მთაწმინდის პარკი თბილისელების საყვარელი თავშეყრისა და გართობის ადგილია. პარკის ტერიტორიაზეა სხვადასხვა ატრაქციონები, საბავშვო, ექსტრემალური და ოჯახური ზონები.
ატრაქციონების გარდა მასში განლაგებულია რესტორნები და კაფეები, მაღაზიები, სარელაქსაციო ზონები, სადღესასწაულო ცენტრი და ქორწინების სახლი.პარკი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა თემატიკის ფესტივალებს, მათ შორის ღვინის, სთრით ფუდის და ა.შ.
მთაწმინდის პარკის მიმართულებით 2 მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს: #124 ავტობუსი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიიდან და # 90 ავტობუსი ორბელიანის მოედნიდან.
პარკთან დაკავშირება ხდება როგორც სამანქანე გზით (თბილისი-ოქროყანას მიმართულება) ასევე ფუნიკულიორით.
რა დრო დამჭირდება პარკამდე მისასვლელად?
თბილისის ცენტრიდან პარკამდე 7,5 კილომეტრია, რასაც საშუალოდ 12–15 წუთი სჭირდება მსუბუქი მანქანით და დაახლოებით 15–20 წუთი ავტობუსით.
ფუნიკულიორი 9 საათიდან იხსნება და მუშაობს 23:30 საათამდე. პარკი ღამის 11 საათზე იკეტება.
მთაწმინდის პარკის შესახებ
მთაწმინდის პარკში გართობა და დასვენება ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია. შაბათ-კვირას პარკის ტერიტორია საკმაოდ ხალხმრავალია. სუფთა ჰაერის, ქალაქის ხედებით ტკბობისა და ატრაქციონების გარდა, პარკში შეგიძლია დაესწრო სხვადასხვა ღინისძიებებს, მუსიკალურ საღამოებსა და გამოფენებს.
პარკში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლია ნახო მათ Facebook გვერდზე.
ატრაქციონები
მთაწმინდის პარკში თანამედროვე სტანდარტების მრავალფეროვანი ატრაქციონები დაგხვდებათ, პარკი დაყოფილია სამ -ექსტრემალურ, საბავშვო და საოჯახო ზონად. ატრაქციონების ღირებულება 1 ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს.
საბავშვო ზონა | ფასი |
---|---|
მხტუნავი კოშკი | 3 ₾ |
მფრინავი ფუტკრები | 3.5 ₾ |
პატარა მეკობრეები | 2.5 ₾ |
საბავშვო მანქანები | 3.5 ₾ |
მხიარული მატარებელი | 3.5 ₾ |
საჭყუმპალაო | 8 ₾ |
მონადირე | 2.5 ₾ |
მხიარული კარუსელი | 3.5 ₾ |
მცირე ატრაქციონები | 2.5 – 5 ₾ |
წყლის ნავები | 5 ₾ |
ექსტრემალური ზონა | ფასი |
---|---|
ამერიული მთები | 12 ₾ |
რვაფეხა | 12 ₾ |
რაფტინგი | 10 ₾ |
მეგა დაცემა | 10 ₾ |
გიროსკოპი | 6 ₾ |
საოჯახო ზონა | ფასი |
---|---|
მხიარული ბორანი | 4 ₾ |
მოჩვენებათა ციხე-კოშკი | 10 ₾ |
დიდი მანქანები | 5 ₾ |
გიგანტური ბორბალი | 10 ₾ |
გიგანტური სასრიალო | 3 ₾ |
როდეო | 5 ₾ |
ტირები | 1.5 – 3 ₾ |
ვიდეო თამაშები | 0.9 – 3 ₾ |
ბატუტი | 4 – 6 ₾ |
პარკის მატარებელი | 5 ₾ |
მოცეკვავე ხე | 5 ₾ |
ხის სამყარო | 4 ₾ |
ცხენების დოღი | 5 ₾ |
კონტაქტური ზოოპარკი | 8 ₾ |
კონტაქტური ზოოპარკი
მთაწმინდის პარკში ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილია “ფაუნალენდი” – კონტაქტური ზოოპარკი, სადაც შეგიძლიათ მოინახულოთ სხვადასხვა სახეობის ცხოველები, შეეხოთ და გამოკვებოთ ისინი.
