კონტენტზე გადასვლა

ლეჩხუმი ულამაზესი ბუნებითა და საინტერესო ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა. ცამდე აწვდილი მთები, მდინარეები და ჩანჩქერები, ფერდობებზე შეფენილი ვენახები და ვრცელი ხედები გულგრილს არავის ტოვებს. მხარის მარგალიტი, სოფელი ლაილაში და ხვამლის მთა ვიზიტორებს გასაოცარი სილამაზითა და ბუნებით ხიბლავს.

კურორტები და ქალაქები ლეჩხუმში

ლეჩხუმის ჩანჩქერები

რა ვნახოთ ლეჩხუმში?

ლეჩხუმი მთა-გორიანი მხარეა. მისი სოფლები შორიდან მთის კალთებზე შეფენილ ცხვრის ფარებს მოგაგონებთ. ყოველ კუთხეში, საითაც არ უნდა მიმოიხედოთ, ბუნების გასაოცარი ხედები დაგხვდებათ.

ლეჩხუმის მონახულება მისი მშვენიერი სოფლებით უნდა დაიწყოთ – ჭრებალო, ტვიში, ლაილაში, ჭყვიში და ა.შ. თუ დასვენებას გამაჯანსაღებელი და სამკურნალო ფუნქციაც გსურთ დაუმატოთ, აქაურ კურორტებს – ახალჭალასა და ლაშიჭალას ესტმრეთ.

შემორჩენილია შუა და შედარებით გვიანი საუკუნეების ისტორიული ციხე-სიმაგრეების ნანგრევები: ორბელის, ზუბისა და მურის ციხეები.

ლაშქრობის მოყვარულთათვის ალპანას ხეობა, ქულბაქისა და ლებარდეს ტბები და ხვამლის მთა სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ასევე მრავლადაა ჩანჩწერები: ლახეფას, ღვირიშის, ოფიტარასა და რაჩხის.

ცაგერის მუნიციპალიტეტში მხარის ისტორიული მუზეუმის დათვალიერება შეგიძლიათ.

ლეჩხუმის მდინარეები

ლეჩხუმის ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი მდინარე, ცხენისწყალი და რიონი გაივლის. სწორედ ცხენისწყალზეა გაშენებული ქალაქი ცაგერი.

მცირე ზომის მდინარეებიდან აღსანიშნავია ლაჯანურა, ლეუშერი, ლუხუნი, ხეორისწყალი, რიცეულა, ჯონოულა, საკაურა. მათი უმრავლესობა სათავეს ლეჩხუმის ქედიდან იღებს, საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.

ლეჩხუმის სოფლები

ლეჩხუმი მოიცავს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებს – აპანა, ლაილაში, ტვიში, ზედა აღვი, ლახეფა და სხვა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებს – დერჩი, დღნორისა, მექვენა, ბეთქოულა, ლეხიდრისთავი, ჩორთისა, საჩხეური, ჭაშლეთი, ვანისჭალა, ონჭეიში და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჭყვიში, ჭრებალო, ღვარდია, ჟოშხა, გენდუში, ქვიშორი.

ხვამლის ეკლესია

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ხვამლის მთის წვერზე. დღევანდელი ნაგებობა აშენებულია 1910 წელს, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ხვამლი ლეჩხუმის უმთავრესი სალოცავი ადგილი იყო. მის შესახებ არაერთი ლეგენდაა შექმნილი.

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი - Khvamli St George Church Complex.

ქულბაქის ტბები

ქულბაქის ტბები სოფელ ქულბაქში, ერთმანეთისგან ნახევარი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მწვანე და ბაბუშკინოს ტბებზე მოხვედრა შესაძლებელია მანქანითაც. ტბებთან ხის კოტეჯები და საპიკნიკე ადგილებია მოწყობილი.

მწვანე ტბა ზაფხულში - Green lake in summer.

