კონტენტზე გადასვლა

ბალნეოლოგიური კურორტი წყალტუბო ცნობილია თავისი ბუნებრივად თბილი, სამკურნალო მინერალური წყლებით. ქალაქის სპა და ველნეს ცენტრები ერთ-ერთი პოპულარული დანიშნულების ადგილი იყო მთელს საბჭოთა კავშირში, სადაც ფუნქციონირებდა სანატორიუმები და სასტუმროები.

წყალტუბოს ტურისტული პოტენციალი ყოველწლიურად იზრდება. შენდება და რემონტდება სასტუმროები და სპა ცენტრები, რითაც ქალაქი თავის ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს.

თბილისიდან წყალტუბომდე ავტომობილით დაახლოებით 4 საათი დაგჭირდებათ.

თუკი მატარებლით გამგზავრებას გეგმავთ, შეგიძლიათ ქუთაისის მატარებელს გაყვეთ. ქუთაისიდან წყალტუბოში სამარშრუტო ტაქსით სულ რაღაც 15 წუთში მოხვდებით. ქუთაისის წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან წყალტუბოს მიმართულების #30 მარშუტკა გადის. ბილეთის ფასი 1.2 ლარია.

წყალტუბო დასავლეთ საქართველოში, მდინარე წყალტუბოსწყლის ნაპირზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 95-120 მ სიმაღლეზე.

წყალტუბო მრავალფუნქციური, მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია, უნიკალური რადონის შემცველობის წყლებით, რომელიც კანის, საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა და მრავალი სხვა ტიპის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

წყალტუბოს სამკურნალო პოტენციალი მხოლოდ მისი უნიკალური წყლებით არ შემოიფარგლება. სამოცდაათიან წლებში წყალტუბოში აღმოაჩინეს კიდევ ერთი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი წარმატებით გამოიყენება სასუნთქი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.

წყალტუბოს შესახებ პირველი ისტორიული ცნობები VII-IX საუკუნეებით თარიღდება. XII-XIII საუკუნეებში უკვე ცნობილი იყო მისი სამკურნალო პოტენციალის შესახებ. წყალტუბოში არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეს – სამკურნალო წყლებს საფუძვლიანი ქიმიური ანალიზი 1913 წელს ჩაუტარდა, რამაც მისი უნიკალურობა დაადასტურა. ბალნეოლოგიურ კურორტად წყალტუბო ოფიციალურად 1920 წელს გამოცხადაა, ხოლო ქალაქის სტატუსი 1953 წელს მიენიჭა.

წყალტუბო იმ უიშვიათესი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა დაგეგმარება და განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა. აიგო 22 სანატორიუმი, მათგან არაერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.

წყალტუბოს სამკურნალო წყაროები და სანატორიუმები წლის ოთხივე სეზონზე ღიაა და ემსახურება დასვენებისა და მკურნალობის მიზნით ჩამოსულ სტუმრებს.

სანატორიუმების ბაღები და პარკები განსაკუთრებით ლამაზია მწვანე სეზონზე, გასაფხულსა და ზაფხულში.

რა ვნახოთ წყალტუბოში?

წყალტუბოს ტურისტები უმეტესად მისი სამკურნალო წყაროების გამო სტუმრობენ. წყალტუბო მდიდარის მიწისქვეშა წყლებით. სწორედ ამან განაპირობა ქალაქის მიმდებარედ კარსტული მღვიმეების წარმოშობა. პრომეთეს, სათაფლიისა და ნავენახევის მღვიმეები წყალტუბოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობებია.

მიტოვებული სანატორიუმები საკმაოდ ეგზოტიკური სანახავია. მათ გადასაღებად წყალტუბოს ფოტოგრაფიით გატაცებული არაერთი ადამიანი სტუმრობს.

ბუნების ძეგლებიდან გაბზარული ტბა საუცხოო სანახავია. ტბის ზურმუხტისფერი შეფერილობა საოცარ კონტრასტს ქმნის მის გარშემო არსებულ ფერდობებთან.

აქვე ახლოს ოკაცესა და მარტვილის კანიონების მონახულება შეგიძლიათ. თითოეული მათგანი ჩანჩქერებით, ლაჟვარდისფერი წყლებითა და ხავსმოდებულ კლდეებს შორის ჩაწოლილი მდინარეებით ნამდვილად აღგაფრთოვანებთ.

პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმის სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი. მისი დათვალიერება სურვილისამებრ ფეხით ან სანაოსნო გზით შეგიძლიათ. მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ “გაქვავებული ჩანჩქერები”, “ჩამოკიდებული ქვის ფარდები”, ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.

პრომეთეს მღვიმე - Prometheus Cave.

ნაკენახევის მღვიმე

ნავენახევის მღვიმის ისტორია 27 მილიონ წელს ითვლის. მღვიმეს სამკურნალო თვისება აქვს. შიგნით არსებული კლიმატი დადებითად მოქმედებს ასთმით დაავადებულებზე. მღვიმე ორი სართულისა და ოთხი დარბაზისგან შედგება.

Navenakhevi Cave - ნავენახევის მღვიმე.

გაბზარული ტბა

ფერდობებს შორის, ფართო ნაპრალის ფსკერზე მდებარე ზურმუხტისფერი გაბზარული ტბა ბუნების ნამდვილი საოცრებაა. იგი სიფონური ტბების რიცხვს მიეკუთვნება. ტბამდე კლდოვანი ბილიკი ჩადის და მის გასავლელად სპეციალური აღჭურვილობა დაგჭირდებათ.

გაბზარული ტბა - Gabzaruli Lake.

სანატორიუმები

წყალტუბოს სანატორიუმების დასათვალიერებლად ერთი დღე სრულიად საკმარისია. ისინი ცენტრალური პარკის გარშემო მდებარეობს. განაშენიანების გეგმის მიხედვით აქ 22 სანატორიუმი აიგო XX საუკუნის მეორე ნახევარში. ხელოვნურად გააშენეს 150-ზე მეტი განსხვავებული სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული კულტურა. სიმწვანეში ჩაეფლო მკურნალი წყაროები და 9 სააბაზანო. ეს ყველაფერი გეგმის თანახმად ამფითეატრის ფორმით განლაგდა.

მიტოვებული სანატორიუმები დღესაც არაერთ დამთვალიერებელს იზიდავს. ნეოკლასიკის სტილში აგებული შენობები და მათში გაყვავილებული მცენარეები ეგზოტიკური სანახავია.

განსაკუთრებით ლამაზია სანატორიუმები მედეა, ივერია, საქართველო, თბილისი, აია, გელათი, იმერეთი, სავანე, შახტიორი და მეტალურგი.

წყალტუბოს ძველი სანატორიუმი - Old sanatorium in Tskaltubo.