კონტენტზე გადასვლა

სამცხე-ჯავახეთი გამორჩეული მხარეა თავისი კონტრასტული ლანდშაფტებით, კურორტებით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, კულტურითა და სამზარეულოთი. რეგიონში 170-ზე მეტი ტურისტული ლოკაციაა. თუკი შთაბეჭდილებებისა და თავგადასავლების მაძიებელი ხართ, სამცხე-ჯავახეთი თქვენს ცნობისმოყვარეობას ნამდვილად დააკმაყოფილებს.

რა ვნახოთ სამცხე-ჯავახეთში?

სამცხე-ჯავახეთი, განსაკუთრებით კი ჯავახეთის ვულკანური პლატო, მდიდარია ტბებით. ფარავნის ტბა ნინოწმინდაში, ზღვის დონიდან 2070 მეტრზე მდებარეობს. აღსანიშნავია ასევე ტაბაწყურის, საღამოსა და კარწახის ტბები.

რეგიონის ტერიტორიაზე ორი ეროვნული პარკია – ბორჯომ-ხარაგაულისა და ჯავახეთის ეროვნული პარკები.

მხარის კურორტები როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს. მათ შორის გამორჩეულია აბასთუმანი, ბაკურიანი და ბორჯომი.

ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობაა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ხერთვისის ციხე, საფარის მონასტერი და განახლებული რაბათის კომპლექსი.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას პრეისტორიული ხანიდან ოტომანთა დინასტიის მმართველობამდე, მხარის ისტორიულ მუზეუმში გაეცნობით, რომელიც რაბათის ციხეში მდებარეობს.

ბორჯომი

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის აღმოსავლეთით. ბორჯომის წყალი უნიკალურია. ის მდიდარია ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტებით და უამრავი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ბორჯომის ქალაქი და პარკი -  Borjomi city and park.

ბაკურიანი

ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო-სათხილამურო კურორტია, თუმცა აქ საზაფხულო დასვენებისთვისაც იდეალური პირობებია. ბაკურიანის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე გაშენებულია ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი, სადაც კავკასიის მაღალმთიანეთის ალპურ მცენარეთა მდიდარი კოლექციაა თავმოყრილი.

ზამთრის შალეები ბაკურიანში - Winter chalets in Bakuriani.

აბასთუმანი

აბასთუმანი თითქმის მთლიანადაა დაფარული ფიჭვნარით, რომელიც ყვავილობის დროს ფილტვებისა და ბრონქების უებარი სამკურნალო საშუალებაა.

საყოველთაოდაა აღირებული აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც. მათ იყენებენ სხვადასხვა დაავადებების მკურნალობისთვის.

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ზამთარში - Abastumani astrophysical observatory in winter.

ლიკანი

კურორტი ლიკანის ძირითადი სამკურნალო საშუალებაა მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და ბალნეოლოგიური სამკურნალო პროცედურებისთვის. XIX საუკუნეში აქ გაშენდა პარკი, რომელშიც მდებარეობს რომანოვების რეზიდენცია, მოზაიკით მოპირკეთებული აუზები, დარგულია სხვადასხვა ჯიშის ხეები.

სასტუმრო ბორჯომი ლიკანი და SPA - Hotel Borjomi Likani Health & Spa Centre.

ცემი

ცემი მთის კლიმატური კურორტია, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე. გარშემორტმული მთები შემოსილია წიწვოვანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი). მაისის დასაწყისიდან აქ ფიჭვის ყვავილობა იწყება, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა სასუნთქი გზების მკურნალობისა და გაჯანსაღებისთვის.

ცემი - Tsemi.

ასპინძა

სახელწოდება “ასპინძა” სპარსულია და ნიშნავს სასტუმროს, დასასვენებელ ადგილს. როგორც ჩანს ამ ადგილის თერმული და სამკურნალო წყაროების შესახებ ჯერ კიდევ ძველ დროში იყო ცნობილი. თერმული წყლები დადებითად მოქმედებენ საყრდენ-მამოძრავებელ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებზე.

ზედა ვარძია - Zeda Vardzia.

ახალციხე

ახალციხე არაერთ კულტურულ-ისტორიული ძეგლს ინახავს ქალაქის შუაგულში. აქ მდებარეობს რაბათის ციხეანსამბლი, სარგის ჯაყელის ციხე-კოშკი, ციხის ეკლესია, სასახლე, აბანო, ქარვასლა, თამარ მეფის ძეგლი და გვიანდელი შუა საუკუნეების სხვა ნაგებობები.

