კონტენტზე გადასვლა

კახეთი მზიანი ველების, მათზე გაშლილი ვენახების, შატოების, ისტორიული ციხე-ქალაქების, შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრებისა და ბუნების გასაოცარი ძეგლების მხარეა. თანამედროვე კახეთმა მის ისტორიულ წარსულსა და კულტურაზე დააშენა სრულიად ახალი და ამავდროულად ტრადიციულთან დაკავშირებული სტუმარ-მასპინძლობისა და მოგზაურობის გამოცდილება.

დასვენება კახეთში

კახეთის შესახებ

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც უკიდურესი აღმოსავლეთით, საქართველოს სასაზღვრო ზოლთან მდებარეობს. მხარის ტურისტულ პოტენციალს მისი ისტორიული წარსული, კულტურა, ტრადიციები და მრავალფეროვანი ბუნება განსაზღვრავს.

რეგიონში კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურაა. ღვინისა და ქართული ტრადიციული სამზარეულოს მოყვარულებს აქაური შატოები და ღვინის მარნები მასპინძლობს.

ეკო-ტურიზმით დაინტერესებული ვიზიტორებისთვის მოზწყობილია სალაშქრო მარშურუტები დაცულ ტერიტორიებზე.

ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სანახაობებიდან უძველესი ტაძრები, ციხე-გალავნები და ქართველ მოღვაწეთა სახლ-მუზეუმებია შემონახული.

ისტორია

კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიული ერთეულის დაარსებას, ლეონტი მროველის თხზულებაში მოტანილი ლეგენდის თანახმად, ქართველთა წინაპრის, ქართლოსის ერთ-ერთ ძეს, კახოსს მიაწერენ. მისი მიწა-წყალი იყო კავკასიონისა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ვიდრე ტყე-ტბამდე.

ისტორიულ ეპოქაში კახეთი ძვ. წ. IV-III საუკუნეებში წარმოქმნილი ქართული სახელმწიფოს – ქართლის აღმოსავლეთი პროვინცია იყო. ამ სახელმწიფოს სატახტო ქალაქს მცხეთა წარმოადგენდა.

კახეთი „ტყე იყო შეუვალი მტერისა მიერ“, ამიტომ მტრის შემოსევის საშიშროების დროს, ნაკლებად გამაგრებული სოფლებისა და ქალაქების მოსახლეობა კავკასიის მთებსა და კახეთში იხიზნებოდა. განსაკუთრებით კლდით შემოზღუდული ლოპოტის ხევი ყოფილა კარგად დაცული და მოსახლეობით სავსე.

VI საუკუნეში კახეთში მოღვაწეობდა ასურელი მამების დიდი ნაწილი: დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, და სტეფანე ხირსელი. ასურელმა მამებმა ჩაუყარეს საფუძველი სამონასტრო ცხოვრებასა და ქართულ მწიგნობრობას. დავით გარეჯელის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული ისეთი უნიკალური სამონასტრო კომპლექსის დაარსება, როგორიც დავითგარეჯის მონასტრებია.

ისტორიის მანძილზე კახეთი უბრუნდებოდა და კვლავ ეცლებოდა ერთიან ქართულ სახელმწიფოს. XVIII-XX საუკუნეების განმავლობაში კახელები აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს ისტორიული მტრების, მათ შორის რუსების წინააღმდეგ.

გეოგრაფია და კლიმატი

კახეთი მდინარეების, ივრისა და ალაზნის აუზებშია მოქცეული.მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი თელავი.

საქართველოს რეგიონებს შორის კახეთს ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია.

რეგიონის შუაგულში მდებარეობს გომბორის ქედი. ქედის ჩრდილოეთით მოედინება ალაზანი და ქმნის ალაზნის ველს, სამხრეთით კი იორი – ივრის დაბლობს.

კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებს, ქალაქ თელავსა და თუშეთს.

რეგიონს დასავლეთით ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან რუსეთი, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი.

