კონტენტზე გადასვლა

ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. მის ისტორიულ წარსულს კოლხეთის სამეფომდე და არგონავტთა ლეგენდამდე მივყავართ.

დასავლეთ საქართველოს ეს უმშვენიერესი ქალაქი თვალწარმტაცი ბუნების ძეგლებითაა ცნობილი, მათ შორის პრომეთეს მღვიმე და ოკაცეს კანიონი. ქუთაისის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან გამორჩეულია ბაგრატისა და გელათის სამონასტრო კომპლექსები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.

რა ვნახოთ ქუთაისში?

ქუთაისის დათვალიერება ქალაქის გულიდან, მისი მთავარი მოედნიდან უნდა დაიწყოთ და ქალაქის ბულვარით გააგრძელოთ. აქ მდებარეობს ქუთაისის დრამატული თეტრი, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქუთაისის ცენტრალური ბაღი 170 წელზე მეტი ხნისაა და სიძველით, თბილისის მუშთაიდის პარკის შემდეგ, ამიერკავკასიაში მეორეა. აქ ისეთ უნიკალურ მცენარეებს შეხვდებით, როგორებიცაა ევროპული ურთხელი, მარადმწვანე სეკვოია, იაპონური ცეფალოტაქსუსი და მრავალი სხვა. ბულვარში სახელგანთქმული ქუთაისელების ძეგლებია განთავსებული – აკაკი წერეთლის, ზაქარია ფალიაშვილის, დები იშხნელების ძეგლები და 9 აპრილის მემორიალი.

ქუთაისის ხსენებაზე ნებისმიერ ქართველს პირველი გელათის, ბაგრატისა და მოწამეთას მონასტრები გაახსენდება. ქართული ხუროთმოძღვრების ეს სამი უმნიშვნელოვანესი ტაძარი ქუთაისის ღირსშესანიშნაობების სათავეშია.

ქალაქში 4 მუზეუმი ფუნქციონირებს: ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა, საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი და სპორტის მუზეუმი.

თეთრი ხიდი ქალაქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა. ხიდის მოაჯირზე ჩამომჯდარ “პიკასოს ბიჭის” სკულტპტურასთან გადაღებული ფოტო ქალაქის სამახსოვროდ დასატოვებელი აუცილებელი მოგონებაა.

ქუთაისის ხედი მაღლიდან - View of Kutaisi from above.

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმე 22 დარბაზს მოიცავს, საიდანაც ტურისტებს 6 მათგანის დათვალიერება შეუძლიათ. მღვიმეში გასეირნება შესაძლებელია ფეხით და სანაოსნო ტურით. საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 1420 მეტრია.

მღვიმეში ნახავთ სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს, ქვის ჩანჩქერებს, ფარდებსა და სვეტებს.

პრომეთეს მღვიმე - Prometheus Cave.

ნაკენახევის მღვიმე

ნავენახევის კარსტულ მღვიმეში ორი სართული და ოთხი დარბაზია. შესასვლელიდან 30 მეტრში მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. მეორე სართული დარბაზს პატარა კიბით უკავშირდება. მღვიმის სიგრძე 250 მეტრია. მღვიმეს მეორე შესასვლელიც ჰქონია, თუმცა ახლა ის 7 მეტრის სისქის სტალაგნატითაა ამოქოლილი.

Navenakhevi Cave - ნავენახევის მღვიმე.

გაბზარული ტბა

გაბზარული ტბა ყველაზე საუცხოო სანახაობა საქართველოს ტბებს შორის. იგი მოქცეულია ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე. წყალს მომწვანო-მოლურჯო ფერი აქვს. ტბის ზედაპირის ფართობი 500 მ²-ია.

გაბზარული ტბა - Gabzaruli Lake.

მოწამეთა

მოწამეთა არგვეთის მთავრების, დავით და კონსტანტინე მხეიძეების უკვდავსაყოფად აიგო, რომლებიც არაბთა შემოსევისას მოწამეობრივად აღესრულნენ. წმინდანების ნეშტებიც დღემდე აქ, ლუსკუმაში ინახება. არსებობს ლეგენდა, რომ თუ სურვილს ჩაიფიქრებ და ლუსკუმის ქვეშ გაძვრები, ის აუცილებლად აგისრულდება.

მოწამეთას მონასტერი - Motsameta monastery.

გეგუთის სასახლე

გეგუთის სასახლე ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სახლი იყო, ერთი დიდი, ბუხრიანი ოთახით, რომელშიც ნანადირევს ამზადებდნენ. გეგუთის სასახლეში დღემდეა შემორჩენილი ქვებით მოპირკეთებული მეფეთა აბანოს ნაკვალევი.

