კონტენტზე გადასვლა

რაჭა ასოცირდება გასაოცარ ბუნებასთან, უნიკალურ კულტურასთან და კიდევ უფრო შთამბეჭდავ სტუმართმოყვარეობასთან. ფართობით ყველაზე პატარა კუთხე სინამდვილეში, ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ფერადია. სწორედ რაჭის სილამაზე და ორიგინალურობა იზიდავს ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ მოგზაურს, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან.

რა ვნახოთ რაჭაში?

რაჭა მრავალფეროვანი კუთხეა, როგორც ბუნების ძეგლების სიმრავლით, ასევე კულტურული თუ არქიტექტურული ძეგლების კუთხით. აქ, ნებისმიერი ტიპის დამსვენებლისთვის მოიძებნება საინტერესო ადგილი. რაჭა იდეალური არჩევანია, როგორც კლიმატოთერაპიისთვის, ასევე ლაშქრობისთვის, ქართული ისტორიული ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და გასტრონომიული ტურებისთვის.

ისტორიულ-კულტურული ძეგლებიდან, განსაკუთრებით ცნობილი ძეგლებია ნიკროწმინდის და ბარაკონის ტაძრები, გამორჩეული უნიკალური არქიტექტურითა და ხატწერის ნიმუშებით. 9 ჯვარი და სიყვარულის ჩანჩქერი კი რაჭას კიდევ უფრო უნიკალურ ადგილად აქცევს. ეს ორიგინალური ძეგლები სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს ყოველწლიურად. რაჭაში, ასევე შეგიძლიათ უძველეს ისტორიას გაეცნოთ და მოინახულოთ ძველი წელთაღრიცხვით დათარიღებული არქეოლოგიური აღმოჩენები ონის მუზეუმში. გასტროტურების მოყვარულთათვის, კი რაჭული ღვინო მორიგი თავგადასავალია. რაჭის ღვინის კულტურის გასაცნობად შეგიძლიათ ხვანჭკარას ქარხანას ეწვიოთ, რომელიც ამბროლაურში მდებარეობს.

ამბროლაური

ამბროლაური რაჭის ადმინისტრაციული ცენტრია. მთა-გორიანი ქალაქი მდინარე რიონისა და კრიხულის შესართავთანაა გაშენებული და გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და სხვადასხვა კულტურული ძეგლებით. მათგან აღსანიშნავია ამბროლაურის თეატრი და მუზეუმი.

ამბროლაური - Ambrolauri.

ონი

ონი რაჭის ცნობილი ქალაქია, რომელიც ტურისტულად პოპულარული დანიშნულებაა. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში, შეგიძლიათ გაეცნოთ რაჭის უძველეს ისტორიასა და მოინახულოთ სხვადასხვა კულტურული ძეგლი. რიონის შენაკადებს შორის მოქცეული ქალაქი, მთა-გორიანი რელიეფითა და შერეული ტყის საფარით გამოირჩევა.

ონის ცენტრი - Oni center.

ნიკორწმინდა

ეს ისტორიული სოფელი, რაჭის ქედის კალთაზე მდებარეობს და ამბროლაურიდან დაახლოებით 16 კილომეტრითაა დაშორებული. მთა-გორიანი ნიკორწმინდა იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც უყვარს ლაშქრობა და ეძებს მარტივად გადასალახ მარშრუტებს. სოფელში მდებარეობს ცნობილი ნიკორწმინდის ეკლესია.

ნიკორწმინდის ტაძარი - Nikortsminda Cathedral.

შოვი

შოვი რაჭის ცნობილი კურორტია, რომელიც მდინარე ჭანჭახის ხეობაში მდებარეობს. შოვი სასარგებლო მინერალების შემცველი ჰავითა და გასაოცარი ბუნებით გამოირჩევა, რომელიც საინტერესო სალაშქრო მარშრუტს ქმნის ტურისტებისთვის. ნოტიო ჰავის მქონე კურორტზე ასევე მიედინება სამკურნალო თვისებების მქონე წყაროების წყალი.

შოვი - Shovi.

უწერა

უწერა რაჭის მაღალმთიანი სოფელია, რომელიც ონის მუნიციპალიტეტს განეკუთვნება. მთა-გორიანი სოფელი ტურისტულად აქტიური ადგილია, ფერადი ფოთლოვანი ტყეებითა და გასაოცარი ბუნების ძეგლებით. ის, ასევე ცნობილია მინერალური წყლით “უწერა.”

