კონტენტზე გადასვლა

ბათუმის დელფინარიუმი ერთ–ერთი გამორჩეული და ყველასათვის საყვარელი ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ. ნებისმიერი სტუმრისთვის, დელფინების წარმოდგენა დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს. ამასთან, ეს არის საქართველოში ერთადერთი დელფინარიუმი, რომელიც ყოველთვის ანებივრებს მაყურებლებს ახალ–ახალი შოუებით.

ბათუმის დელფინარიუმის შესახებ

დელფინარიუმი ქალაქ ბათუმის ერთ–ერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობაა და ის 1966 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ბათუმის დელფინარიუმი მსოფლიოს ერთ–ერთ უდიდეს დელფინარიუმს წარმოადგენდა. ის გამოირჩევა განახლებული პროგრამებით და ვიზიტორთათვის უნიკალური შეთავაზებებით.

დელფინარიუმის ამფითეატრი 4 სექტორს მოიცავს და გათვლილია 795 მაყურებელზე. სასიხარულო ფაქტია, რომ ამფითეატრი სრულად მორგებულია შშმ პირებზეც.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. დელფინარიუმის შენობა ასევე აერთიანებს აკვარიუმსაც, სადაც წარმოდენილია შავი ზღვისთვის და საქართველოს ბუნებისთვის დამახასიათებელი ათობით სახეობის თევზი. დელფინარიუმში ასევე გაერთიანებულია კვლევის ცენტრი, რომელიც საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც მოიცავს. ეს ცენტრი ასევე მიზნად ისახავს შავ ზღვაში დელფინებისთვის დახმარების გაწევას, მათი სანაპირო წყლებში გამოჩენის ან სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევაში. შესაბამისად, თუ გაინტერესებთ წყლის ფლორა და ფაუნა, მის გასაცნობად, ბათუმის დელფინარიუმი საუკეთესო ადგილია.

დელფინები თამაშობენ - Dolphins playing.
დელფინები თამაშობენ

სერვისები

ბათუმის დელფინარიუმი რამდენიმე სერვისს გთავაზობთ. ძირითადი სერვისი დელფინების შოუა, სადაც 10 დელფინი იღებს მონაწილეობას. შოუ ორ ენაზე, ინგლისურად და ქართულად იმართება და მოიცავს 30–მდე ნომერს. მათ შორისაა ქართული და სამეჯლისო ცეკვები, რგოლებით თამაში, კუდზე ბალანსი, Foot Push–ის გასაოცარი წარმოდგენა და სხვა მრავალი ახალი შთამბეჭდავი ნომერი.

თუ უფრო მძაფრი ემოციები გიზიდავთ, მაშინ დელფინებთან ერთად ცურვა უნდა სცადოთ. მეგობრული დელფინები დაუვიწყარ მოგონებებს გაჩუქებენ. დელფინარიუმის გვერდით ასევე შეგიძლიათ უნიკალური თევზის სახეობებს გაეცნოთ და აკვარიუმში თევზიც კი შეიძინოთ. გაითვალისწინეთ, რომ აკვარიუმი გამოირჩევა კალმახების და ოქროს თევზების გასაოცარი სახეობებით და შავი ზღვის უნიკალური ბინადრებით.

ვინაიდან დელფინარიუმი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ახლოს ბევრი გასართობი და კვების ობიექტია. მათ შორისაა 26 მაისის პარკი, ბავშვთა გასართობი ატრაქციონებითა და ტბაში ნავით გასეირნების სერვისით. დელფინარიუმი ზღვასთან ახლოს მდებარეობს და 5 წუთიანი სეირნობით, შეგიძლიათ ბათუმის გასაოცარი პლიაჟითაც ისიამოვნოთ.

საინტერესო ფაქტები

  • ბათუმის დელფინარიუმი 1966 წელს გაიხსნა, თუმცა 1990–იან წლებში, ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო მუშაობა შეწყვიტა. 2011 წელს დელფინარიუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ის ისევ გაიხსნა ვიზიტორებისთვის.

  • ბათუმის აკვარიუმში შეხვდებით ისეთ თევზის სახეობებს, როგორიცაა ზღვის მელა, ზღვის კატა, ცხენთევზა, პირანია და იაპონური კობრი, იგივე კოი.

  • ბათუმის დელფინარიუმი პირველი დელფინარიუმი იყო საბჭოთა კავშირში.

  • ბათუმის ძველ დელფინარიუმში მთავარი ვარსკვლავი “ცრუ კარეტა” იყო. ეს იყო გიგანტური კუ ინდოეთის ოკეანიდან, რომელიც 100 კგ–ს იწონიდა.

  • დელფინარიუმში დელფინებთან ერთად მხიარული სელაპების წარმოდგენებსაც იხილავთ.

  • დღევანდელ წარმოდგენებში 10 დელფინი მონაწილეობს. მათ შორისაა: ციცი, ბელუჩი, ზორო, მაია, კაკო, ნინი, მონიკა, და ყველაზე პატარა წევრი, ოლიმპია.

ჩვენი რჩევა

ბათუმის დელფინარიუმის თითოეული შოუ განსაკუთრებულია, თუმცა ვერაფერი შეედრება დელფინებთან ერთად ცურვას. შესაბამისად, ნუ შეგეშინდებათ, რადგან დელფინები ყველაზე მეგობრული ძუძუმწოვრები არიან. გირჩევთ, არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და იცურაოთ დელფინებთან ერთად.

თუ შოუზე დასწრებას გადაწყვეტთ, ჩაიცვით კომფორტულად და მზად იყავით დასველებისთვის. მხიარული დელფინები შოუს განმავლობაში სხვადასხვა ნომრებს ასრულებენ, რომლის დროსაც ამფითეატრი მეტ წილად სველდება. ასე შოუ ბევრად სახალისო ხდება.

ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის შოუებს გვთავაზობს ბათუმის დელფინარიუმი?

დელფინების შოუ 30–მდე განსხვავებულ ნომერს მოიცავს, რომელთა განახლება პერიოდულად ხდება. შოუს მანძილზე თქვენ ნახავთ დელფინების მიერ შესრულებულ საცეკვაო ნომრებს, მხიარულ თამაშებსა და სელაპების გასაოცარ წარმოდგენას.

ბათუმის დელფინარიუმი წარმოდგენებს მხოლოდ ზაფხულში მართავს?

არა, ბათუმის დელფინარიუმი ნებისმიერ სეზონზე გთავაზობთ დელფინების და სელაპების სადემონსტრაციო შოუებს. დამატებით ღონისძიებებს განახლებული პროგრამებით, კი უმეტესად ზაფხულის პერიოდში ატარებს.