ყაზბეგი ის ადგილია, საიდანაც ყველაზე კარგად შეგიძლიათ შეიგრძნოთ კავკასიონის მთების სიდიადე და დიდებულება. სტეფანწმინდა იგივე ყაზბეგი, ისტორიული ხევის, ერთ–ერთი უძველესი დასახლებული ადგილია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით.
ყაზბეგის ღირსშესანიშნაობები
ბუნების ძეგლები
რა ვნახოთ ყაზბეგში?
ყაზბეგში შეგიძლიათ ისიამოვნოთ, როგორც უნიკალური ბუნების ძეგლებით, ასევე მოინახულოთ უძველესი ისტორიული ძეგლები და ახალისამონასტრო კომპლექსები. ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა გერგეტის სამება, ლაშქრობა მყინვარწვერზე და აბანოს მინერალური ტბა.
თითოეული არქიტექტურული ძეგლი ისტორიული მნიშვნელობისაა და ამასთან ყველა მათგანი გამოირჩევა გასაოცარი ხედებით კავკასიონის ქედზე. ასევე აღსანიშნავია უნიკალური ხატწერის ნიმუშები, როგორც გერგეტის, ასევე უახლეს სამონასტრო კომპლექსებში, მათ შორის ელია წინასწარმეტყველის მამათა მონასტერში. ასევე განსაკუთრებულ შთბეჭდილებებს დაგიტოვებთ სნოს ციხე და მერაბ ფირანაშვილის სკულპტურები, რაც ყაზბეგს კიდევ უფრო უნიკალურ ესთეტიკას ანიჭებს.
თუ უფრო მეტად ექსტრემალური ტურიზმი გიზიდავთ, ამ მხრივ ყაზბეგი გამორჩეული სალაშქრო მარშრუტია თქვენთვის, სადაც ერთდროულად შეძლებთ გაეცნოთ ალპურ ფლორას, მოინახულოთ ჩანჩქერები, მთებს შორის არსებული ტბები და მოაწყოთ ლაშქრობა კავკასიონის მყინვარების კალთებზე. ბუნების ძეგლების კუთხით, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გველეთის და თოთის ჩანჩქერები, რომელთა მონახულება არ წარმოდგენს რელიეფურად რთულ მარშრუტს. აქ, ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს შეუძლია დაუვიწყარი თავგადასავლების პოვნა.
გერგეტის სამების ტაძარი
გერგეტის სამება ყაზბეგის მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მას ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელიც ისტორიულად, ხევის მთავარ სამლოცველოს წარმოადგენდა. კომპლექსი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და მისი გალავნიდან იშლება გასაოცარი ხედი მყინვარწვერზე.

ყაზბეგის მთა (მყინვარწვერი)
ხოხის ქედზე მდებარე მყინვარი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბუნების ძეგლია. მყინვარწვერი მძინარე ვულკანია და მისის სიმაღლე 5054 მეტრია. მყინვარწვერი მუდმივად თოვლითაა დაფარული და მისგან მდინარე თერგი იღებს სათავეს. გერგეტის სამებიდან კი მნახველებს მყინვარწვერის საუკეთესო ხედით შეუძლიათ მიიღონ სიამოვნება.

სტეფანწმინდის ელია წინასწარმეტყველის სახ. მამათა მონასტერი
მამათა მონასტერი ერთ–ერთი უახლესი ძეგლია ყაზბეგში, რომელიც 2003 წელს აშენდა. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას, ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარსა და ეგნარე ღმერთშემოსილის სახელობის ეკლესიას. სამონასტრო კომპლექსიდან შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი პანორამული ხედებით, გერგეტის სამებასა და მყინვარწვერზე.

გველეთის დიდი ჩანჩქერი
სოფელ გველეთში მდებარე ჩანჩქერი ტურისტებს გასაოცარ შთაბეჭდილებებს უტოვებს. ეს არის ულამაზესი ჩანჩქერი კლდეებს შორის, რომელთან ახლოსაც შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი ან დაბანაკდეთ. ჩანჩქერამდე 1 კმ–იანი საფეხმავლო ბილიკი უნდა გაიაროთ და ყაზბეგიდან ის 7 კმ–ში მდებარეობს.

დარიალის სამონასტრო კომპლექსი
დარიალის სამონასტრო კომპლექსი ერთ–ერთი უახლესი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და ის ჯამში 12 ტაძარს მოიცავს. ყაზბეგიდან კომპლექსი 10 კმ–ითაა დაშორებული და გამოირჩევა ქართული არქიტექტურული ელემენტებით და გასაოცარი ფრესკებით.

