კონტენტზე გადასვლა

ბორჯომი ცნობილია მისი ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლებით, მარადმწვანე ტყეებითა და პარკებით. ნაძვისა და ჭადრის ხეივნებში გახვეული ქუჩები, მყუდრო ატმოსფერო და მთებით გარშემორტყმული ქალაქი იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ეკო-ტურიზმის მოყვარულებს მის მშვენიერ ბუნებაში მასპინძლობს.

ბორჯომის ღირსშესანიშნაობები

რა ვნახოთ ბორჯომში?

ბორჯომის არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მეტად მრავალფეროვანია. ქალაქში ვხვდებით XIX-XX საუკუნის შენობებს, ქვის ფასადებსა და ხის აივნებს, აღმოსავლური ინტერიერისთვის დამახასიათებელ ნიშნებსა და ნეორენესანსის სტილში გადაწყვეტილ სასახლეებს.

ბორჯომის ულამაზეს ხეობაში ქალაქის ისტორიულ ციხეებსა და ქრისტიანულ ტაძრებს მოინახულებთ, გაუყვებით სალაშქრო ბილიკებს და ხეობის თვალუწვდენელი ხედებით დატკბებით.

ბორჯომის გოგირდის აუზები

გოგირდის აუზამდე, ბორჯომის პარკის გავლით, მდ. ბორომულას გასწვრივ, ბილიკი მიგიყვანთ. აუზის საშუალო ტემპერატურა 32-38° გრადუსია.გოგირდის აუზს სტუმრობენ როგორც მკურნალობის მიზნით, ასევე დასასვენებლად. აქვეა გასახდელები და საშხაპეები. სტუმრებისთვის ტერიტორია კეთილმოწყობილია.

ბორჯომის გოგირდის აუზები - Borjomi Sulfur Pools.

პეტრეს ციხე

პეტრეს ციხე ბორჯომში, ლიკანის მოპირდაპირე მხარეს, კლდოვან ფერდობზე მდებარეობს. ნაგებობა შუა საუკუნეებით თარიღდება. შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საბრძოლო დანიშნულების ნაშთები - ხაროებისა და მარნის ნაშთი, გალავანში დატანებულია სათოფურები და სალოდეები.

პეტრეს ციხე - Petres fortress.

ბორჯომის მუზეუმი

ბორჯომის მუზეუმი განათავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის, რომანოვების, კანცელარიის შენობაში. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური მასალა, მზის ღვთაებასთან დაკავშირებული დისკოები, ბრინჯაოს ბალთები, და სხვ.; რომანოვების საიმპერატორო ოჯახის პირადი ნივთები - გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების ნიმუშები.

ბორჯომის მუზეუმი - Borjomi museum.

მწვანე მონასტერი

მწვანე მონასტერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდებარეობს. მონასტრამდე ტყით დაფარულ გზასა და კამკამა მთის მდინარის სანაპიროს მიუყვებით. მონასტრამდე მიდის სამანქანო გზაც.

მწვანე მონასტერი - Green monastery.

რომანოვების სასახლე

რომანოვების სასახლე მეცხრამეტე საუკუნეში, ლიკანში ააგეს. სასახლეში დაცულია ნაპოლეონის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის ნაჩუქარი სავარძელი და სხვა ანტიკვარული ნივთები. მოწყობილია ბილიარდისა და ე.წ. პეპლების ოთახი, რომანოვის კაბინეტი და სხვა.

რომანოვების სასახლე - Romanov palace.

პრომეთეს ძეგლი და ჩანჩქერი

პრომეთეს ძეგლი ბორჯომის პარკში, კლდოვანი ფერდობის ძირში მდებარეობს, საიდანაც ქანდაკების ორივე მხარეს ჩანჩქერი ჩამოედინება. ჩანჩქერებთან მოწყობილია სკამები, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ, დაისვენოთ და ფოტოები გადაიღოთ.

პრომეთეს ჩანჩქერი და ძეგლი ბორჯომის პარკში - Prometheus waterfall and statue in Borjomi Park.

წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი

ბორჯომის პლატოზე, ტყეში წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი და მისი კელიის ასლია აშენებული. იგი სწორედ აქ მოღვაწეობდა და აღესრულა. მონასტერი დღემდე მომლოცველთა სიმრავლით გამოირჩევა. პლატოდან ქალაქისა და პარკის უმშვენიერესი ხედი იშლება.

წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის ტაძარი - Temple of Saint Seraphim of Sarov.

სათხილამურო კურორტი ბაკურიანი

ბორჯომიდან 7 კილომეტრში მდებარეობს სათხილამურო კურორტი ბაკურიანი. ზამთარში ბაკურიანში ჩასულ სტუმრებს შეუძლიათ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობებითა და ატრაქციონებით დაკავდნენ, გაზაფხულსა და ზაფხულში კი ეკოლოგიურად სუფთა გარემოში დაისვენონ.

კრისტალის სათხილამურო ტრასა - Crystal resort ski slope.

ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტი

ბორჯომის ბუნებრივი რესურსები, მინერალური და გოგირდოვანი წყაროები, მარადმწვანე წიწვოვანი ტყეები და ჰავა ქალაქის სამკურნალო ფაქტორებია.

ბორჯომის მთავარი სიმდიდრე ვულკანური წარმოშობის, თერმულ-მინერალური წყლებია. ბორჯომის წყალი გამოიყენება სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულებისა თუ სპეციალური გამაჯანსაღებელი პროცედურებისათვის. ისტორიული პარკის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოწყობილია სპეციალური წყაროები, საიდანაც წყალი ბუნებრივი გაზის, ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით ზედაპირზე თბილი სახით ამოდის.

პარკში გახსნილია გოგირდოვანი წყლის აუზები, რომელსაც სამკურნალოდ ან უბრალოდ განსატვირთად და დასასვენებლად სტუმრობენ. წყლის ტემპერატურა 38 გრადუსამდე აღწევს, ამიტომ მასში ბანაობა ზამთარშიც შეიძლება.

გვიან გაზაფხულზე ბორჯომში სტუმრობა საუკეთესოა იმუნიტეტის აღსადგენად. მაისის პირველ ნახევარში ფიჭვისა და ნაძვის ყვავილობა და დამტვერვა იწყება და მის ბოლომდე გრძელდება. წიწვოვანი ხეების ყვითელი მტვერი მთელი ქალაქის თავზე ვრცელდება. მტვერი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სისტემებისათვის.

მდინარე ბორჯომულა - Borjomula river.