბნოში მდებარეობს. ასევე ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესია – ვის სახელსაც უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება. იყალთოსა და ნეკრესის მონასტრები ასურელი მამების სახელს უკავშირდება. გრემი კი შედარებით გვიანდელი არქიტექტურის ნიმუშია.

მთავარი ღირსშესანიშნაობები კახეთში

1. ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი

ბოდბის მონასტერი - Bodbe monastery.

კახეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ცხოვრება და მოღვაწეობა, საერთოდ, ქართლის გაქრისტიანების ისტორია. სწორედ აქ აღესრულა წმინდა ნინო და იქვე დაბა ბოდეში მიაბარეს მიწას, სადაც დღემდეა შემონახული მისი საფლავი.

2. დავითგარეჯა

დავით გარეჯი - David Gareja.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი გარეჯის ნახევრად-უდაბნოში მდებარეობს. მონასტრის გარშემო არსებული ბუნების სიმკაცრე აქაურობას კიდევ უფრო მეტ იდუმალებასა და ასკეტურობას მატებს.

3. იყალთოს მონასტერი

იყალთოს მონასტერი - Ikalto Monastery.

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავიდან 8 კილომეტრში მდებარეობს. იგი სამ ეკლესიასა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს აერთიანებს. მათ შორის XI-XII საუკუნეებში არსენ იყალთოელის მიერ დაარსებული აკადემიის ნანგრევებს.

4. გრემის მთავარანგელოზთა სამონასტრო კომპლექსი

გრემი - Gremi.

გრემის მთავარანგელოზთა სამონასტრო კომპლექსის ისტორია XVI საუკუნიდან იწყება. მაღალ მთაზე აგებული კომპლექსი გუმ­ბა­თო­ვა­ნ ეკ­ლე­სიას, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნ სა­სახ­ლე-სამ­რეკ­ლოს, სა­მე­ურ­ნეო ნა­გე­ბო­ბებს, გა­ლა­ვა­ნსა და მდი­ნა­რე ინ­წო­ბის­კენ სა­ი­დუმ­ლო გა­სას­ვ­ლე­ლს მოიცავს.

5. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

შავი მთა - Shavimta.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები მოიცავს ვაშლოვანის ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და ბუნების ძეგლებს - არწივის ხეობას, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანებსა და კაკლისყურის ალაზნის ჭალის ტყეს. მოწყობილია მარკირებული ბილიკები, ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად.

6. ნეკრესი

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი - Nekresi Monastery Complex.

ნეკრესის ისტორია ერთ-ერთი ასურელი მამის, აბიბოსის სახელს უკავშირდება. კომპლექსი რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.

7. თუშეთის ეროვნული პარკი

აბანოს უღელტეხილი - Abano Pass.

თუშეთის ეროვნული პარკში სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის 11 ტურისტული მარშრუტია. ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები.

ფიჭვის ყვავილობის სეზონზე, რომელიც მაისის ბოლოდან იწყება, ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დასვენებასთან ერთად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

8. ლაგოდეხის ეროვნული პარკი

ლაგოდეხის ეროვნული პარკი ულამაზესი ჩანჩქერებისა და უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად გეპატიჟებათ. პარკის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება. ლანდშაფტის დიფერენციაცია განაპირობებს იმგვარ ბიომრავალფეროვნებას, როგორიც საქართველოს სხვა არც ერთ დაცულ ტერიტორიაზე არ გვხვდება.

9. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ბაღი - Garden of House Museum of Alexander Chavchavadze.

თუკი XIX საუკუნის საქართველოში მოგზაურობა გსურთ, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ესტუმრეთ. გაეცნობით იმ პერიოდის კულტურას, გაისეირნებთ მდიდრულ ბაღებში და დააგემოვნებთ ქართული და ევროპული ღვინოების ნაირსახეობებს.

10. დიდი ჭადარი

დიდი ჭადარი - Giant Plane Tree.

900 წლოვანი ჭადარი თელავის ცენტრში, მეფის სასახლის მიმდებარედ დგას და ალაზნის ვაკესა და კავკასიონს გადაჰყურებს. ჭადარი ქალაქის სიმბოლოდ ითვლება და ტურისტების საყვარელი თავშეყრის ადგილია. ასწლოვანი ჭადრის ჩრდილი ზაფხულის ცხელ დღეებში მშვენიერი თავშესაფარია.

11. სიღნაღის გალავანი

სიღნაღის ციხე - Sighnaghi fortress.

სიღნაღის გალავანი ქალაქის მთავარი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა. 4 კმ-ის სიგრძის გალავნის კედლები საკმაოდ კარგადაა შემონახული. აქედან გასაოცარი ხედები იშლება ქალაქზე, ალაზნის ველსა და კავკასიონზე.

12. უჯარმის ციხე

უჯარმის ციხე - Ujarma fortress.

უჯარმის ციხე ერთ დროს მეფეთა რეზიდენცია იყო. კომპლექსის ტერიტორიაზეა გალავანი, მის შიგნით არსებული სასახლით, ეკლესიითა და წყალსაცავებით. გადმოცემით, სწორედ აქ გარდაიცვალა მძიმედ დაჭრილი ვახტანგ გორგასალი.

2012 წელს ჟურნალმა Forbes-მა უჯარმა მსოფლიოს 9 ყველაზე უძველესი ციხესიმაგრის სიაში შეიყვანა.

13. ძველი შუამთის მონასტერი

ძველი შუამთის მონასტერი - Dzveli Shuamta's Monastery.

ძველი შუამთის სამონასტრო კომპლექსი თელავიდან 7კმ-ში, ბუნების სიმწვანეშია ჩაფლული. კომპლექსი სამი ეკლესიისგან შედგება, რომელთაგან უძველესი V საუკუნით თარიღდება. მისასვლელი გზა ფოთლოვან ტყეს მიუყვება და ულამაზეს პეიზაჟებს გვათავაზობს.

14. კვეტერას ციხე-ქალაქის ეკლესია

კვეტერას ციხე-ქალაქის ეკლესია - Church of Kvetera city-fortress.

კვეტერას ციხე-ქალაქის ეკლესია X-XI საუკუნეებით თარიღდება. მცირე ზომის, სადად ნაგები ტაძარი მოპირკეთებულია შირიმის ქვით. ფასადების ერთადერთ მორთულობას დეკორატიული თაღები და ერთად შეჯგუფებული სვეტისთავები წარმოადგენს.

15. ნინოსხევის ჩანჩქერი

ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი - Ninoskhevi (gurgeniani) waterfall.

ნინოსხევის ჩანჩქერი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების გამოღცეული სანახაობაა. ჩანჩქერამდე მისასვლელად იშვიათი რელიქტური მცენარეებით დაფარული ტყის გავლა მოგიწევთ. ჩანჩქერი 40 მეტრის სიმაღლიდან ეშვება და რამდენიმე წყალვარდნილს ქმნის.

16. როჭოს ჩანჩქერი

როჭოს ჩანჩქერი - Black Grouse Waterfall.

როჭოს ჩანჩქერისაკენ მიმავალი გზა მდინარე შრომის ხეობას მიუყვება. გზად რცხილნარის უნიკალურ კორომებს და მდინარეზე გადასასვლელ ორ ხიდს გაივლით. ვიზიტორთა ცენტრიდან 9.5კმ-ში მიადგებით როჭოს ულამაზეს ჩანჩქერს, რომელიც პატარა აუზს ქმნის. ზაფხულობით ჩნაჩქერის წყალში გაგრილებაც შეგიძლიათ.

17. ილიას ტბა

ილიას ტბა და მთები - Ilia lake and mountains.

ილიას ტბა ყვარლის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ცენტრია. ტბა ხელოვნურად შაიექმნა მდინარე დურუჯის დაგუბებით, მოგვიანებით კი აქ აშენდა სასტუმრო, დასასვენებელი პარკი გასართობი და სათამაშო მოედნებითა და ულამაზესი ამფითეატრით; სანაპიროს მიჰყვება ბულვარი, სადაც რამდენიმე კაფე და რესტორანია.

18. შავი კლდეების ტბა

შავი კლდეების ტბა და მოლაშქრეები- Black Rock Lake and hikers.

შავი კლდეების ტბის ბილიკის სიგრძე ჯამში 45 კილომეტრია. მისასვლელი საცალფეხო ბილიკებიდან ზემოდან დაყრურებთ მთებსა და ხეობებს, თითქოს ღრუბლებზე მაღლა, მიუყვებით გზას. მთებს შორის ჩაწოლილი ტბა ნისლიან ამინდში კიდევ უფრო მისტიური სანახავია.

19. ტახტი-ტეფას ტალახის ვულკანი

ტახტითეფას ტალახის ვულკანები - Takhti-Tepha Natural Monument.

ტახტი-ტეფას ტალახის ვულკანი ყველაზე უჩვეულო სანახაობაა ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი.

სხვა ღირსშესანიშნაობები კახეთში