ლაგოდეხის 4 საუკეთესო სალაშქრო ბილიკი
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს როჭოს ჩანჩქერის, ნინოსხევის ჩანჩქერის, მაჭის ციხისა და შავი კლდეების ტბის მიმართულებით.
1. ნინოსხევის ჩანჩქერი
სიგრძე: 8 კმ
დრო: 3-4 სთ
სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა
სირთულე: საშუალო
უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან: 590 მ
უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: 890 მ
ნინოსხევის ჩანჩქერისკენ საცალფეხო გზა გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება, მიუყვება მდინარე ნინოს ხევის ნაპირებს და საბოლოოდ 40 მეტრიანი ჩანჩქერის პეიზაჟით სრულდება. ჩანჩქერი პატარ-პატარა წყალვარდნილებსა და აუზებს ქმნის კლდის ფერდობზე. ზაფხულობით ჩანჩქერში გაგრილება და მის პირას პიკნიკის მოწყობაც შეგიძლიათ.
2. მაჭის ციხე
სიგრძე: 10 კმ
დრო: 4 სთ
სეზონი: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა
სირთულე: საშუალო
უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან: 430 მ
უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: 740.5 მ
ტური იწყება სოფ. მაწიმში არსებული საინფორმაციო ცენტრიდან და მიემართება მდინარე ბნელიხეობის მიმართულებით
ვიწრო ბილიკს ტყისა და კორომების გავლით მივყავართ საუკუნეების წინ აგებულ ციხე-სიმაგრესთან.
ციხე-სიმაგრის გალავნის შიგნით ჯერ კიდევ დგას კარის ეკლესია და შემორჩენილია მიწისქვეშა გასასვლელები.
გაითვალისწინეთ: თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან ბილიკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს მიემართება.
3. როჭოს ჩანჩქერი
სიგრძე: 9 კმ
დრო: 3 სთ
სეზონი: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა
სირთულე: საშუალო
უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან: 567.8 მ
უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: 922.5 მ
როჭოს ჩანჩქერის სალაშქრო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ფართოფოთლოვანი ტყის გავლით მდინარე შრომიხევის მიმართულებით გრძელდება. ვიწრო, დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკი მდინარის პირს მიუყვება პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით. მარშრუტის ბოლოს მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით გადმოვარდნილ როჭოს ჩანჩქერს მიადგებით, რომელიც 6 მეტრის სიმაღლიდან ეშვება.
4. შავი კლდეების ტბა
სიგრძე: 42 კმ
დრო: 3 დღე
სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა
სირთულე: რთული
უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან: 569 მ
უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: 2857 მ
შავი კლდეების ტბისკენ მიმავალი მარშრუტის პირველი მონაკვეთი 12 კმ სიგრძისა და 8 საათის ხანგრძლივობისაა. გზა ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფარ მეტეომდე გრძელდება. მეტეოს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.
ლაშქრობის მეორე ნაწილი 15 კმ-ის სიგრძისა და 7 საათის ხანგრძლივობისაა. ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში – ,,დემიდოვის ბინა“.ბინა განთავსებულია 2650 მეტრზე ზღვის დონიდან ალპურ მდელოზე. ბინიდან ახლოს გადასახედებია მდ. ლაგოდეხისხევის, მდ. შრომისხევის ხეობებზე, ასევე აქედან იშლება საუკეთესო ხედი ალაზნის ველზე და კავკასიონზე.
ტურისტული თავშესაფრიდან ადმინისტრაციულ ცენტრში დასაბრუნებლად 15კმ-ის გავლა მოგიწევთ კუდიგორის ქედის გავლით.