კონტენტზე გადასვლა

იმერეთი მდიდარი ისტორიისა და მრავალფეროვანი ბუნების მხარეა. მისი კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობებიდან გამორჩეული მნიშვნელობისაა გელათის მონასტერი და უძველესი ქალაქი ქუთაისი, რომელიც კოლხთა სამეფოს დედაქალაქი იყო. იმერეთის ბუნება ცნობილია შთამბეჭდავი კანიონებით, ჩანჩქერებით, მინერალური წყაროებითა და კარსტული მღვიმეებით.

იმერეთის ღირსშესანიშნაობები

ბუნების ძეგლები

რა ვნახოთ იმერეთში?

იმერეთი ერთნაირად იზიდავს როგორც ისტორიული და ბუნების ძეგლების მოყვარულებს, ისე ეკო ტურიზმით გატაცებულ და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანებს. მხარის კურორტები გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმით დაინტერესებულ ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს.

იმერეთის მონახულება მისი მთავარი ქალაქითა და მშვენებით, ქუთაისით უნდა დაიწყოთ. სწორედ აქ მდებარეობს ქართული ქრისტიანული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლები – გელათის, ბაგრატისა და მოწამეთას ტაძრები.

იმერეთის ბუნების ძეგლებიდან შთამბეჭდავი სანახავია მისი კარსტული მღვიმეები – პრომეთე, სათაფლია და ნავენახევი.

მხარე მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებითა და ტბებით – ოკაცეს, ხანის და სამცვერას ჩანჩქერები; გაბზარული ტბა, ლომინას, ჯაჯის და ცივი ტბები.

იმერეთის კურორტები ცნობილია უნიკალური მინერალური და სამკურნალო წყლებითა და მთის ჰავით. წყალტუბოს, საირმისა და ნუნისის კურორტები დამსვენებლებს გამაჯანსაღებელი დასვენების გარდა, კომფორტულ ატმოსფეროსა და გასართობ აქტივობებსაც სთავაზობს.

იმერეთის მდინარეები

იმერეთში გვხვდება როგორც დიდი, წყალუხვი მდინარეები, ისე პატარა მთის მდინარეები და მიწისქვეშა, კარსტული წყლები, რომლებიც მღვიმეებს წარმოქმნიან. დიდი მდინარეებიდან აქ ჩამოედინება რიონი და ცხენისწყალი. შედარებით მცირე ზომისაა მდინარე ყვირილა, რიკოთულა, ტყიბულა, ძირულა, ძუსა, ჩხერიმელა და სხვა.

რიონი - Rioni.

ქუთაისი

ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია მსოფლიოში. ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობებია გელათის, ბაგრატისა და მოწამეთას ტაძრები. აღსანიშნავია მის მახლობლად მდებარე კარსტული მღვიმეები, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს დამთვალიერებელზე.

კოლხური შადრევანი - Kolkha Fountain.

წყალტუბო

წყალტუბოს სამკურნალო წყლები განსაკუთრებით იზიდავს გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმით დაინტერესებულ ადამიანებს. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე კეთილმოწყობილი სასტუმროა, სადაც სამკურნალო პროცედურების ჩატარებასთან ერთად დასვენებასა და გართობასაც შეძლებთ.

წყალტუბოს ძველი სანატორიუმი - Old sanatorium in Tskaltubo.

საირმე

საირმე წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით გარშემორტყმული კურორტია სადაც 4 სხვადასხვა შემადგენლობის სამკურნალო წყარო ამოდის. გარდა ამისა, კურორტის ტერიტორიაზე შეგიძლიათ სხვადასხვა გასართობი აქტივობით, ლაშქრობითა და სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავდეთ.

საირმე - Sairme.

ნუნისი

ნუნისი ბალნეო-კლიმატური კურორტია, რომლის უნიკალურობასაც განსაზღვრავს სამკურნალო წყლისა და ჰავის შერწყმა. საქვეყნოდ ცნობილი წყლის აბაზანების გარდა, ნუნისი განთქმულია დღემდე ამოუცნობი მისტიური ღირშესანიშნაობებითა და ისტორიული ნაგებობებით.

ნუნისი - Nunisi.

ჭიათურა

ჭიათურის რაიონში მცირე ზომის ტბებს, ჩანჩქერებსა და ულამაზეს მღვიმეებს აღმოაჩენთ. კულტურული და ისტორიული ძეგლებიდან გამორჩეულია კაცხის სვეტი და მასზე აგებული ტაძარი, რომელიც მნახველთა აღფრთოვანებას იწვევს.