გეგუთის სასახლე - Geguti Palace.

კოლხური შადრევანი

კოლხური შადრევანი ქალაქის მთავარ მოედანს ამშვენებს. შადრევნის სვეტები გაფორმებულია საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური არტეფაქტების გადიდებული ასლებით. შადრევნის ცენტრში ანტიკური პერიოდის ქართული საიუველირო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუში, ქალის სასაფეთქლეების ფიგურა დგას.

კოლხური შადრევანი - Kolkha Fountain.

ბესიკ გაბაშვილის ბაღი

ბესიკ გაბაშვილის ბაღი ქუთაისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილია. პარკში მოწყობილია ატრაქციონები. აქ მოხვედრა შესაძლებელია საბაგირო გზითაც, რომლითაც პარკი “სამეფო უბანს” უკავშირდება.

ბესიკ გაბაშვილის ბაღი - Besik Gabashvili Amusement Park.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ასეულობით სახეობის მცენარეა. მოწყობილია აუზები და შადრევნები, ბილიკები მოპირკეთებულია ქვაფენილით. ბაღის ტერიტორიაზე აშენდა ამფითეატრი, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი - Kutaisi Botanical Garden.

თეთრი ხიდი

თეთრი ხიდი რიონის ერთ სანაპიროს მეორესთან აკავშირებს. ხიდი განსაკუთრებით იზიდავს შეყვარებულებს, რომლებიც მის მოაჯირებს ბოქლომებს აბამენ სამუდამო სიყვარულის ნიშნად. რესკონსტრუქციის შემდეგ ხიდის ფილების ნაწილი მინით შეიცვალა.

ქუთაისის თეთრი ხიდი ზემოდან - Kutaisi white bridge from above.

ხშირად დასმული კითხვები

ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას. აქედან ფრენები ხორციელდება როგორც ევროპის, ისე აზიის მიმართულებით. გამგზავრებების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აეროპორტის გვერდზე – https://www.kutaisi.aero/ka/flight/dep 

ქუთაისის აეროპორტის მგზავრთა სატრანსპორტო გადაყვანას თბილისის, ქუთაისის და ბათუმი მიმართულებით, ავტობუსებით/მიკროავტობუსებით ახორციელებს ორი კომპანია – Georgian Bus და Omnibus Express.

ბილეთების დაჯავშნა/შეძენა შესაძლებელია ინტერნეტით, კომპანიის ვებ გვერდზე –  georgianbus.com ან https://omnibusexpress.ge/    ან აეროპორტში.

ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს Wizz Air, როგორც პირდაპირ, ისე ტრანზიტულ რეისებზე. Wizz Air Kutaisi -ს მიერ განხორციელებული მიმართულებები კი მოიცავს ისეთ მოთხოვნად ქალაქებს, როგორიცაა: ვენა, პრაღა, ბარსელონა, ბერლინი, ბუდაპეშტი, მილანი, ბუქარესტი, ათენი, სალონიკი და ბევრი სხვა ევროპული ქალაქი.

აღსანიშნავია, რომ ქალაქთა ჩამონათვალი ხშირად იზრდება. რაც შეეხება Wizzair.ge -ის ავიაბილეთების ფასებს, ის მერყეობს და დამოკიდებულია რამდენად ადრე ხდება მათი დაჯავშნა. კომპანია საკუთარ მომხმარებელს სპეც შეთავაზებებსაც სთავაზობს ხოლმე.

როდის დაარსდა ქუთაისი ?

ქუთაისის ისტორია 3500 წელს ითვლის. ქალაქის ტერიტორიასა და მის მიმდებარედ ადამიანი ჯერ კიდევ ქვედა პალეოლითის ხანაში ცხოვრობდა. ქუთაისი დაწინაურდა ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევარში. ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია ქუთაისს ე.წ. “მინოსის ხანას” (ძვ. წ. XVII-XV სს) მიაკუთვნებს.

ქუთაისის უბნების ჩამონათვალი

ქუთაისში 12 ადმინისტრაციული ერთეულია:

  • ავტოქარხანა;

  • გამარჯვება;

  • გუმათი;

  • ვაკისუბანი;

  • კახიანოური;

  • მუხნარი;

  • ნიკეა;

  • საფიჩხია;

  • სულხან-საბა;

  • უქიმერიონი;

  • ქალაქ-მუზეუმი;

  • ძელქვიანი.