უწერა და მთები - Utsera and mountains.

ნიკორწმინდის ტაძარი

ნიკორწმინდა რაჭის ყველაზე პოპულარული ისტორიული ნაგებობაა, რომელიც შუა საუკუნეებშია აგებული. ნიკორწმინდა არა მარტო ისტორიული დანიშნულებით, არამედ გასაოცარი და ორგინალური არქიტექტურული ელემენტებით გამოირჩევა. უნიკალური ჩუქურთმებით და ხატწერის ნიმუშებით, ნიკორწმინდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შეტანილი.

ნიკორწმინდის ტაძარი - Nikortsminda Cathedral.

სიყვარულის ჩანჩქერი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარე ეს ჩანჩქერი, უნიკალური რელიეფით გამოირჩევა. 560 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერის შუაგულში, გულის ფორმის მღვიმეა, რომელიც საოცარ სანახაობს ქმნის. სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩანჩქერის სახელიც, რომელიც ყოველწლურად სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

სიყვარულის ჩანჩქერი - Love waterfall.

მრავალძალის ეკლესია

მრავალძალის ეკლესია, იგივე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ონში მდებარეობს და აგებულია მე-11 საუკუნეში. ეს არის ქართული ხუროთმოძღვრების გასაოცარი ნიმუში, სადა გარე ფასადითა და უნიკალური ჩუქუთმებით. ასევე შემორჩენილია შუა საუკუნეების უნიკალური ხატწერის ნიმუშები. ეკლესიის ეზოდან გასაოცარი ხედი იშლება რაჭის მწვერვალებზე.

მრავალძალის ეკლესია - Mravaldzali Church.

მინდა ციხე

მინდა ციხე ამბროლაურში აგებული შუა საუკუნეების უნიკალური ძეგლია, რომელიც მდინარეების, რიონისა და ლუხუნის სანაპიროებს შორის მოქცეულ კლდოვან მთაზეა აგებული. ციხესიმაგრე რესტავრაციას საჭიროებს თუმცა დღეს კვლავ შემორჩენილია გალავნისა და კოშკის ნანგრევები. ისტორიულად, მინდა ციხე რაჭის ერისთავებს, კახაბერიძეებს ეკუთვნოდა.

მინდა ციხე - Minda fortress.

ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია

ბარაკონის ეკლესია ამბროლაურში, სოფელ წესსში მდებარეობს. სწორკუთხა, გუმბათოვანი ეკლესია, ულამაზესი არქიტექტურული ელემენტებითა და ფერწერის ნიმუშებით გამოირჩევა. ეკლესია მაღლობზეა აგებული, რომელიც რიონისა და ლუხუნის შესართავებთან მდებარეობს.

ბარაკონი - Barakoni.

საირმის სვეტები

საირმის სვეტები რაჭის გასაოცარი ბუნების ძეგლია, რომელიც რელიეფურად, კლდოვან მასივს წამოადგენს. ბუნების ძეგლი სოფლების, ალპანასა და ჭრებალოს შორის მდებარეობს. საირმის სვეტები განსაკუთრებულად პოპულარულია მოლაშქრეებს შორის, რადგან მისი რელიეფი საკმაოდ კლდოვანია და ძეგლთან მისვლა შედარებით რთულია.

საირმის სვეტები ქვემოდან - Sairme pillars from below.

უძირო ტბა

კატიწვერას ფერდობზე არსებული უძირო ტბა, ულამაზესი ბუნების ძეგლია, რომელიც ერთდროულად აერთიანებს სუბალპურ და ალპურ ფლორას. ფერდობზე წარმოქმნილი ტბიდან კავკასიონის თოვლიან მწვერვალებზე პანორამული ხედები იშლება, რაც წყლის სარკისებული ეფექტის საშუალებით, კიდევ უფრო გასაოცარ სანახაობას ქმნის.

უძირო ტბა - Udziro lake.

მყინვარი ბუბა

მყინვარი ბუბა ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და წარმოადგენს რთული, ხეობის ტიპის მყინვარს, არაერთგვაროვანი რელიეფით, მწვერვალებითა და თოვლის საფარით. მყინვარის საერთო ფართობი დაახლოებით 1.5 კმ კვადრატია და მთამსველებისთვის ნამდვილ გამოწვევასთან ასოცირდება. მყინვართან ახლოს, მოედინება ბუბისწყალი, რომელსაც მყინვარი ბუბა ასაზრდოებს.

ბუბის მყინვარი - Buba Glacier.