კახეთში ტენიან სუბტროპიკულსა და კონტინენტურს შორის გარდამავალი ჰავაა. ყველაზე ნალექიანი პერიოდებია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო ყველაზე მშრალი პერიოდები კი შესაბამისად – ზამთარი და ზაფხული.

ჩრდილოეთიდან რეგიონს კავკასიონი ქედი საზღვრავს, რომლის ციცაბო ფერდობებიც ალაზნის ვაკეზე ეშვება. კახეთში მოგზაურობისას მუდამ თან გსდევთ დათოვლილი კავკასიონისა და გაშლილი, მზიანი მინდვრების შეერთების კონტრასტული და თვალისმომჭრელი პეიზაჟი.

კახეთის რეგიონში ბუნება მეტად მრავალფეროვანია. აქ გვხვდება ნახევრად უდაბოები, ფოთლოვანი, ხშირი ტყეები, სუბალპური ზონები, ვაკე-დაბლობები, მდინარეები და ტბები და სხვა.

ტრადიციები და კულტურა

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული. საქართველოში რეგისტრირებული 18 ადგილობრივი წარმოების ღვინიდან 14-ს კახეთში აყენებენ. ესენია: “წინანდალი“, “ვაზისუბანი“, “მანავი“, “კარდენახი“, “ტიბაანი“, “კახეთი“, “ნაფარეული“,”მუკუზანი“, “ქინძმარაული“, “ახაშენი“, “ყვარელი“. კახეთის ადგილობრივ და კულტივირებულ ჯიშებს შორის აღსანიშნავია: “რქაწითელი“, “საფერავი“, “მწვანე კახური“, “ქისი“, “ხიხვი“, “ბუდეშური წითელი“, “კახური მცვივანი“, “კაბერნე სოვინიონი“ (ფრანგული ჯიში), “იყალთოს წითელი“ და სხვა. კახეთში მოყვანილი ყურძნისგან როგორც ევროპული, ასევე კახური ტრადიციული წესით დაყენებული მაღალი ხარისხის ღვინოები მზადდება. ტრადიციული კახური ღვინის ტექნოლოგიას ანალოგი არ მოეპოვება მსოფლიოში. ტრადიციული კახური ჯიშების გარდა, აქ გავრცელებული ვაზის ჯიშების ყურძნისგან აყენებენ ევროპული სტილის ღვინოებსაც.

რთველს კახეთის რეგიონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იგი ადრეულ შემოდგომაზე იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ყურძნის კრეფას თან ახლავს მეღვინეობასთან დაკავშირებული ხალხური სიმღერები და სუფრა, რომელსაც დღის დასასრულს შლიან.

ამ ტრადიციას იმდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონია ქართველებისთვის, რომ ძველად ოქტომბრის თვეს ,,ღვინოსბისთვედ” მოიხსენიებდნენ.

ღვინის კულტურამ კახურ ტრადიციულ სამზარეულოშიც ჰპოვა ასახვა. მათ შორისაა ჩურჩხელა, რომელსაც ნიგვზისა და ღვინის წვენისგან დამზადებული თათარათი ამზადებენ.

კახური შოთისა (დედას პური) და ქუდის დამზადების ტექნოლოგია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია.

კახეთში გავრცელებულია ქართული ჭიდაობის უძველესი ხალხური სარიტუალო შერკინება, რომელიც ორი მოპაექრის მიერ ხშირად მუსიკის თანხლებით, სპეციალურად გამოყოფილ მოედანზე სრულდება. ქართული ჭიდაობა საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა, ის საბრძოლო ხელოვნების მნიშვნელოვანი სახეობა, ქართველი მეომრის და ქართული ლაშქრის მომზადების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო.

სამზარეულო

კახური სამზარეულო საქართველოს გასტრონომიულ რუკაზე განსაკუთრებული ადგილს იკავებს. აქ მთავარი ადგილი უჭირავს მსუყე და გემრიელ კერძებს, რომლებიც იდეალურად ერწყმის ადგილობრივ ღვინოებს. კახეთის სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით ყველს, მწვადს და თონის პურს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კახური ჩურჩხელები და თაფლი, რომლებიც უძველესი რეცეპტებით მზადდება. სტუმართმოყვარე კახელები დღემდე ინახავენ ტრადიციულ სამზარეულოს და სიამოვნებით უმასპინძლდებიან მოგზაურებს.

რთველი კახეთში

კახეთში რთველი წლის მთავარი მოვლენაა. ყურძნის კრეფა სექტემბრის პირველი ნახევრიდან იწყება და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამისათვის განსაკუთრებით ემზადებიან ადგილობრივები. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ არსებულმა ღვინის სახლებმა სპეციალური ტურებიც კი შექმნეს მათთვის, ვისაც ყურძნის დაკრეფა-დაწურვა-დაბინავებაში მონაწილეობა სურს მიიღოს.

ყურძენი ყველაზე ადრე დედოფლისწყაროში მწიფდება. სწორედ აქედან იწყება რთველი კახეთში და ყველა ქალაქსა თუ სოფელს მოიცავს.

მოსახლეობა რთველისათვის მზადებას ბევრად ადრე იწყებს. ირეცხება ქვევრები და კასრები, მზადდება მარნები. ყურძნის მოსაგროვებლად დაწნულ კალათებსა და გოდრებს იყენებენ.

რთველი დილით, ადრიანად იწყება. ამისათვის მზიან ამინდს არჩევენ. ამინდის შერჩევას ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი უფრო მეტად პრაქტიკული მიზანია – მშრალ და მზიან ამინდში მუშაობა ბევრად მარტივი და სასიამოვნოა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ყურძენი მაქსიმალურად დიდხანს გაჩერდეს მზის გულზე, რათა სათანადო სიტკბო შეიძინოს. რაც უფრო მწიფეა მტევანი, მით უფრო კარგი ღვინო იწარმოებოდა მისგან. ამიტომ ამბობენ, რომ კარგ ღვინოში ბევრი მზე არისო.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ კახეთში ?

კახეთი საქართველოს უკიდურესი აღმოსავლეთით მდებარეობს და სასაზღვრო რეგიონს წარმოადგენს. საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე დიდი ტერიტორია უკავია. რეგიონს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი.

კახეთში ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტია განვითარებული. თბილისიდან ავტომანქანით კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრამდე 2-2.5 საათი დაგჭირდებათ. თბილისიდან თელავისკენ ორი გზა მიდის – გომბორის უღელტეხილზე და გომბორის ქედის შემოვლით.

კახეთის სხვადასხვა რაიონისაკენ ავტობუსები გადიან ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან.

რატომ არის ცნობილი კახეთი?

კახეთი ცნობილია ღვინის უძველესი კულტურითა და ტრადიციებით. აქ გავრცელებულია უნიკალური ვაზის ჯიშები და ღვინის დაყენების ავთენტური ტექნოლოგია.

კახეთის ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ვაკე-დაბლობები და მთები, განაპირობებს მხარის ბიომავალფეროვნებასაც. კახეთის დაცული ტერიტორიები მდიდარია უნიკალური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით.

რა არის კახეთის ცენტრი?

კახეთის ადმინისტრაციული ცენტრია თელავი. ქალაქი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე მდებარეობს.

რა ქალაქებია კახეთში?

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტებს, ქალაქ თელავსა და თუშეთს.

კახეთის ბუნებრივი რესურსები

კახეთი მდიდარია როგორც მეტალურგიული წარმოებისათვის საჭირო ნედლეულით, ისე ნოყიერი ნიადაგებით, ტყის მასივებით, საძოვრებით და წყლის რესურსებით.

ვაშლოვნისა და ლაგოდეხის ნაკრძალების ტერიტორიაზე მასიური ტყის სახით, ცოცხლად არის გადარჩენილი მილიონობით წლის წინანდელი ხის ჯიშები, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალური მოვლენაა.