კონტენტზე გადასვლა

მტკვრისა და არაგვის შესართავთან გაშენებული უძველესი ქალაქი მცხეთა განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დატვირთვას ატარებს ქართველებისთვის. ძველად იგი ქართველ მეფეთა სატახტო ქალაქს წარმოადგენდა. თავისი სიწმინდეებითა და მონუმენტებით მცხეთა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ისტორიული და რელიგიური ცენტრია.მცხეთის საკულტო ნაგებობებიდან გამორჩეულია სვეტიცხოველი, რომელიც შუა საუკუნეების ქრისტიანული არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის.

რა ვნახოთ მცხეთაში?

მცხეთის ისტორიული ნაწილი და სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია ტურისტთა მთავარი თავშეყრის ადგილია. ქალაქის განახლება და რეაბილიტაცია 2008 წელს დაიწყო. მოწესრიგდა შენობების არქიტექტურული სახე, ქუჩები ქვაფენილით დაიფარა, ხოლო ღობეები ქვის, აგურისა და ხის მასალით ხელახლა აშენდა. განახლებული ქალაქის იერსახე ხაზს უსვამს მცხეთის სიძველესა და ისტორიულ წარსულს. ამით დამთვალიერებლებს მისი ხილვით მიღებულ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო უმძაფრებს. მცხეთას ისე ვერ ჩაუვლით, ჯვრის მონასტრისა და სვეტიცხოვლის ტაძრებს რომ არ მოჰკრათ თვალი. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვან მთაზე აგებულ ჯვრის მონასტერს ჯვრის ფორმა აქვს, რაც იშვიათობაა ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში.

სვეტიცხოველი ისტორიულ ტაძართაგან ყველაზე დიდი ნაგებობაა საქართველოში. ხოხბის ყელისფერი სვეტიცხოველი ქალაქის ნამდვილი სამშვენისია.

მცხეთაში და მის შემოგარენში აუცილებლად სანახავი ადგილების ჩამონათვალში შედის შიომღვიმისა და სამთავროს მონასტრები, ქსნის, ნიჩბისის, არმაზისა და ბებრისციხე, ზედაზენი და პომპეუსის ხიდი.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლი და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარი საკათედრო ტაძარია. ტაძრის სახელწოდება უკავშირდება ლეგენდას, რის მიხედვითაც, ქრისტეს კვართის დაკრძალვის შემდეგ ამ ადგილას ამოსულა კვიპაროსი, იგი მოუჭრიათ და მისი სვეტებისაგან აუგიათ ტაძარი.

სვეტიცხოველი - Svetitskhoveli.

ჯვრის მონასტერი

მცხეთას აღმოსავლეთიდან დაჰყურებს ჯვრის მონასტერი. იგი VI საუკუნით თარიღდება. მის კედლებზე არსებული ასომთავრული წარწერები, ბოლნისის სიონის ტაძრის წარწერების შემდეგ, ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშია.

ჯვრის მონასტერი - Jvari Monastery.

სამთავროს მონასტერი

სამთავროს მონასტერი და მის გარშემო გაშენებული ბაღი ნამდვილ წალკოტს მოგაგონებთ. ძველად აქ სამეფო ბაღი ყოფილა და მონასტრის დედები დღემდე განსაკუთრებულად უვლიან ეზოს.

ტაძარში დაკრძალულნი არიან ქართველთა პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა.

სამთავროს მონასტერი - Samtavro Monastery.

ბებრისციხე

ბებრისციხე შუა საუკუნეებით თარიღდება. აქედან ხელისგულივით მოსჩანს მტკვარი და არაგვი, მცხეთა, ჯვარი და სვეტიცხოველი. შემორჩენილია ციხის ციტადელი და მის კუთხეებში აშენებული კოშკები.

ამ ციხეში გარდაცვლილა დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე დემეტრე I, რომელიც შემდეგ გელათში გადაასვენეს.

ბებრის ციხე - Bebristsikhe.

