ჯუთა ყაზბეგის ერთ–ერთი უნიკალური სოფელია, რომელიც ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. აქ შეხვდებით ალპური ზონისთვის დამახასიათებელ მცენარეებსა და თოვლიან კავკასიონის ქედს. ჯუთა არა მარტო უცხოელი, არამედ ქართველი მოლაშქრეების ერთ–ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ულამაზეს ხედებთან ერთად, გასაოცარი ჩანჩქერებითა და ჭაუხებით შეგიძლიათ ისიამოვნოთ.
ჯუთას ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ ჯუთაში?
ჯუთაში მოგზაურობისას ერთდროულად შეძლებთ ისიამოვნოთ როგორც ალპური ბუნებით, ასევე ჩრდილოეთ საქართველოს და ხევის უძველესი ისტორიით. თუმცა, ჯუთა უფრო პოპულარული, მაინც გასაოცარი ტბების, ჩანჩქერებისა და კავკასიონის ქედის გამოა. მათ შორის გამორჩეულია აბუდელაურის და ჯუთას ტბები. ასევე მოლაშქრეები ხშირად სტუმრობენ ჯუთას ჩანჩქერს. აქ ტურისტები ხშირად ბანაკდებიან, და უმეტესად ფეხით გადაადგილდებიან. კავკასიონის ქედთან ერთად, უნიკალურ სანახაობას ქმნის ჯუთას ცნობილი ჭიუხის უღელტეხილი რომლის მთებიც უჩვეულოდ დაკბილული ფორმებით გამოირჩევა. ზაფხულში ჯუთას მთები სრულიად დაფარულია სიმწვანით, ხოლო ზამთარში თოვლით.
ჯუთასთვის დამახასიათებელ არქიტექტურასთან ერთად, ხევის კულტურას ხალხური ღონისძიებებითა და ათენგენობის დღესასწაულით კიდევ უფრო კარგად გაიცნობთ. ამასთან შეძლებთ ქართული სტუმართმასპინძლობითაც ისიამოვნოთ.
ჭაუხის უღელტეხილი
ჭაუხის უღელტეხილი ჯუთასთან მდებარე, საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი უღელტეხილია, რომლის სიმაღლე 3338 მეტრია. ჭაუხის უღელტეხილი რამდენიმე მდინარეს აერთიანებს, მათ შორის ჯუთისწყალს და აბდელაურის ხეობებს. უღელტეხილი უნიკალური ბუნებით გამოირჩევა. აქ ერთდროულად შეგიძლიათ იხილოთ ალპური მცენარეებით დაფარული მწვანე მთები და კავკასიონის მყინვარები.

აბუდელაურის ტბები
აბდელაურის ტბები ჯუთაში მდებარე უნიკალური ბუნების ძეგლია, რომელიც მყინვარული წარმოშობისაა. ტბა, კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს და მოქცეულია, თოვლიან მყინვარებს შორის. ის სწორედ ამ მყინვარებზე არსებული თოვლითა და წვიმის წყლით საზრდოობს. ამავე მიზეზის გამო, ტბებში თევზები არ ბინადრობენ. მდებარეობის გამო, აბუდელაურის ტბები ზამთარში ყინულითაა დაფარული. ეს ტბები ასევე ლურჯი და მწვანე ტბის სახელითაა ცნობილი. მათ წყლის სისუფთავის ფონზე სარკისებული ეფექტი აქვთ, რაც ტბებს კიდევ უფრო გასაოცარ სილამაზეს სძენს.

ჯუთას ჩანჩქერი
ჯუთას ჩანჩქერი 10 მეტრის სიმაღლისაა და ყოველწლიურად ასობით ტურისტს იზიდავს. მისი გამორჩეულობა რამდენიმე საფეხურიან ნაკადებშია, რომელიც მთის რელიეფიდანაა გამომდინარე. ჯუთას ჩანჩქერი ჭაუხებთან ახლოს მდებარეობს. ის ასევე ახლოსაა თინას, იგივე ჯუთას ტბასთან. ჩანჩქერის წყლის სისწრაფე საკმაოდ მაღალია, რელიეფურად კი ვიწროა. შესაბამისად, ჩანჩქერს არ გააჩნია საცურაო ადგილი.

ჯუთას ტბა
ჯუთას ტბას ასევე თინას ტბასაც უწოდებენ. ეს არის ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარე პატარა და ულამაზესი ტბა, რომელიც ჭაუხების ძირში მდებარეობს. აბუდელაურის ტბების მსგავსად, ჯუთას ტბაც მყინვარების თოვლისაგან და წვიმისაგან საზრდოობს. ტბა გაშლილ რელიეფზეა, რაც ტურისტებს ტბასთან ახლოს დაბანაკების საშუალებას აძლევს.

ჭაუხები
ჭაუხები ჯუთას განსაკუთრებული ბუნების ძეგლია, რომელიც მოიცავს ჭაუხის უღელტეხილს, მასთან მდებარე ტბებსა და ჭაუხის მთას, რომლის სიმაღლეც 3688 მეტრია. მთისგან სათავეს მდინარე ბაკურხევი იღებს და გამოირჩევა უნიკალური კლდოვანი ფორმებით, რომელიც მუდმივად თოვლითაა დაფარული. ჭაუხები რამდენიმე მთას მოიცავს. მათ შორისაა ჩრდილოეთის, აღმოსავლეთის და დასავლეთის ჭაუხები.

ყაზბეგის მთა (მყინვარწვერი)
მყინვარწვერი იგივე ყაზბეგის მთა, ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უნიკალური კლდოვანი ფორმებით გამოირჩევა. ის მძინარე ვულკანს წარმოადგენს და მისი სრული სიმაღლე 5054. ყაზბეგის მთას კონუსური ფორმა აქვს და მუდმივად თოვლითაა დაფარული. მყინვარწვერი ალპინისტებისთვის ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია.