ნინოსხევის ჩანჩქერის შესახებ
წარმოიდგინეთ მწვანე ტყესა და კლდეებს შორის ჩამალული ჩანჩქერი რომელიც აუზში რამდენიმე კასკადოვან პატარა ჩანჩქერს ქმნის, შემდეგ კი ქვიან კალაპოტში ხმაურით მიედინება. მდინარის ნაპირები კი უამრავი გვიმრისებრი ბუჩქითა და საოცარი სილამაზის ხეებითაა გარშემორტყმული. სწორედ მსგავსი სილამაზით აოცებს ადგილობრივებს თუ უცხოელ მოგზაურებს ნინოსხევის იგივე გურგენიანის ჩანჩქერი. როდესაც ამ საოცარ ადგილზე მოხვდებით თავს სულ სხვა სამყაროში იგრძნობთ, საქართველოდან ძალიან შორს, სადღაც სუბტროპიკულ ტყეში. თუმცა ეს სილამაზე ჩვენთან ძალიან ახლოს, ლაგოდეხის ეროვნულ პარკთან მდებარეობს.
ნინოსხევის ულამაზესი ჩანჩქერის სიმაღლე 40 მეტრია. ეს ადგილი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მოლაშქრეებში, და ჩანჩქერისკენ მიმავალი ბილიკი კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს მოიცავს, რომლის საბოლოო დანიშნულება ნინოსხევის ჩანჩქერია. აღსანიშნავია, რომ ჩანჩქერის რელიეფი შესანიშნავია. მოლაშქრეებს შეუძლიათ ჩანჩქერის თავზეც მოექცნენ და სიმაღლიდან ისიამოვნონ ამ საოცარი ბუნების ძეგლით.
მდებარეობა
ნინოსხევის იგივე გურგენიანის ჩანჩქერი ისტორიულ კახეთში, ლაგოდეხთან ახლოს მდებარე სოფელი გურგენიანის ტერიტორიაზე მდებარეობს. კერძოდ კი ჩანჩქერი სოფლიდან 8 კმ-ში მოედინება და საზრდოობს მდინარე ნინოსხევის წყლით. სწორედ მისი მდებარეობიდან გამომდინარებს ჩანჩქერის ორივე სახელწოდებაც. ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა არც ისე მარტივია და ფეხით საკმაო მანძილის გავლაც მოგიწევთ, თუმცა თუ ბუნება და ბუნებაში ლაშქრობა გიყვართ, ამ გზის გავლით უფრო ისიამოვნებთ, ვიდრე დაიღლებით.
ტური ნინოსხევის ჩანჩქერზე
ნინოსხევის ჩანჩქერზე ტურები ხშირად ტარდება და ეს ნებისმიერი ადამიანისთვისაა გათვლილი ვისაც ბუნებაში ლაშქროა იყვარს. ტური რამდენიმე ნაწილისგან შედგება და რელიეფური გადაადგილების მხრივ საკმაოდ მრავალფეროვანი და საშუალო სირთულისაა. ტური გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება საიდანაც მიემართება საფეხმავლო ბილიკი მდინარე ნინოსხევის პარალელურად. ხეობა სავსეა უამრავი ლამაზი მცენარით, უზარმაზარი ლოდებით და ულამაზესი პეიზაჟებით. გზად რამდენიმე ხიდი შეგხვდებათ რომელიც მდინარე ნინოსხევის ნაპირებს აკავშირებს ერთმანეთისგან. საბოლოოდ კი დაახლოებით 8 კილომეტრის გავლის შემდეგ საოცარ ნინოსხევის ჩანჩქერთან აღმოჩნდებით. საინტერესოა რომ ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე ისეთ იშვიათ რელიქტიურ მცენარეებს შეხვდებით როგორიცაა ლაგოდეხის თეთრყვავილა, ნაღველა, ლაფანი, ქართული მუხა და სხვა. არ გაგიკვირდეთ თუ ტურის მანძილზე შემთხვევით ირემს, გარეულ ღორს ან შველს შეხვდით.
საუკეთესო დრო სანახავად
ნინოსხევის ჩანჩქერი და მისკენ მიმავალი გზა ნებისმიერ სეზონზე საოცრად ლამაზია თუმცა განსაკუთრებული სილამაზეა თუ ჩანჩქერს ივლისი-ოქტომბრის პერიოდში მოინახულებთ. ამ დროს ხეობის მცენარეები საოცრად ფერადია ხოლო ამინდები ფეხით სავალი საკმაო მანძილისთვის კომფორტული, მზიანი და თბილი. შემოდგომაზე კი ნინოსხევიდან დაბრუნებულს შეგიძლიათ კახეთის სოფლებში გამართულ რთველსაც შეუერთდეთ რაც ნამდვილად რომ უნიკალური გამოცდილებაა.
ხშირად დასმული კითხვები
სად მდებარეობს ნინოსხევის ჩანჩქერი?
ჩანჩქერი მდინარე ნინოსხევზე, ლაგოდეხთან ახლოს მდებარე სოფელ გურგენიანში მდებარეობს.
რა სიმაღლისაა ნინოსხევის ჩანჩქერი?
ჩანჩქერის სიმაღლე 40 მეტრია.