გერგეტის სამება საქართველოს ცნობილი ღირსშესანიშნაობა და უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია. უნიკალური არქიტექტურის გარდა, გერგეტის სამებას, მოგზაურები ულამაზესი მთის ხედების გამო სტუმრობენ, რომელიც უძველეს ეკლესიასთან და თოვლიან მყინვარებთან ერთად, გასაოცარ სანახაობას ქმნის.
თბილისიდან მანძილი, 158 კილომეტრია და მგზავრობისთვის 2 საათზე მეტი დაგჭირდებათ. თუ კერძო მანქანით არ მგზავრობთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თბილისის ავტოსადგურებიდან ყოველდღიურად გამავალი თბილისი-სტეფანწმინდის სამარშრუტო ტაქსები.
გერგეტის სამების უნიკალური მდებარეობა ისტორიულ ძეგლს კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენს. კავკასიონის დიდებულ მწვერვალებს შორის, მთაზე აშენებული უძველესი ტაძრიდან განუმეორებელი პანორამული ხედები იშლება. ბევრი ტურისტი სწორედ რომ ამ გასაოცარი ხედების გამო სტუმრობს გერგეტის სამებას. ყაზბეგის მთავარ ღირსშესანიშნაობად ქცეული სამება, ზღვიდან 2200 მეტრზე, მაღალ მთაზე მდებარეობს
ყაზბეგს ათასობით ტურისტი სტუმრობს, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში. შესაბამისად, თქვენზეა დამოკიდებული, გსურთ თოვლიანი მწვერვალების დიდებულებაში ჩაფლული ისტორიის ხილვა, თუ მწვანე მთებისა და მინდვრის ყვავილებით გაფერადებული პანორამული ხედებით სიამოვნება. ორივე სეზონზე, გერგეტის სამება გასაოცრად ლამაზია და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.
გერგეტის სამების შესახებ
გერგეტის სამების ხუროთმოძღვრული კომპლექსი შუა საუკუნეების გამორჩეული ისტორიულ-რელიგიური ძეგლია, რომელიც ყაზბეგში მდებარეობს. ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარე გუმბათოვანი ტაძარი კავკასიონის თოვლიან მყინვარებს შორისაა აგებული, და მისი ეზოდან განუმეორებელი პანორამული მთის ხედები იშლება.
გერგეტის სამება მოიცავს მთავარ გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოსა და გალავანს. მთავარი ტაძარი მე-14 საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული, ხოლო სამრეკლო ამავე საუკუნის მეორე ნახევარში. საბჭეო მე-15 საუკუნეში აიგო. ძეგლს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.
ისტორია
მიუხედავად იმისა, რომ სამება შუა საუკუნეებში აიგო, მისი ისტორია ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისს უკავშირდება. თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით, სწორედ ამ ადგილას აღმართა ანდრია მოციქულმა ჯვარი, ხოლო შემდგომში წმინდა ნინომ. ამავე ფაქტის საფუძველზე, გადმოცემის თანახმად, ტაძრის აშენების ინიციატივა ვახტანგ გორგასალმა გამოთქვა. თუმცა ჩვენამდე მოღწეული ნაგებობა მე-14 საუკუნეს განეკუთვნება. ტაძრის შიდა მხატვრობა კი, მე-16 საუკუნეს.
თავდაპირველად, ტაძარი ფერისცვალების სახელობის იყო. გერგეტის სამების ისტორიული როლი, კი უკავშირდება ხელნაწერს “მოსახსენებელი სულთაი” რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს საქართველოს ისტორიის შესახებ.
გერგეტის სამება ლეგენდა
გერგეტის სამებაზე ყველაზე ცნობილი ლეგენდა მისი აშენების პერიოდს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ვერ გადაეწყვიტათ, სად აეშენებინათ ტაძარი. მცხეთაში, ერთმა ბერიკაცმა, კი მეფეებს მოახსენა, რომ დაეკლათ ფურ-ბერწი და მისი მენჯის ნაწილი, სოფლის ბოლოს დაეგდოთ.
შავი ყორანი მოფრინდებოდა და სადაც სამგორველს წაიღებდა და მიიტანდა, იქ აეგოთ ტაძარი. ყორანი მართლაც მოფრინდა და სამგორველი წაუღია. ჯერ ანანურში წასულა, შემდეგ კი გერგეტში, სამების მთაზე დაუდია. სწორედ ასე გადაწყდა სამების აშენების ადგილიც.
გერგეტის სამება ტურები
გერგეტის სამებაზე ტურები საკმაოდ ხშირად ინიშნება, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ამ დროს უფრო კომფორტულია მოინახულოთ სამებასთან მდებარე სხვა ღირსშესანიშნაობებიც და ისიამოვნოთ ულამაზესი მწვანე და თოვლიანი მთების პანორამული ხედებით.
ტურების დიდი ნაწილი თბილისიდან ინიშნება. არის როგორც ერთდღიანი ტურები, რომლებიც მხოლოდ გერგეტის სამების მონახულებას მოიცავს და ასევე 2-3 დღიანი ტურები სადაც ყაზბეგის სხვა ღირსშესანიშნაობების ნახვაც შედის. ძირითადად, გერგეტის სამების ტურებით სარგებლობისას, შესაძლებლობა გეძლევათ მოინახულოთ გუდაურის გადმოსახედი, ანანურის კომპლექსი, დარიალის სამონასტრო კომპლექსი და სნოს ციხე.
საინტერესო ფაქტები
გერგეტის სამებაში ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი.
გერგეტის სამება ისტორიულად ცნობილია, როგროც “მცხეთის სამკაულის” სახიზარი.
გერგეტის სამებაში იწერებოდა “მოსახსენებლი სულთაი,” სადაც საქართველოს და ხევის ისტორიაა აღწერილი.
ჩვენი რჩევები
თუ გერგეტის სამების მონახულებას ზამთარში გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ დიდთოვლობის გამო, ხშირად სამანქანო გზა დაკეტილია და კერძო მანქანით ვერ გადაადგილდებით. ამავე მიზეზის გამო, გერგეტის სამებას მოგზაურების დიდი ნაწილი ზაფხულობით სტუმრობს.
გირჩევთ, არ გაუშვათ შანსი და გადაიღოთ რაც შეიძლება მეტი ფოტო. ხედი გერგეტის სამებიდან განუმეორებელია. კავკასიონის თოვლიანი მწვერვალები, მწვანე მთებთან და უძველეს ისტორიულ ძეგლთან ერთად, განუმეორებელი ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გაძლევთ. სამებასთან ახლოს მდებარე ძეგლების მონახულებით, კი თქვენი მოგზაურობა შეგიძლიათ კიდევ უფრო სასიამოვნო გახადოთ.
ხშირად დასმული კითხვები
ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე მდებარეობს გერგეტის სამება?
გერგეტის სამება ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს.
შეგვიძლია მყინვარწვერის დანახვა გერგეტის სამებიდან?
დიახ, მყინვარწვერის საუკეთესო რაკურსით დანახვა სწორედ რომ გერგეტის სამებიდან შეგიძლიათ.
ღიაა თუ არა გერგეტის სამებასთან მისასვლელი გზა?
ამჟამად სამებასთან მისასვლელი ახალი გზა დაკეტილია და როდის გაიხსნება კვლავ, არ არის ცნობილი. შესაბამისად სამანქანო გადაადგილებისთვის, დროებით ძველი გზით უნდა ისარგებლოთ.