ფანშეტის საცურაო აუზი და მინერალური წყარო
ფანშეტის საცურაო აუზი ყაზბეგთან მდებარე უნიკალური ადგილია, სადაც შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ იმუნიტეტი და ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით კავკასიონზე. ეს არის უახლესი დასასვენებელი სივრცე, რომელიც მოიცავს აუზს და სხვა გამაჯანსაღებელ სპორტულ და მოსასვენებლ სივრცეებს.

მერაბ ფირანაშვილის სკულპტურები
მერაბ ფირანაშვილის სკულპტურები აღდგომის კუნძულის ცნობილ ქანდაკებებს მოგაგონებთ. ეს არის კვარცის გიგანტურ ქვებზე გაკეთებული სკულპტურები, რომლებზეც გამოსახულნი არიან ცნობილი ქართველი მოღვაწეები, შოთა რუსთაველი, თევდორე ბერი და ალექსანდრე ყაზბეგი. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ქრისტეს ქანდაკებაც.

სნოს ციხე
სნოს ციხეს ღუდუშაურის ციხესას უწოდებენ. ეს არის ერთ–ერთი უძველესი და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც XVI საუკუნეშია აგებული. ციხეს ადგილობრივები მტრისგან დასაცავად იყენებდნენ, რადგან ადგილმდებარეობა მოსახერხებელი იყო ხევზე გამავალი გზების საკონტროლებლად. კოშკის სიმაღლე 20 მეტრია. ის დღეს საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა მთავარი ნაგებობა და საბრძოლო ელემენტების ნაწილები, კვლავ შემორჩენილია.

თრუსოს ხეობა
თრუსოს ხეობა ერთ–ერთი ულამაზესი ბუნების ძეგლია, რომელიც სოფელ კობთან მდებარეობს. მას მდინარე თერგის ხეობასაც უწოდებენ და ის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და უღელტეხილ თრუსოზე მდებარეობს. ხეობა მინერალებით და უნიკალური სტრუქტურით გამოირჩევა. აქ ერთდროულადაა გამოხატული მყივარებისაგან და ვულკანური ლავებისგან წარმოქმნილი რელიეფი.

აბანოს მინერალური ტბა
აბანოს მინერალური ტბა უნიკალური ბუნების ძეგლია, რომელიც ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს. თრუსოს ხეობაში მდებარე ტბა გამოირჩევა უნიკალური კარბონატული ქანებით, რომელიც შედგება ნახშირორჟანგა აირის ბუშტებისგან. როგორც ამბობენ, ტბა დუღს და წნევის ძალით, წყლის ბუშტები 10–15 სმ–ის მანძილზე აიტყორცნება. ტბას წყლის მინერალები და წყალცენარეები ლაჟვარდისფერ შეფერილობას აძლევს. აბანოს მინერალური ტბა წითელ წიგნშია შეტანილი.

ზაქაგორის ციხე–სიმაგრე
ზაქაგორის უძველესი ციხე თრუსოს ხეობაში მდებარეობს და ის XIII საუკუნით თარიღდება. ის დასახლებულ სოფელს წარმოადგენდა, თუმცა დიდი ხანია ნასოფლარად იქცა. ციხე–სიმაგრე ორი თავდაცვითი კოშკისაგან, საცხოვრებელი ნაგებობებისგან და გალავნისგან შედგება. კომპლექსის დიდი ნაწილი დანგრეულია, თუმცა კოშკის ნაწილები, ორსართულიანი სახლის ნანგრევები და მათ შორის მოქცეული მოედანი, ჯერ კიდევ შემორჩენილია.

ბიდარას ტრავერტინები
ბიდარის ხეობაში მდებარე ეს უნიკალური ბუნების ძეგლი კიროვანი ტუფების მინდორს წარმოადგენს, რომლებისგანაც წყაროები მოედინება. ბიდარას ტრავერტინები კობი–გუდაურის საავტომობილო გზაზე მდებარეობს და შემადგენელი მინერალების გამო, ის თეთრი და ნარინჯისფერი შეფერილობისაა. უნიკალური ფორმის მქონდე ტრავერტინები უიშვიათესი ბუნების ძეგლია და ძირითადად კარბონატული მინერალებისგან შედგება.

ყაზბეგის ეროვნული პარკი
ყაზბეგის ეროვნული პარკი საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია, სადაც იდეალურადაა წარმოჩენილი ქვეყნის ალპური ფლორა, მყინვარებთან ერთად. აქ შეხვდებით უამრავ ენდემური სახეობის მცენარეს, ცხოველსა და ფრინველს. ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის ისტორიული ციხე–კოშკები და ნასოფლარები, თრუსოსა და ხდის ხეობები.
