შუა საუკუნეების ყოფითი ცხოვრება, დიდებულ ისტორიასთან და უნიკალურ კულტურასთან ერთად, იდეალურად არის წარმოჩენილი კლდეში ნაკვეთ ქალაქ – უფლისციხეში. შთაბეჭდილებები, რომლებსაც ეს ქალაქი დაგიტოვებთ განუმეორებელია. უძველესი ეკლესიები, სხვადასხვა დანიშნულების ოთახები და უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლები, უფლისციხეს საქართველოს ისტორიის სავიზიტო ბარათად აქცევს.
უფლისციხის შესახებ
უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქია, რომელიც კავკასიის ერთ–ერთ უძველეს დასახლებას და სამოქალაქო ცენტრს წარმოადგენდა. ქალაქი გორიდან 10 კილომეტრში მდებარე ქალაქი, აღიარებულია როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლი.
ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ როდის აშენდა ქალაქი უცნობია, თუმცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მასალების მიხედვით, ქალაქი ბრინჯაოს ხანაშია აგებული. შუა საუკუნეებში კი აქტიურ სამონასტრო ცხოვრებას ეწეოდა, რასაც უფლისციხის მთავარი ეკლესია მოწმობს. კონკრეტულად, ნავარაუდებია რომ ქალაქი ძვ.წ პირველი ათასწლეულიდან იქმნებოდა. თუმცა შენობების ნაწილი მე–6 და მე–7 საუკუნეებსაც განეკუთვნება.
ქალაქი ქვიშაქვების მასივზეა აგებული. თავდაცვისთვის კლდეში გაჭრილია დიდი თხრილი რომელსაც გალავანი მიუყვება. რაც შეეხება გამოყენებულ მასალას, ქვაში კვეთასთან ერთად, გვხვდება ალიზის აგურები და რუსტებიანი ქვათლილები. უფლისციხისთვის დამახასიათებელია, როგორც ვიწრო, ასევე მაგისტრალური ქუჩები. ქალაქში აღსანიშნავია, რამდენიმე ცენტრალური შენობა, მათ შორის დიდი, ნახევარწრიული დარბაზი და სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც მე–10 საუკუნეშია აგებული.

საინტერესო ფაქტები
უფლისციხეში ერთ–ერთ დარბაზს თამარის დარბაზს უწოდებენ, თუმცა აქ მეფეს არასდროს უცხოვრია.
უფლისციხის სამთავიანი ბაზილიკა საძირკვლის გარეშე, პირდაპირ კდლოვან ზედაპირზეა აგებული და გაუძლო ბევრ მიწისძვრას.
გადმოცემის თანახმად, უფლისციხის კედლების სიმტკიცისთვის გამოყენებულია კვერცხის გული, რომელიც კედლებს სიმტკიცეს ანიჭებდა.
უფლისციხეში ბევრი საიდუმლო გვირაბია.
ქალაქი მოიცავდა ისეთ უბნებსა და შენობებს, როგორიცაა სამსხვერპლო, საწნეხელო, მიუწვდომელი გამოქვაბულები და სარიტუალო ჭები.

ჩვენი რჩევები
უფლისციხის სრულად მოსანახულებლად ერთ საათზე მეტი დაგჭირდებათ. აქ ბევრი საინტერესო ოთახი და შენობაა, რომელიც ისტორიისა და მისტიური კულტურის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებთ. ასე რომ ჩაიცვით კომფორტულად, რადგან აქ ფეხით მოსანახულებელი ბევრია.
უფლისციხე იმდენად ვრცელ ვაკეზეა აშენებული, რომ ქართული ბუნების სილამაზის აღმოჩენა ნაკლებადაა შესაძლებელი. ამიტომ გირჩევთ გამონახოთ დრო და ეწვიოთ ახლოს მდებარე ატენის ხეობას, რომელიც სრულიად სხვა სამყაროში გამოგზაურებთ. თქვენ გეძლევათ შანსი, ერთდროულად მოინახულოთ კლდოვანი ველი და სუბალპური ფოთლოვანი ტყეები.