ვიზიტის ღირებულება: 8 ₾
სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00 – 21:00
ფუნიკულიორი
ფუნიკულიორის საბაგირო რკინიგზა 1905 წელს აიგო. რკინიგზის სიგრძე 501 მეტრია. ლიანდაგის დახრის კუთხე კი, 28-33. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და ციცაბო რკინიგზაა. ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მეტრზე მდებარეობს, ხოლო სადგურებს შორის დონეთა სხვაობა – 267 მეტრია.
დედაქალაქიდან მთაწმინდის პარკამდე ყველაზე მოკლე გზით ტრანსპორტირება ფუნიკულიორით არის შესაძლებელი, ფუნიკულიორის ქვედა სადგური მდებარეობს დანიელ ჭონქაძის 22 ნომერში. ფუნიკულიორის ტრამვაის ვაგონები ყოველ 20 წუთში გადის ზედა და ქვედა სადგურიდან, მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წუთს. ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში შეგიძლიათ მოხვედრა.
კლუბი ანდერვილი
კლუბი ანდერვილი უნიკალური სივრცეა საუკეთესო ხედით ქალაქზე. ანდერვილს აქვს როგორც ღია ტერასა, ასევე დახურული სივრცე ღონისძიებებისთვის, კორპორატიული წვეულებებისთვის, კლუბური საღამოებისთვის, გამოფენებისა და კონფერენციებისთვის.
ანდერვილში ხშირად ეწყობა სხვადასხვა მუსიკალური საღამოები, რომლებიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებში. მთაწმინდის პარკის ტერიტორია, ტერასა, ხედები და სუფთა ჰაერი კარგი მუსიკის თანხლებით კიდევ უფრო სასიამოვნო გართობის საშუალებაა.
ანდერვილის ღონისძიებებისა და დაგეგმილი საღამოების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ Facebook გვერდზე.
ისტორია
მთაწმინდის პარკის ისტორია 1905 წლიდან იწყება, მაშინ როცა თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნობა, ფუნიკულიორის ტრამვაი გახისნა. ამ ადგილზე გასართობი პარკი 1938 წელს გაშენდა.
მთაწმინდის პარკი ზღვის დონიდან 770 მეტრზე მდებარეობს და დედაქალაქის ყველაზე მაღალი პარკია, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედები იშლება ქალაქზე და ამის გამო უამრავ ტურისტსა და ვიზიტორს იზიდავს. ტერიტორიის ფართობი 18 ჰექტარს აღემატება.
პარკმა ახალი სიცოცხლე 2007 წელს შეიძინა, როდესაც მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და თანამედროვე ატრაქციონებით აღიჭურვა. მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები და ინფრასტრუქტურა.
ამის შემდეგ, 2013 წელს პარკმა კვლავ განიცადა რებრენდინგი. ახალი კონცეფციით მთაწმინდის პარკი კომპლექსური გართობისა და დასვენების ადგილად იქცა, სადაც ნებისმიერი თაობის ადამიანი შეიქმნის თავის გართობის სამყაროს. პარკი აღარ არის ორიენტირებული მხოლოდ ბავშვებზე.
ხშირად დასმული კითხვები
პარკში ატრაქციონები ყოველდღიურად მუშაობს?
მთაწმინდის პარკი ღიაა ყოველდღიურად, ოთხივე სეზონზე. ცალკეული ატრაქციონების მუშაობა კი დამოკიდებულია ამინდსა და სეზონზე.
რამდენად უსაფრთხოა ატრაქციონები?
მთაწმინდის პარკი არის IAAPA-ს წევრი. პარკის ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს ატრაქციონების ტექნიკურ უსაფრთხოებასა და შესაბამისობას უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმებთან. საერთაშორისო ორგანიზაცია ყოველწლიურად ახდენს ატრაქციონების ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის სერტიფიცირებას.