კონტენტზე გადასვლა

ლაგოდეხი უნიკალური და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის მხარეა. აქაურობა განსაკუთრებით მიმზიდველია ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულთათვის. ჩანჩქერები, ტბები და ნისლიანი ხეობები, მთის მდინარეები და ხავსმოკიდებული ტყეები წლის ნებისმიერ სეზონზე აღაფრთოვანებს ლაგოდეხის სტუმრებს.

დასვენება ლაგოდეხში

ღირსშესანიშნაობები

მეტის ნახვა

საუკეთესო დრო სანახავად

ლაგოდეხისა და მისი დაცული ტერიტორიების მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა ზოგიერთი მარშრუტის გავლა მისი სირთულიდან გამომდინარე ზამთარში რეკომენდებული არაა.

ლაგოდეხის ფოთლოვანი ტყეები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომით. ამ დროს ტყე ათასგვარი ყვავილითაა მოფენილი.

ზაფხულში მთის მდინარეებსა და ჩანჩქერებში ბანაობასაც შეძლებთ.

ლაგოდეხის შესახებ

ლაგოდეხი ზღვის დონიდან 435 მ-ზე მდებარეობს კახეთში. გადაჭარბების გარეშე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები თავისი ფლორითა და ფაუნით ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს რეგიონში. სწორედ ამიტომ, აქაურობა ეკო-ტურიზმით გატაცებულ ადამიანებს მთელი წლის მანძილზე იზიდავს.

ლაგოდეხში გავრცელებულ სამეფო წიფლისა და რცხილის ტყეებს საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. აქ გავრცელებული ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 საკუთრივ მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დაარსება პოლონელ მოყვარულ ნატურალისტს, ლუდვიგ მლოკოსევიჩს უკავშირდება. მან შენიშნა, რომ აქ მობინადრე როჭო ევროპულისგან განსხვავდებოდა და დასვა საკითხი ხეობა ნაკრძალად გამოეცხადებინათ. ექსპედიციის შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის ხეობაში არსებული მცენარეული საფარი წარმოადგენს მესამეული ფლორის იშვიათ მცენარეებს, რომელთა უმრავლესობა არის ვიწრო, ლოკალური, ენდემური სახეობები.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ მივიდეთ ლაგოდეხში?

თბილისიდან ლაგოდეხამდე მანძილი დაახლოებით 165 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 2 სთ და 30 წთ.

თუკი საკუთარი მანქანით გამგზავრებას არ გეგმავთ, თბილისში მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან ლაგოდეხის მიმართულებით მიკრო ავტობუსები გადიან 07:30-დან ყოველ ერთ საათში.