რუსული და მუსლიმური სალოცავები რაბათის ციხეში - Russian and Muslim temples in Rabati Castle.

ვანის ქვაბები

ვანის, იგივე ვაჰანის ქვაბები გამოქვაბულების კომპლექსი და უდაბნო-მონასტერია

აქ 200-მდე კლდეში ნაკვეთი გამოქვაბული და სხვადასხვა დროის ეკლესიებია. კედლებზე წარწერებია, მათ შორის არის “ვეფხისტყაოსნის” ორი სტროფი - პოემის ხელნაწერის ყველაზე ადრეული ნიმუში.

ვანის ქვაბები - Vanis Kvabebi.

ხერთვისის ციხე

ხერთვისის ციხე საქართველოში შემორჩენილ ციხეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახულია. შემორჩენილია ციხიდან მდინარისპირას ჩამავალი გვირაბი, 20 მ სიმაღლის კოშკი ციხესიმაგრის ცენტრში. ლეგენდის თანახმად, ხერთვისის ციხე ალექსანდრე მაკედონელს მოუნახულებია.

ხერთვისის ციხე - Khertvisi fortress.

მესხური დარბაზები

მესხური დარბაზი წარმოადგენს ოთხკუთხა ძელებით კონუსურად ამოყვანილი გვირგვინის გადახურვის სისტემას. გვირგვინის ცენტრში ღიობია (ერდო), საიდანაც სინათლე და ჰაერი შემოდის, გარეთ კი კერაზე დანთებული ცეცხლის კვამლი გადის. ყველაზე დიდი და უკეთ შემორჩენილი დარბაზი საროში მდებარეობს.

მესხური დარბაზები - Meskhur room.

ბორჯომის ეროვნული პარკი

ბორჯომის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი პარკია ევროპაში. წარმოდგენილია მეტად მრავალფეროვანი ეკოსისტემები, შენახული ტყის ჰაბიტატებით, იშვიათი ფლორითა და ფაუნით. უხვადაა ისტორიული ძეგლები. შექმნილია ტურისტული ბილიკები.

ბორჯომის ეროვნული პარკი - Borjomi National Park.

ფარავნის ტბა

ფარავნის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სარკის ფართობით იგი ქვეყნის ყველაზე დიდი ტბაა. გაზაფხულზე და ზაფხულში ტბის გარშემო ულამაზესი ალპური ყვავილები ხარობს. ზამთარში ტბის ზედაპირი გაყინულია და საოცრად ეგზოტიკურ სანახაობას ქმნის.

ფარავნის ტბა ზამთარში - Paravani lake in winter.

ტაბაწყურის ტბა

ტბა ტაბაწყური წყლის მოცულობით უდიდესია საქართველოში. ზამთარში ტბა სამი თვე გაყინულია. მის გარშემო სოფელი ტაბაწყური და მოლითია გაშენებული. სოფელი ტაბაწყური ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რაც ამ ადგილს კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის.

ტაბაწყურის ტბა და სოფელი - Tabatskuri lake and village.

მთა დიდი აბული

დიდი აბულის მთის ფერდობები აპური მდელოებითაა შემოსილი. აქედან ჯავახეთის თვალისმომჭრელი ხედები იშლება. მთა და მისი საფარი განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ზაფხულზე, როცა მინდვრები დამახასიათებელი მცენარეებით იფარება.

მთა დიდი აბული - Mountain Didi Abuli.

შაორის ზედა ციხე

შაორის, იგივე ქოროღლის ციხე ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება. ციხე ქოროღლის მთის წვერზე მდებარეობს. აქედან მოსჩანს სამსარისა და ჯავახეთის ქედები და ტბა ფარავანი მის მთელ პერიმეტრზე.

შაორის ციხე - Shaori fortress.

მთა სამსარი

მთა სამსარი ჩამქრალი ვულკანია. ვულკანური კონუსის შიგნით მდებარეობს 3 კმ დიამეტრის მქონე კალდერა, რომლის ფსკერზეც მოქცეულია პატარ-პატარა ტბები. მთა თითქმის მთლიანად მოკლებულია ნიადაგ-მცენარეულ საფარს.

მთა სამსარი - Mountain Samsari.