კონტენტზე გადასვლა

ძამას ხეობა ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია საქართველოში, რომელიც სხვადასხვა ისტორიულ და ბუნების ძეგლს აერთიანებს. ეს არის გასაოცარი ადგილი, რომელიც წარსულში გამოგზაურებთ და გაგაცნობთ საქართველოს ისტორიას და განახებთ მის უნიკალურ ბუნებას.

ძამას ხეობის შესახებ

ძამას ხეობა შიდა ქართლში მდებარეობს და აერთიანებს 50–მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ უძველესი მონასტრები, ციხე–სიმაგრეები და ისიამოვნოთ ულამაზესი ბუნებით.

ხეობას სახელი მდინარე ძამას გამო დაერქვა, რომელიც 42 კმ–ზე მიედინება. ხეობა, ზღვის დონიდან 2140 მეტრზე მდებარეობს და გამოირჩევა სპეციფიური ლანდშაფტით, სადაც იდეალურადაა გაერთიანებული ფოთლოვანი და წიწვოვანი ფლორა.

თრიალეთის ქედზე მდებარე ეს ხეობა აქტიური ტურისტული ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ლაშქრობა და ექსტრემალური ტურიზმი. ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი ორთუბანში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა ქოზიფას მამათა მონასტერი, ორთუბნის დედათა მონასტერი, ძამას ციხე და სხვა. მოლაშქრეებს კი მეტად დაინტერესებთ ბატეთის ტბა და შანოს მთა. აქვეა ულამაზესი ჩანჩქერები და უძველესი ციხე–სიმაგრე.

ძამას ხეობა - Dzama valley.

ჩვენი რჩევა

გამომდინარე იქიდან რომ ძამას ხეობა ათეულობით ძეგლს აერთიანებს, გირჩევთ ვიზიტისთვის ერთ დღეზე მეტი გამოყოთ. ისეთი ძეგლებისთვის, როგორიცაა ყინწვისის მონასტერი, აბუხალოს ჩანჩქერი, ციციშვილების შუასაკუნეების აბანო და ბატეთის ტბა, შედარებით მეტი დროის დათმობა მოგიწევთ, ვიდრე დანარჩენი სამონასტრო კომპლექსების მოსანახულებლად.

ასევე გირჩევთ, მონასტრებს დღის ნაწილში ესტუმროთ, ვინაიდან სასულიერო პირები უკეთ გაგიწევენ გიდობას და მოგიყვებიან ტაძრების შესახებ. ასევე, თუ ბატეთის ტბის მონახულებას გადაწყვეტთ, ჩაიცვით კომფორტულად, რადგან რამდენიმე კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკის გავლა მოგიწევთ.

ხშირად დასმული კითხვები

რამდენად შორს მდებარეობს ძამას ხეობა თბილისიდან?

თბილისიდან მანძილი 170 კმ–ია და ხეობაში მისასვლელად ჯერ უნდა ეწვიოთ ქალაქ ქარელს. ქარელიდან კი, რამდენიმე წუთიანი სამანქანო გზით, თქვენ ძამას ხეობას ეწვევით.

რა დრო დამჭირდება ძამას ხეობაში ისტორიული ძეგლების მონახულებისთვის?

თუ ყველა ძეგლის მონახულებას გეგმავთ, დაახლოებით ორი დღე დაგჭირდებათ, რადგან ხეობა აერთიანებს 58 მონასტერსა და სამ ბუნების ძეგლს. ყველაზე რთულად მიღწევადი აბუხალოს ჩანჩქერი, ბატეთის ტბა, და ყინწვისის მონასტერია.

არის თუ არა სასტუმრო ძამას ხეობაში?

უშუალოდ ძამას ხეობაში სასტუმრო არ არის. რესტორნები, კაფეები და სასტუმროები ქარელში მდებარეობს.