ხევსურეთი საქართველოს ულამაზესი ისტორიული მხარეა, გამორჩეული ბუნებით, ღირსშესანიშნაობებით და გასაოცარი კულტურით. კავკასიონის ქედთან ახლოს მდებარე მთიანი რეგიონი გამოგზაურებთ წარსულში, დიდებულ კოშკებთან, მთის ადათებთან და უნიკალურ ძეგლებთან ერთად. ხევსურეთის სიმტკიცე, სიდიადე და გულთბილი სტუმართმოყვარეობა, თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.
კურორტები და ქალაქები ხევსურეთში
ხევსურეთის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ ხევსურეთში?
ხევსურეთი საინტერესო არჩევანია მათთვის ვისაც სურს საქართველოს უძველეს ისტორიას გაეცნოს და მათთვისაც ვისაც, ლაშქრობა და აქტიური დასვენება უყვარს. ხევსურეთის სოფლების დიდი ნაწილი გაუკაცრიელებულია. შესაბამისად, თუ სიმშვიდეს ეძებთ, ხევსურეთი შესანიშნავი არჩევანია. ისტორიის და თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ მოინახულონ შუა საუკუნეების სოფლები, შატილი, მუცო, ქაჩუს ციხე–სოფელი და როშკა.
თუ უფრო მეტად ბუნება და ლაშქრობა გიზიდავთ, აუცილებლად ეწვიეთ, ფშავ–ხევსურეთის ეროვნულ პარკს. აქ იდეალურად გაიცნობთ ალპურ ბუნებასაც და მთის ჩვეულებებსაც. უფრო ორიგინალური თავგადასავლებისთვის კი, შეგიძლიათ ლურჯი მთები და აწუნთის უღელტეხილი მოინახულოთ, საიდანაც გასაოცარი ხედებით ისიამოვნებთ.
ციხე-სახლები
ხევსურეთის ციხე-სახლები ამ კუთხის მთავარი სავიზიტო ბარათია. მიუხედავად გამოწვევებისა, მხარემ შემოგვინახა უძველესი ნაგებობები, რომლებიც ერთდროულად ასრულებდა საყოფაცხოვრებო და თავდაცვით დანიშნულებებს. მსგავსი ციხე-სახლების ნახვა ხევსურეთის ისეთ ქალაქებსა და სოფლებში შეგიძლიათ, როგორიცაა შატილი და მუცო.

კოშკები
კოშკები ხევსურული არქიტექტურის მთავარი ელემენტია. ეს შენობები ძირითადად 4-5 სართულისგან შედგებოდა და ბოლოვდებოდა ორიგინლური ფორმის სახურავით, რომელსაც კამარა ეწოდებოდა. ხევსურული კოშკებისთვის დამახასიათებელია მცირე აივნები.

ქაჩუს ციხე
ქაჩუს ციხე შუა საუკუნეების ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს, რომელიც შატილთან ახლოს მდებარეობს. უძველესი ციხე-სოფლის ნანგრევები რამდენიმე კოშკს, გალავანსა და ყოფით ოთახებს მოიცავდა, სადაც იდეალურადაა შემორჩენილი ხევსურეთისთვის დამახასიათებელი კულტურული ელემენტები.

უღელტეხილი დათვისჯვარი
დათვისჯვარი განსაკუთრებით დააინტერესებთ მათ, ვისაც ლაშქრობა და მთის ბუნება იზიდავთ. ეს უღელტეხილი კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე, 2677 მეტრზე მდებარეობს და პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, ერთმანეთთან აკავშირებს.

ლებაისკარის თამარისძეთ კვიტკირი
ლებაისკარი ხევსურეთის უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რომელიც შატილის გზაზე მდებარეობს. შუა სუაკუნეებში აგებული კოშკი, ხუთი სართულისგან შედგება. კოშკი ტრადიციული ხევსურული სახურავით - კამარით ბოლოვდება და ოთხივე მხარეს პატარა აივნები ამშვენებს.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
თუ გსურთ ხევსურეთის ბუნება დეტალურად გაიცნოთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ამისთვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, იდეალური არჩევანია. გასაოაცარ მთის ბუნებასთან ერთად, შეგიძლიათ ისიამოვნოთ საცხენოსნო, საფეხმავლო და სხვა სახის ტურებით თუ სერვისებით.

ლურჯი მთები
შატილთან ახლოს მდებარე ლურჯი მთები უნიკალური ბუნების ძეგლია, რომელიც სრულიად განსხვავებულ ემოციებს დაგიტოვებთ. კლდოვანი არაერთგვაოვანი ზედაპირის მქონე მთებისთვის დამახასიათებელია, სვეტოვანი წარმონაქმნები და მოლურჯო შეფერილობა, რომელიც მთებს კიდევ უფრო გასაოცარ სილამაზეს სძენს.

ანატორი
ანატორი ხევსურეთის შუა საუკუნეების ნასოფლარია, რომელიც მუცოსწყლის და არღუნის შესართავთან მდებარეობს. კლდოვან მთაზე გაშენებული ძველი სოფლისთვის, დამახასიათებელია ტრადიციული ნაგებობები, აკლდამები და ყოფითი ოთახები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილ იქნა გარეული ცხოველების რქები და ხელნაკეთი სამკაულები.

მუცოს ციხის კომპლქსი
მუცო საქართველოს უნიკალური სოფელია, რომელიც გამოირჩევა ხევსურეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით და ირგვლივ მდებარე ულამაზესი ბუნებით. მუცოს სოფელში შეხვდებით უძველეს ბანიან სახლებს, კოშკებს და უნიკალურ ალპურ მცენარეებს.

თებულოსმთა
4498 მეტრის სიმაღლის მწვერვალი, უნიკალური რელიეფითა და სილამაზით გამოირჩევა. ალპინისტებსითვის ის ნამდვილი გამოწვევაა, არაერთგვაროვანი ზედაპირისა და ციცაბო ფერდობების გამო, მწვერვალი რამდენიმე მდინარეს ასაზრდოებს, მათ შორის ქვახიდისწყალს და ტუღოს.

აწუნთის უღელტეხილი
აწუნთის ქედზე აგებული უღელტეხილი, ულამაზესი პანორამული ხედებითა და გასაოცარი ბუნებით გამოირჩევა. თოვლიანი მწვერვალები და ხედი ხევსურეთის მდინარეების ხეობებზე, იდეალური მარშრუტია ლაშქრობისთვის. აწუნთის უღელტეხილი ზღვის დონიდან 3431 მეტრზე მდებარეობს.
