ბახმარო საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული კურორტია, რომელიც გურიაში, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარეობს. იგი გამოირჩევა სამკურნალო თვისებების მქონე კლიმატით, რომელსაც ბახმაროს ირგვლივ არსებული ნაძვნარი ქმნის.
სპეციფიური არქიტექტურის, ულამაზესი ბუნებისა და საოცარი კლიმატური თვისებების გამო, ზაფხულსა თუ ზამთარში, კურორტი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია.
ბახმაროს ღირსშესანიშნაობები
ბახმარო ზამთარში
მიუხედავად იმისა, რომ ბახმარო 1920–იან წლებში ოფიციალურად გახდა კურორტი, სულ რაღაც რამდენიმე წელია, რაც ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა ისეთი პირველადი საჭიროებები, როგორიცაა დენი და გაზი. მიუხედავად იმისა, რომ კურორტი მეტ ნაკლებად აკმაყოფილებს კომფორტის მაღალ მოთხოვნებს, ის პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა ზამთრის სპორტის მოყვარულებისთვის და არამარტო.
ბახმაროს უნიკალური რელიეფი ექსტრემალისტებს აძლევს საშუალებას ისრიალონ თხილამურებით გაუკვალავ თოვლში, რომლის სიმაღლე საშუალოდ 5–6 მეტრს აღწევს. სწორედ ეს გამოარჩევს ბახმაროს ზამთრის სეზონზე და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის უცხოელი თუ ქართველი ტურისტებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ წელს, ზამთარში ბახმაროს სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ტურისტი სტუმრობს.
ბახმაროს ისტორია
კურორტი ბახმარო 1890–იან წლებში აღმოაჩინეს. ჰავის უნიკალური სამკურნალო თვისებებიდან გამომდინარე, მისი კურორტად მოწყობა, აღმოჩენისთანავე დაიწყო. 1923 წელს, ბახმაროს უკვე ოფიციალურად ჰქონდა კურორტის სტატუსი. მთავარ სეზონად კი ზაფხულის პერიოდი მიიჩნევა, რომლის კულმინაცია 19 აგვისტოსაა და სრულდება ტრადიციული დოღით.
რაც შეეხება სახელის წარმოშობას, ამასთან დაკავშირებით ორი მოსაზრება არსებობს. ლეგენდის თანახმად ბახმარო, ქალის, სახელად მაროს ტრაგიკულ ისტორიას უკავშირდება, რომელიც თურქებმა მოიტაცეს და მდევრების გამო, ხანჯლით მოკლეს. ქვაზე კი სისხლით დაწერეს “ბახ მარო,” ანუ “ნახეთ თქვენი მარო.” მეორე მოსაზრების მიხედვით, კი სახელი სვანურ ენას უკავშირდება სადაც “მარო” ითარგმნება როგორც კაცი, ხოლო “ბახ,” გადასასვლელი.
ხშირად დასმული კითხვები
რა ღირს ბახმაროში დასვენება?
ბახმაროში დასასვენებლად რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება მოგიწევთ. პირველია ტრანსპორტირების ხარჯი. დიდთოვლობის გამო, შეიძლება თოვლის მანქანის ქირაოაბა მოგიწიოთ, რომელიც ჩოხატაურშია ხელმისაწვდომი.
რაც შეეხება საცხოვრებელს, შეგიძლიათ იქირაოთ კოტეჯი ან დაისვენოთ სასტუმროში. დამსვენებელთა დიდი ნაწილი ხის კოტეჯებს ანიჭებს უპირატესობას. მათი ფასები ადგილმდებაროების, სეზონისა და პირობების მიხედვით განსხვავებულია. ფასები შედარებით დაბალია აპრილი–მაისისა და ოქტომბერი – ნოემბრის პერიოდში, როდესაც კურორტი დამსვენებლების სიმცირეს განიცდის.
საშუალოდ ერთი ღამის კოტეჯში გატარება 120 ლარი ღირს, სადაც პირველადი სახის კომფორტი დაგხვდებათ (ძირითადი ავეჯი). გაითვალისწინეთ, რომ ასეთ კოტეჯებში სველი წერტილები გარეთაა და ხშირ შემთხვევაში საერთოა. სრული კომფორტისთვის კი დღიურად 400 ლარის გადახდა მოგიწევთ. ასეთი კოტეჯები კომფორტულად არის მოწყობილი, ინდივიდუალური სველი წერტილებით და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილი.
რა განსხვავებაა ბახმაროსა და გომისმთას შორის?
ბახმარო, ისევე როგორც გომისმთა გურიაში მდებარე კურორტული ზონებია, მსგავსი კლიმატური თვისებებით, რელიეფით და დამახასიათებელი არქიტექტურით. თუმცა გომისმთა ჯერ კიდევ არაა უზრუნველყოფილი გამართული სამანქანო გზით, ელექტრო გაყვანილობისა და წყლის სისტემებით. ასევე მცირეა მოსახლეობის რაოდენობა და დაბინავების ერთადერთი საშუალება კემპინგია.