კონტენტზე გადასვლა

დარიალის სამონასტრო კომპლექსი თანამედროვე ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლია. რუსეთ–საქართველოს საზღვართან აგებული დახვეწილი არქიტექტურის მონასტერი, უშუალოდ ხაზს უსვამს ქართული ერის პატრიოტიზმს, სიმტკიცეს და ამასთან, უამრავი ადგილობრივი თუ უცხოელი მოგზაურის ინტერესის სფეროში ხვდება.

სამონასტრო კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 10 კილოომეტრში, რუსეთ–საქართველოს საზღვართან მდებარეობს.

თბილისიდან 162 კილომეტრში მდებარეობს და სამონასტრო კომპლექსამდე მანქანით მისასვლელად, დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ.

დარიალის სამონასტრო კომპლექსის მდებარეობა მის მნიშვნელობას საქართველოსა და ქართველების წინაშე ორმაგად ზრდის. მცხეთა–მთიანეთის ისტორიულ რეგიონში აგებული უახლესი კომპლექსი, სტეფანწმინდაში, იგივე ყაზბეგში, ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში მდებარეობს. ტაძრები რუსეთ–საქართველოს საზღვართანაა აგებული. კომპლექსის შესასვლელი საზღვრის გამშვები პუნქტიდან, რამდენიმე ათეული მეტრითაა დაშორებული. შესაბამისად, ტაძრის ეზოდან გარკვევით დაინახავთ რუსეთის ტერიტორიასაც. კომპლექსი ყაზბეგის დიდებულ მთებს შორისაა მოქცეული. კლდოვანი მთების ახლო ხედი კი კომპლექსში შემავალ ეკლესიებს კიდევ უფრო გასაოცარს ხდის.

დარიალის სამონასტრო კომპლექსის შესახებ

დარიალის სამონასტრო კომპლექსი არა მარტო ხურთმოძღვრებისთვის მნიშვნელოვანი შედევრი, არამედ მკვეთრად გამოხატული გეოპოლიტიკური სიმბოლოა საქართველოსთვის. მისი მდებარეობა, კომპლექსის ირგვლივ არსებული ულამაზესი ბუნება და ეკლესიათა გასაოცრად დახვეწილი არქიტექტურა, სამონასტრო კომპლექსს კიდევ უფრო განსხვავებულსა და უნიკალურს ხდის.

ეს არის სამონასტრო კომპლექსი, რომლის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და მისი კურთხევა, საქართველოს კათალიკოსის, ილია მეორის მიერ ოფიციალურად, 2011 წელს მოხდა. სამონასტრო კომპლექსის გეგმაში 12 ტაძრის მშენებლობა შედის. ქვეყნის უკიდურეს, ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე ტაძარი და ეკლესიები ყაზბეგის ულამაზეს მთებს შორისაა მოქცეული, რაც ძეგლს კიდევ უფრო მეტ დიდებულებას სძენს. გასაოცარი მთის ხედებით, ულამაზესი ეზოთი და დახვეწილი თლილი ქვის ელემენტებით, დარიალის სამონასტრო კომპლექსი, ერთ–ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა ყაზბეგში.

არქიტექტურა

დარიალის სამონასტრო კომპლექსი გამორჩეული არქიტექტურული ელემენტების მქონეა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლად აშენებული ხუროთმოძღვრული ძეგლია, კვლავ იმეორებს ძველებური სტილის არქიტექტურას, როგორც მასალაში, ასევე ტაძრის გარე ფასადის ელემენტებში. განსხვავება მხოლოდ შიდა ფასადშია, რომელიც ძველი ეკლესიებისგან განსხვავებით, ბევრად მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი და ორიენტაცია ხატწერის ნიმუშებზეა გაკეთებული.

სამონასტრო კომპლექსს გარს აკრავს გალავნის ტიპის შენობა, რომელიც ორივე მხარეს ძველებური სტილის მქონე კოშკებით ბოლოვდება. გალავნის შუა ნაწილი ნახევარწრიული მოხაზულობისაა და მის ცენტრში აგებულია მთავარი ტაძარი, რომელიც წმინდა მთავარანგელოზთა სახელობისაა. ტაძრის გვერდით კი აგებულია სამრეკლო, ღია ტიპის სარკმლებიანი გუმბათით.

საინტერესო ფაქტები

  • დარიალის სამონასტრო კომპლექსის რუსეთის საზღვართან აგება, კათალიკოსის თქმით, იყო სიმბოლო მშვიდობიანი ცხოვრებისა და დამოუკიდებლობის ურთიერთპატივისცემისა.

  • სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა ჯერ კიდევ არაა დასრულებული და ის დარიალის ხეობაში, ჯამურად 12 ეკლესიის აშენებას მოიცავს.

გერგეტის სამება - gergetis sameba.

ჩვენი რჩევები

დარიალის სამონასტრო კომპლექსი გამორჩეული ფოტოების გადაღების შესაძლებლობას გაძლევთ. ტაძრის ეზოდან შეგიძლიათ განუმეორებელი და ძალიან ახლო მთის ხედებით ისიამოვნოთ. კლდოვანი მთები, ნისლში გახვეული მარადმწვანე ტყით, განუმეორებელ პეიზაჟს ქმნის. შესაბამისად, მოიმარჯვეთ კამერა და ისიამოვნეთ უნიკალური ხედებით.

ჩვენივე გამოცდილებით ასევე გირჩევთ არ დიაზაროთ და მოაწყოთ მცირე ტური დარიალის ხეობაში, რომელიც უნიკალური გამოცდილება იქნება და გაამრავლაფეროვნებს თქვენს მოგზაურობას. განსხვავებული ალპური ბუნება და ულამაზესი ბუნების ძეგლები გასაოცარი სალაშქრო თავგადასავლების შექმნის შესაძლებლობას გაძლევთ. ასე რომ ჩაიცვით კომფორტულად და გაილაშქრეთ ულამაზეს ხეობაზე.