ზუბის ციხე

ზუბის ციხე მთებით გარშემორტყმულ ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზეა აგებული. სამი მხრიდან მდინარე საზღვრავს და მხოლოდ აღმოსავლეთიდან აქვს მისასვლელი. შემორჩენილია ციტადელისა და საბრძოლო კოშკის ნანგრევები.

ზუბის ციხე - Zubi castle.

მურის ციხე

მურის ციხე უზარმაზარი ქვებით ნაშენები სიმაგრეა კლდოვან თხემზე. ციხეზე შემორჩენილია ოთხი კოშკი და გალავნის ფრაგმენტები. ციხე თარიღდება ადრე შუა საუკუნეებით. ტერიტორიაზე სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობების კვალია.

მურის ციხე მთის ფონზე - Muri Fortress with a mountains in the background.

ორბელის ციხე

ორბელის ციხე მდინარე ლაჯანურის ხეობას გადმოჰყურებს. კედლებზე შეინიშნება ძველი მოხატულობის კვალი. შემორჩენილია წყლის რეზერვუარის ნაშთი. ადრე აქ ეკლესია უნდა მდგარიყო, სადაც ციხის სიძველეები ინახებოდა.

მწვანე თეატრი

მწვანე თეატრი ღია ცის ქვეშაა მოწყობილი, სადაც შესაძლებელია კონცერტის ჩატარება, წვეულების მოწყობა, არის ბუხარიც. თეატრიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს ჩანჩქერი,იდეალური ადგილია ფოტოსესიისთვის.

მწვანე თეატრი - Green Theatre.

საირმის სვეტები

საირმის სვეტები კლდოვანი მასივია, რომელიც ათასწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. საფეხმავლო ბილიკი გვერდს უვლის სვეტებს, სერპანტინებით ადის ტყეში აღმართზე და მთავრდება მთის წვერზე, საიდანაც საირმის სვეტების შთამბეჭდავი ხედი იშლება.

ხედი საირმის სვეტებზე - View of Sairme pillars.

ლებარდეს დიდი და პატარა ტბა

ლებარდეს ტბები გვირას ქედის დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს. ლეჩხუმიდან ტბებამდე ფეხით გასავლელი მანძილი 21 კილომეტრია. მთის კალთაში ჩაწოლილი ტბები გასაოცარი სანახავია.

ლებარდეს ტბა - Lebarde lake.

ასხის მასივი

ასხის მასივზე მრავლადაა მღვიმეები და გამოქვაბულები, სუბალპური და ალპური მდელოები, ტბები. მოწყობილია სალაშქრო ბილიკები, რომელიც სოფელი ზუბიდან იწყება და ქულბაქის ტბებამდე მიდის.

ასხის მასივი - Askhi Massif.

ლაილაშის “Secret Pool”

ლაილაშის აუზი და ოქრონაშის წყარო ლეჩხუმის სავიზიტო ბარათად და ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ტურისტულ მარშრუტად იქცა. აუზიდან ლეჩხუმის გასაოცარი ხედები იშლება, თითქოს მთებს ზემოდან დაჰყურებთ. თუ გსურთ მოგზაურობიდან შთამბეჭდავი ფოტოები დაგრჩეთ, ამ ადგილს აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

ლაილაშის აუზი - Lailashi pool.

ლაილაშის სინაგოგა

ლაილაში მრავალეთნიკური სოფელი იყო. აქ დღემდე არსებობს სინაგოგა, რომელიც რეაბილიტირებულია და სოფლის ცენტრში დგას. ეს სოფელი ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით; ლაილაშის ბიბლია X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ბიბლიაა, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ლაილაშში

ლაილაშის სინაგოგა - Lailashi Sinagogue.

თეკენთერის ჭა

თეკენთერის ჭა კარსტული სიღრუეა ასხის მასივზე. სიღრმე 16 მეტრია, ფსკერის ფართობი 35 მ². ჭა ებმის სანახევროდ წყლით ამოვსებულ ჰორიზონტალურ გვირაბს. გვირაბში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ დიდი წიფლის ფუღუროდან.

თეკენთერის ჭა - Tekenteri well.