პომპეუსის ხიდი

მცხეთაში რომაელების მიერ მდინარე მტკვარზე აგებული პომპეუსის ხიდი დღემდე შენარჩუნებულია. ხიდის ისტორია 2 300 წლის წინ იწყება. ხიდს ახლა კაშხალში დაგუბებული წყალი ფარავს. იშვიათად, როდესაც წყლის დონე საცავში მცირდება, ხიდი ზედაპირზე რჩება და მისი დანახვა შესაძლებელია.

პომპეუსის ხიდი - Pompeus Bridge.

მცხეთის ანტიოქია

მცხეთის ანტიოქია IV-V საუკუნეებშია აგებული ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ძეგლია საქართველოში. მის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს პირველმოწამე სტეფანეს სახელობის დედათა მონასტერი, რომლის მსახურებიც სიამოვნებით გაგაცნობენ ტაძრის ისტორიას.

ამჟამად „ანტიოქია“ აღდგენილი და ახლად მოხატულია.

მცხეთის ანტიოქია - Mtskheta Antioch Church.

შიომღვიმის მონასტერი

შიომღვიმის მონასტრის სახელი ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, შიოს უკავშირდება. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მამა შიოს 12 მ სიღრმის მღვიმეში გაუტარებია და სწორედ აქედან მომდინარეობს მონასტრის სახელი - „შიოს მღვიმე“. იგი დაკრძალულია მონასტრის ტერიტორიაზე. შიოს სასაფლაო-ეკლესია წმინდა ადგილადაა შერაცხული.

შიომღვიმის მონასტერი - Shiomgvime Monastery.

ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი იოანე ზედაზნელს დაუარსებია VI საუკუნეში. მანამდე აქ ზადენის კერპი მდგარა და სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს მთის სახელიც. დღეს აქ სამონასტრო კომპლექსია - ბაზილიკა, კარიბჭე-სამრეკლო და გალავანი. მათგან ყველაზე ძველში, VIII საუკუნის ნათლისმცემლის სამნავიან ბაზილიკაში დაკრძალულია იოანე ზედაზნელი.

ზედაზნის მონასტერი - Zedazeni Monastery.

არმაზის ციხე

არმაზის ციხე XIII-XV საუკუნეებით თარიღდება. ციხე გალავნისა და კოშკისაგან შედგება. მისი სიმაღლიდან არმაზის ხეობის, მთებისა და მცხეთის მიმდებარე ტერიტორიის თვალუწვდენელი ხედი იშლება.

არმაზის ციხე - Armazi Citadel.

არმაზის მონასტერი

არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი მთებს შორის აუგიათ XII საუკუნის მეორე ნახევარში. კომპლექსი ეკლესიას, საძვალესა და სამრეკლოს მოიცავს. ეკლესიის თავდაპირველი მოხატულობის კვალი შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე.

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია - Armazi Monastery.

ნიჩბისის ციხე

ნიჩბისის ციხე XVII საუკუნის ციხე-დარბაზია სოფელ ქვემო ნიჩბისში. დარბაზი ციციშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა. კომპლექსი შედგება სასახლის, საცხოვრებელი კოშკის, აბანოსა და გალავნისაგან.

ნიჩბისის ციხე - Nichbisi Fortress.

ქსნის ციხე

ქსნის ციხე სარკინეთის მთაზე, მდინარე ქსნისა და მტკვრის შესართავთან XVI საუკუნეში ააგეს. მისი ტერიტორიიდან ხელისგულივით მოსჩანს ამ ორი მდინარის ხეობა. ერთ-ერთი კოშკის ძირში შემორჩენილია წყალსაცავი და მარანი, 15 ქვევრით.

ქსნის ციხე - Fortress of Ksani.

ხშირად დასმული კითხვები

როდის დაარსდა მცხეთა?

ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება “მცხეთა” წარმოდგება მესხთა (მოსხები – მუშქები) ტომის სახელიდან. მათი სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ. წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო.

რომელი მდინარეები უერთდება მცხეთას?

მცხეთა მდინარეების, მტკვრისა და არაგვის შესართავთან მდებარეობს. ქალაქი მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული.