ბაზალეთის ტბა ქალაქიდან გასვლისა და განტვირთვისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია თბილისელებისა და არა მარტო მათთვის. გართობისა და რეკრეაციული დანიშნულების გარდა, ტბა სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ტბის ნაპირას მოწყობილია სასტუმროები, აუზები, სასეირნო ხეივნები და სპორტული გასართობები.
ბაზალეთის ტბა თბილისიდან 40 კილომეტრში, დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გარშემორტყმულია მთებითა და გორაკ-ბორცვებით. ტბამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია და წლის ნებისმიერ სეზონზე შესაძლებელია ავტომობილით გადაადგილება.
რა დრო დამჭირდება თბილისიდან ბაზალეთის ტბამდე მისასვლელად?
თბილისიდან ბაზალეთის ტბამდე მისასვლელად ავტომობილით დაახლოებით 40-50 წუთი დაგჭირდებათ.
როგორ შემიძლია ვიმოგზაურო ტბაზე საკუთარი მანქანის გარეშე?
თბილისიდან დუშეთის მიმართულებით ავტოსადგურ “ოკრიბას” მიმდებარე ტერიტორიიდან გადის მუნიციპალური ტრანსპორტი.
მიმართულება | გასვლის დრო |
---|---|
თბილისი – დუშეთი | 09:00 სთ; 09:30 სთ; 20:00 სთ; 20:30 სთ; |
თბილისი – ჟინვალი | 08:45 სთ; 19:30 სთ; |
ბაზალეთის ტბის პეიზაჟებით ტკბობა წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, მითუმეტეს რომ აქ სუფთა ჰაერზე განტვირთვა მეტად სასიამოვნოა. თუმცა აქტიური სეზონი ძირითადად ზაფხულშია, ივნისიდან ადრეულ სექტემბრამდე. ამ დროს ტბაში ბანაობა და წყლის ატრაქციონებით სარგებლობაც შეგიძლიათ.
ბაზალეთის ტბის შესახებ
ბაზალეთის ტბა ვულკანური წარმოშობისაა. იგი სრულიად იზოლირებულია წყლის სხვა შენაკადებისგან, ამიტომ ძირითადად ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით საზრდოობს.
წყლის მცენარეებიდან ტბაში იზრდება ლელქაში, დუმფარა და სხვა. ბინადრობს პლანქტონი და სხვადასხვა სახეობის თევზი, რის გამოც ტბა თევზჭერის მოყვარულთა საყვარელი ადგილია.
ტბა გამორჩევა სამკურნალო თვისებებით. მასში არსებული წყლის მცენარეები სხვადასხვა გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.
ბაზალეთის ტბის ლეგენდა
ლეგენდის თანახმად, ბაზალეთის ტბის ძირას ჩაძირულია ოქროს აკვანი. ოქროს აკვანის არსებობის შესახებ უამრავი მითი არსებობს, თუმცა აქედან ყველაზე გავრცელებული მაინც სამი მათგანია: თითქოს ქართლის ერთ-ერთმა მეფემ თავისი გარდაცვლილი ვაჟიშვილის ცხედარი ჩაძირა ოქროს აკვანით იმ მიზნით, რომ მისი ეს ქმედება საუკუნეებს გადასცემოდა. მეორე ვერსიით, თითქოს, აღნიშნულ ოქროს აკვანში ამირანი, ანუ პრომეთე გაიზარდა და ღმერთებმა ტბაში იმიტომ გადააგდეს, რომ ამით დაესაჯათ ცეცხლის მომტაცებელი გმირი. მესამე ლეგენდის მიხედვით კი, თითქოს ოქროს აკვანი თვითონ ხალხმა გააკეთა იმ იმედით, რომ დადგება ისეთი დრო, როდესაც ეს აკვანი თვითონ ამოვა წყლის ზემოთ და სწორედ მასში გაიზრდება ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოს ძლიერ ქვეყნად აქცევს.
სერვისები
ბაზალეთის ტბაზე ცურვისა და მზის აბაზანების მიღების გარდა, შეგიძლიათ წყლის სპორტის სხვა სახეობებითაც დაკავდეთ: იქირაოთ წყლის ველოსიპედები, გაერთოთ სასრიალოებით, გაისეირნოთ კატერით და სხვა.
მის გარშემო არსებული სასტუმროები დამსვენებლებს გარე აუზებს, ბარსა და რესტორანს და სხვადასხვა სათამაშო აქტივობებს სთავაზობენ.
საინტერესო ადგილები
ბაზალეთის ტბის გარშემო დუშეთის მუნიციპალიტეტის სხვა, არანაკლებ შთამბეჭდავი ბუნების ძეგლების დათვალიერება შეგიძლიათ. ტბიდან 9 კილომეტრში, ავტომობილით 15 წუთის სავალ მანძილზე დუშეთის ცენტრალურ პარკს შეგიძლიათ ესტუმროთ. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, გაშენებულია სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების, მოწყობილია სასეირნო ბულვარი.
ბაზალეთის ტბის ჩრდილოეთით, 28 კილომეტრში ჟინვალის წყალსაცავი და ანანურის ციხის კომპლექსი მდებარეობს. კომპლექსი XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და მოიცავს ციხეს, გალავანს, კოშკებს, ღვთისმშობლის, ღვთაებისა და ”მკურნალის” ეკლესიებს, სამრეკლოს, რვაკუთხა საკანსა და წყალსაცავებს. კომპლექსი ჟინვალის წყალსაცავს გადაჰყურებს.
ჟინვალის მშენებლობის დაწყებისას, წყლის ქვეშ მოექცა XII საუკუნის ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია, რომელიც 6 თვე წყალშია მოქცეული, ხოლო 6 თვე წყლისგან თავისუფლდება და მისი დანახვა ნაპირზე შესაძლებელია.