ჭიათურა - Chiatura.

საჩხერე

საჩხერის ტერიტორიაზე არაერთი შუა საუკუნეების პერიოდის ტაძარია შემორჩენილი. ტურისტების საყვარელი სანახაობაა დევის ტბა, რომელიც გარშემორტყმულია ფოთლოვანი ტყით და ულამაზეს სანახაობას ქმნის.

საჩხერე - Sachkhere.

ვანი

ვანი ცნობილია უძველესი ნაქალაქარით, რომელიც უიშვიათეს არქეოლოგიურ ძეგლს წარმოადგენს. აქედან იმერეთის დაბლობების თვალისმომჭრელი ხედი იშლება. აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში მოინიშნეთ გოგირდის გეიზერები და კარსტული მღვიმეები.

დიხაშხოს ჭალები - Dikhashkho natural hot pools.

ბაღდათი

ბაღდათში ჩასულ ტურისტებს არაერთი საინტერესო ბუნებისა თუ ისტორიული ძეგლის მონახულება შეუძლიათ. პოპულარული ტურისტული ლოკაციებია ხანის ჩანჩქერი, ვულკანური წარმოშობის ქვასვეტები, აჯამეთის აღკვეთილი და ვარციხის წყალსაცავი.

ბაღდათი - Baghdati.

ზესტაფონი

ზესტაფონის ღირსშესანიშნაობებიდან ტურისტების საყვარელი ადგილია სამცვერას ჩანჩქერი. ანტიკური პერიოდიდან შემონახულია შორაპნის ციხე. შუა საუკუნეების ძეგლებიდან - თამარის ხიდი, ტაბაკინის მონასტერი, საქარის ეკლესია და სხვა.

ზესტაფონი - Zestafoni.

იმერეთის სამეფო

იმერეთის სამეფო XIII საუკუნის მეორე ნახევარში, საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად წარმოიქმნა. მისი სატახტო ქალაქი ქუთაისი იყო. თავდაპირველად იგი დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავდა; XVI-XVII საუკუნეებში შიდა უთანხმოებებისა და კონფლიქტების გამო მას ოდიშის, გურიის, აფხაზეთისა და სვანეთის სამთავროები გამოეყო. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია იმერეთითა და რაჭა-ლეჩხუმით შემოიფარგლებოდა.

იმერეთის სამეფოს ქართლის სამეფოსგან ლიხის ქედი ყოფდა, ხოლო დასავლეთით მისი საზღვარი მდ. ცხენისწყალზე გადიოდა, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი ესაზღვრება, ხოლო სამხრეთით მესხეთის მთები.

იმერეთის სამეფოს ურთიერთობა ოსმალეთთან 1508 წელს დაიწყო და მთლიანობაში სამ საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა. იგი ზოგჯერ მეგობრული, დროდადრო კი მტრული იყო. ამ პერიოდში იმერეთის სამეფო ტახტს მეფე ბაგრატ III (1510-1565) მართავდა.

მისი მეფობის პერიოდში, იმერეთისა და ზოგადად საქართველოს მთავარ

პრობლემებს, მმართველთა შორის არსებული უთანხმოება და ტყვეთა ვაჭრობა

წარმოადგენდა.

იმერეთის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა სოლომონ I მეფობის დროს. სოლომონ პირველის გარდაცვალების შემდეგ (1784) ცენტრალური ხელისუფლების ძლიერება ისევ შეირყა. დაიწყო იმერეთის ტახტის პრეტენდენტთა შორის ბრძოლა.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ რუსეთის სამხედრო მოხელეებმა დაიწყეს ნიადაგის მომზადება იმერეთის სამეფოს გასაუქმებლად. სოლომონ II დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და იგი ბრძოლას განაგრძობდა. ეს ბრძოლა ცნობილია საქართველოს ისტორიაში იმერეთის აჯანყების (1810) სახელწოდებით. 1810 წელს რუსეთმა გააუქმა იმერეთის სამეფო.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1832 წლის თავადაზნაურთა შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული სახელმწი­ფო­ებ­რი­ობის აღდგენას. მან ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გაღვივებას.

იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა იმერეთის ოლქი, რომელიც 1840 წლამდე არსებობდა.

ხშირად დასმული კითხვები

იმერეთის მუნიციპალიტეტები

იმერეთის მხარეში შედის ქუთაისის, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტები.