გომისმთა მაღალმთიანი კურორტია, რომლის განსაკუთრებული თვისება უნიკალურ კლიმატსა და ზღაპრულ ხედებშია. მას ნისლების სამეფოსაც უწოდებენ და ის ყველა ვიზიტორში დაუვიწყარ მოგონებებს ქმნის. მყუდრო კურორტი, მთა-გორიანი რელიეფი, ხის ძველებური კოტეჯები და სოჭის ტყეები საინტერესო თავგადასავალს ქმნის ნებისმიერი ასაკის სტუმრისთვის.
გომისმთის ღირსშესანიშნაობები
ჩვენი რჩევა
უშუალოდ კურორტზე რესტორნები და კვების ობიექტები არაა განლაგებული. შესაბამისად, კვება ინდივიდუალურად უნდა უზრუნველყოთ. გაითვალისწინეთ, რომ აქ, სასურსათო მაღაზიები არაა ხელმისაწვდომი. უახლოესი რესტორანი სოფელ გომში, გომისმთისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. რესტორანი “გომი ვერდანდაში” შეგიძლიათ მდინარის გასაოცარი ხედებით და ქართული ტრადიციული კულინარიით ისიამოვნოთ. კურორტზე ჯერ არაა ხელმისაწვდომი სასტუმროები, მაღაზიები, აფთიაქები და გასართობი ობიექტები.
გომისმთის ისტორია
ისტორიულად გომისმთის ტერიტორია საძოვრებად გამოიყენებოდა, აჭარასა და გურიაში მცხოვრები მწყემსებისთვის. მას მოსახერხებელი რელიეფი და მდებარეობა ჰქონდა. საძოვრები შემოქმედის მონასტრის კუთვნილებაში შედიოდა. ჩანაწერებში გომისმთა 1902 წელს ჩნდება და დახასიათებულია, როგორც მეჩხერად დასახლებული დაბა, 20-მდე ხის სახლითა და დუქნით. დამსვენებლთა რაოდენობა კი დაახლოებით 200 იყო.
1931 წელს კი ქართველი რევოლუციონერი, ფილიპე მახარაძე სტუმრობს გომისმთას. მახარაძეს თან ახლდა დელეგაცია და კლიმატის შემსწავლელი ექსპერტი, რომელმაც შეისწავლა გომისმთის კლიმატური თვისებები. სწორედ შედეგების მიხედვით გადაწყდა ადგილზე კურორტის მოწყობა, თუმცა პროცესი მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა.
ომის შემდეგ, 1955 წელს, ოზურგეთიდან დაიწყო გომისმთამდე მიმავალი გზის მშენებლობა და აშენდა 500-მდე კოტეჯი. 1970-1980-იან წლებში კი გომისმთა ტურისტებისთვის საყვარელ ადგილად იქცა, რომელსაც ზაფხულის სეზონზე ასობით ადამიანი სტუმრობდა. მზარდი მოთხოვნის გამო, 1991 წელს ელექტროენერგიის გაყვანა დაიგეგმა, თუმცა რიგი მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა. 2010 წელს ტურისტების წახალისების მიზნით, დაწესდა დღესასწაული გომისმთობა. 2020 წელს კი გომისმთას დაბის სტატუსიც მიენიჭა.
ხშირად დასმული კითხვები
რა განსხვავებაა გომისმთასა და ბახმაროს შორის?
გომისმთა, ისევე როგორც ბახმარო სამკურნალო თვისებებით გამორჩეული მთა-გორიანი კურორტია, გურიაში. გეოგრაფიულად ისინი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ. შესაბამისად, გომისმთიდან მარტივად შეგიძლიათ ბახმაროს მონახულებაც. მთავარი განსხვავება დასახლების სიმჭიდროვეშია. გომისმთის ინფრასტრუქტურა ნაკლებადაა მოწყობილი და დასახლებაც ნაკლებია. შესაბამისად, გომისმთა მეტად უფრო პოპულარულია ლაშქრობის მოყვარული ტურისტებისთვის.