კონტენტზე გადასვლა

„შატო მუხრანი“ თბილისიდან 35 კილომეტრში, ქართლის რეგიონში მდებარეობს. XIX საუკუნის შატო აერთიანებს სასახლეს, ულამაზეს ბაღს, ეთნოგრაფიულ კუთხეს, საცხენოსნო კლუბს, რესტორანსა და მარნებს. მისი ვენახები 102 ჰექტარ ფართობზეა გაშენებული, სადაც ყურძნის ქართული და საერთაშორისო ჯიშები იზრდება და მათ ორგანული მევენახეობის წესებით უვლიან.

შატო მუხრანის შესახებ

შატო მუხრანი 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ორმოცდაათ ვენახს შორის დასახელდა. მრავალწლიან ისტორიასთან ერთად, აქაურობა გამორჩეულია ულამაზესი ბუნებითა და ბაღებით. იგი პირველი შატოა რომელიც საქართველოში შეიქმნა.

ტერიტორიულად თბილისთან სიახლოვის გამო შატო მუხრანი იდეალური ადგილია შაბათ-კვირის გასატარებლად, ადგილობრივი ღვინისა და კერძების დასაგემოვნებლად, ბუნებაში სეირნობისთვის და განტვირთვისთვის.

ისტორია

„შატო მუხრანში“ ღვინის დაყენების ისტორია XIX საუკუნის ბოლოდან იწყება. 1875 წელს ივანე მუხრანბატონი გაემგზავრა საფრანგეთში მეღვინეობაში ევროპული მიღწევების გასაცნობად. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მან გადაწყვიტა, შატოს კონცეფცია საქართველოში დაენერგა. დაუკავშირდა ფრანგ აგრონომ ოდენს, დააინტერესა იგი საუკეთესო მიწის ფართობებით და დროებით სარგებლობაში გადასცა 400 დესეტინა მიწა. გარდა ამისა, მეღვინეობაში სახელგანთქმულ ზაქარია ჯორჯაძისა და სხვა სპეციალისტთა დახმარებით, მუხრანში 1,2 მლნ. ლიტრი ტევადობის ღვინის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, სადაც ქართული ღვინო ევროპული წესით უნდა დამზადებულიყო. მის მამულში, ძირითადად, 7 ჯიშის ყურძენი იყო გაშენებული: ჩინური, მწვანე, გორული, საფერავი, რქაწითელი, ბუადუშური და თავკვერი. თავად, ყველაზე მეტად, ჩინურის დიდსა და დაჭორფლილმარცვლიან ყურძენს ანიჭებდა უპირატესობას. მალე მუხრანის მამული ქართული და უცხოური ელიტის ბრწყინვალე წარმომადგენელთა თავშეყრის ადგილად იქცა. დღეს, „შატო მუხრანი“ თავისი მე-19 საუკუნის სასახლით, რესტორნით, მშვენიერი ბაღებით და მდიდრული ვენახებით საქართველოს ისტორიას თანამედროვე ღვინის ტურიზმთან და სტუმართმოყვარეობასთან აერთიანებს.

ეთნოგრაფიული კუთხე

ქართული ეთნოგრაფიული კუთხე შატო მუხრანის ვიზიტორებს სხვადასხვა კულინარიულ აქტივობას სთავაზობს: ჩურჩხელების ამოვლება, თონეში პურის გამოცხობა, ჭაჭის გამოხდა, მასტერკლასი ხინკლის მოხვევასა და ხაჭაპურის ცხობაში. რთველის პერიოდში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს თავადაც მიიღოს ყურძნის კრეფაში მონაწილეობა.

ღონისძიებები

შატო მუხრანის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქმიანი ტურიზმია. უკვე წლებია აქტიური მოთხოვნაა მასშტაბურ კონფერენციებზე, კორპორატიულ ღონისძიებებზე, ქორწილებსა და დაბადების დღეეებზე. აქაურობა ერთდროულად 3000-4000 სტუმარს იტევს. შატო მუხრანი, როგორც სადღესასწაულო სივრცე, არამარტო ქართველი ვიზიტორების საყვარელი ადგილია. აქაურობა სისტემატურად მასპინძლობს უცხოელი სტუმრების ღონისძიებებსაც. პროფესიონალი და გამოცდილი ივენთმენეჯერების გუნდი ზრუნავს, რომ ქორწილი ზღაპრების ყველა სტანდარტით წარიმართოს. ღია ცის ქვეშ დეკორირებულ სივრცეში თითოეულ ნიუანსზე ნაფიქრია. ერთადერთი, ამინდი ვერ იძლევა სტაბილურობის გარანტიას, მაგრამ პრობლემას ცვალებადი მოღრუბლულობაც არ ქმნის. მეტიც, ტენტები ამბავს ზღაპრულობას სძენს და წარმოუდგენლად ფოტოგენურიცაა.

შატო მუხრანი - Chateau Mukhrani.

საცხენოსნო კლუბი

შატოს ტერიტორიაზე მუხრანელი ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ ეუფლებიან ცხონოსნობის ხელოვნებას. ცხენზე ჯირითი აქ ჩამოსულ ვიზიტორებსაც შეუძლიათ პროფესიონალი ტრენერების მეთვალყურეობის ქვეშ.

მარნები

შატოს მარნებში ტემპერატურა 14-დან 16 გრადუსამდე მერყეობს. მარნების აღდგენა- რეკონსტრუქცია ძველი, ავთენტური აგურით მოხდა. იერსახე მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული მე-19 საუკუნის გვირაბსაც. კასრები, რომლებშიც მუხრანბატონის ღვინის საიდუმლო ინახება, კავკასიური, ფრანგული და ამერიკული მუხისგან საფრანგეთშია დამზადებული. ენოთეკაში თავმოყრილია ის, რაც ბაგრატიონთა მამულებში უკვე თანამედროვე ეპოქაში იქმნება. ყველაზე ძველი აქ 2007 წლის საფერავია, რომელიც სულ რამდენიმე ბოთლიღაა შემორჩენილი და უკვე ძალიან ძვირადაც ფასობს.

თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი საუკეთესო საწარმო 17 სახეობის ღვინოს უშვებს. ყურძენი მხოლოდ შატოს ტერიტორიიდანაა, 100 ჰექტარზე გაშენებულ ვენახებში ქართული და ფრანგული ჯიშის ყურძენი მოჰყავთ. ლაბორატორიაში ჯერ დაკრეფილი ყურძენი მოწმდება, მოგვიანებით კი ღვინის ხარისხი. 2014 წლიდან შატოში ქვევრის ღვინის წარმოებაც დაიწყო. უცხოელი ვიზიტორების ყურადღებას იქცევს ღვინის ტრადიციული სასმისები. ყანწები,ფიალები, აზარფეშა. შემონახულია ივანე მუხრანბატონის დროინდელი ბოთლი, რომელზეც რომანოვების გერბია აღბეჭდილი.

შატოს მეპატრონეებმა ეს ბოთლი კერძო კოლექციიდან შეისყიდეს და მარნის სამუზეუმო ნაწილში განათავსეს. აქვე ნახავთ ეტიკეტს, რომლითაც ივანე მუხრანბატონის ღვინომ ევროპასა და აშშ-შიც კი მიაღწია. მათთვის, ვისაც ღვინის სახეობებში, მისი მოხმარების ეტიკეტში გარკვევა სურს, სხვადასხვა სახის ღვინის ტური, ღვინის დეგუსტაციაში მასტერკლასია ხელმისაწვდომი.

რესტორანი

„სამეფო მარანი 1878“ – რესტორნის სახელი ივანე მუხრანბატონის მიერ ბოთლში პირველად ჩამოსხმული ღვინის თარიღს უკავშირდება. ისტორიული მუხრანისა და 21-ე საუკუნის, ქართული და ევროპული სამზარეულოს ეფექტურ სინთეზზე აქ პროფესიონალი მზარეულების გამოცდილი გუნდია პასუხისმგებელი. მენიუ რამდენიმე ტიპისაა: ა ლა კარტე, საბანკეტო და საფურშეტე.

საინტერესო ფაქტები

მუხრანბატონმა დანერგა გასხვლისას სეკატორის გამოყენება, რკინის ბუნიკით ვაზების დარგვა, ყურძნის დახარისხება, ღვინის დაძველება და სხვა.

კომპანიის მიერ დამზადებულმა ღვინოებმა 1874 და 1876 წლების გამოფენებში დიდი მოწონება დაიმსახურა, 1882 წლის მოსკოვის გამოფენაზე მუხრანის შუშხუნა ღვინომ სახელმწიფო გერბი, ხოლო 1889 წლის პარიზის ღვინოების გამოფენაზე მთავარი პრიზი – ოქროს მედალი მიიღო.

2021 წლის „საუკეთესო ვენახების“ რეიტინგით, „შატო მუხრანს“ მსოფლიოს 58-ე საუკეთესო მეღვინეობის საპატიო ადგილი ერგო. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართული ვენახი იმ სიაში მოხვდა, რომელსაც ღვინისა და ღვინის ტურიზმის ექსპერტთა საერთაშორისო საბჭო ადგენს.

შატოში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ღვინო, რომელსაც „საიდუმლო კოლექციიდან“ ჰქვია. ის ყურძნის ოთხი ჯიშისგან მზადდება,რომელთაგან სამი სახელწოდება ეტიკეტზეა დატანილი,მეოთხე კი საიდუმლოდ რჩება.