კონტენტზე გადასვლა

ომალო თუშეთის მთებში ჩაფლული თვალისმომჭრელი სოფელია. აქაურობა ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით, ფიქლით ნაგები კოშკებითა და სახლებით. დღესდღეობით ომალო ლაშქრობებისა და ექსტრემალური ტურისტული გამოცდილების მაძიებელთა საყვარელი ადგილია, რომლის მთაგრეხილებიდანაც კავკასიონის მთების, მინდვრებისა და მათ შორის ჩაწოლილი ნისლის მდინარეების ხედი იშლება. სოფელში ადგილობრივები საკუთარ კულტურას, სტუმარ-მასპინძლობასა და კულინარიას გაზიარებენ.

დასვენება ომალოში

ღირსშესანიშნაობები

მეტის ნახვა
  • თუშეთის ეროვნული პარკი - Tusheti National Park.
    თუშეთის ეროვნული პარკი
  • დიკლოს ციხე - Diklo fortess.
    დიკლოს ციხე-სიმაგრე
  • დართლო - Dartlo.
    დართლო
  • ფარშმა - Parsma.
    ფარსმა
  • თორღვას აბანო - Torghva Bath.
    თორღვას აბანო
  • კესელოს ციხე - Keselo fortress.
    კესელოს ციხე

საუკეთესო დრო სანახავად

ომალოში მოგზაურობა მაისიდან ოქტომბრამდე შეგიძლიათ. სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი ომალომდე მისასვლელი ერთადერთი დამაკავშირებელი გზის გავლა. წლის სხვა მონაკვეთში გზა ჩაკეტილია.

ომალოს შესახებ

ომალო კახეთის მხარეში მდებარე თუშეთის ყველაზე დიდი სოფელი და ადმინისტრაციული ცენტრია. აქ მოსახვედრად საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის გავლა მოგიწევთ. სოფელი ორ ნაწილად არის გაყოფილი: ძველი და ახალი ომალო. ძველი ომალო, ანუ კესელოს ციხე, XVIII ს-ის ძეგლია. 3-4 სართულიანი კოშკები უმეტესად ფიქლით, უდუღაბოდ არის ნაგები და გადახურული. ადრე მთელი სოფელი ციხის ირგვლივ ყოფილა გაშენებული. შემდეგ კი მოსახლეობა თანდათანობით დაბლა ჩასულა, იქ სადაც დღეს ახალი ომალოა.

ისტორია და ლეგენდები

ომალოს მკვიდრი მოსახლეობა საკუთარ თავს ხიზნებს უწოდებს. ზოგიერთი გვარის წარმომადგენელი ახლაც მოგიყვებათ წინაპართაგან გადმოცემულ ისტორიებს ომალოში მათი მოხვედრის შესახებ.

სოფლის მოსახლეობა დღემდე ინახავს ისტორიას ომალოს “მარიამწმინდის” ხატთან დაკავშირებით. ხატის ნიში 1903 წელს აუშენებია პეტრე მოზაიძეს. იქვე ფიჭვის დიდი ფუღურო ხე იდგა, სადაც თურმე ხატის განძეულობა ინახებოდა. ხატის ამ ხის ხელის ხლება აკრძალული იყო. ხალხური თქმულებით ერთხელ რუსის ჯარს ამ ხის ტოტის შეჭრა განუზრახავს, მაგრამ ხატს იქვე გაუშეშებიაო. ამ ხატის უკან ფიქალი კლდე იყო, რომელიც ხატის საკუთრებად ითვლებოდა და მისი დაშლა-გამოყენება იკრძალებოდა. მოზაიძეს სახლისთვის ქვა დასჭირვებია, საკლავი დაუკლავს და მარიამწმინდის ხატისთვის ნებართვა უთხოვია. მოზაიძეს სახლი აუშენებია და მადლობის ნიშნად აქ ხატის დარბაზი აუგია. გადმოცემით, ხატში დაცული იყო ლითონის თასები და ერთი სპარსული ტიპის ზარი, რომელიც შემკული იყო ვერცხლითა და ადამიანის ფიგურებით. ომალოშია ასევე ხატის ტყე, სადაც მოთავსებულია მთავარანგელოზის ხატი. თუშების რწმენით, ამ ტყეში ხის მოჭრა დაუშვებელი იყო.

არქიტექტურა

ომალოს ძეგლებს გამორჩეული არქიტექტურული სტილი ახასიათებს. ძველი სახლებისა და კოშკების ასაშენებლად ადგილობრივები ფიქალსა და ტალახს იყენებდნენ. ასევე ფიქლით იხურებოდა შენობები და ზოგჯერ მას იატაკის მოსაპირკეთებლადაც იყენებდნენ. მშენებლობაში სიმყარისთვის იყენებდნენ ხის ძელებსაც. პირველ სართულს სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა, ხოლო მეორე – საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

ზოგჯერ სახლის კედლებში სათოფურებსაც აყოლებდნენ, რათა მტრის შემოსევისას თავი დაეცვათ.

თუშები ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ, ამიტომ სახლის გვერდით შინაური პირუტყვის სადგომები ჰქონდათ აშენებული.

სოფლის განაპირას დგას XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული წისქვილი. მის შუაში, სქელი ფიცრებით მოწყობილ კონსტრუქციაზე დოლაბებია დაყრდნობილი – ქვედა და ზედა. სათავსის იატაკის ქვეშ ხისფრთებიანი ბორბალია, რომელიც ბრუნვაში მოჰყავს ხის ღარით გამოყვანილ წყალს. ნაგებობა ფიქლის ორფერდა სახურავითაა გადახურული.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ომალომდე თბილისიდან?

თბილისიდან ომალომდე დაახლოებით 200 კილომეტრია. გზის გასავლელად 7 საათი დაგჭირდებათ. ერთ-ერთი ყველაზე რთული მონაკვეთი აბანოს უღელტეხილია. 72 კილომეტრიანი გზის გასავლელად 4 საათია საჭირო. მის გადალახვას მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანით შეძლებთ.

რა სიმაღლეზეა ომალო ზღვის დონიდან?

ომალო ზღვის დონიდან 1880 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, დიდი კავკასიონისა და პირიქითა ქედებს შორის.