ოკაცეს კანიონი მრავალფეროვანი ბუნებრივი ძეგლების ერთობლიობაა. წყალუხვი ჩანჩქერები, მღვიმეები, პანორამული ხედები და კიდული ბილიკები თავმყოყრილია 2 კმ-ის სიგრძის კანიონის ტერიტორიაზე. თუკი ექსტრემალური სანახაობის მოყვარული ხართ, აქაური ლანდშაფტი წარუშლელი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.
ოკაცეს კანიონის შესახებ
ოკაცეს ულამაზეს კანიონს ასხის მთიდან მომავალი მდინარე ოკაცე ქმნის. ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდის მიდამოებში არსებული ეს უძველესი ბუნებრივი ძეგლი უკვე მილიონ წელზე მეტს ითვლის. კანიონის სიგრძე 2 კმ-ია, სიგანე 3-დან 20 მეტრამდე, ხოლო სიღრმე 20-დან 100 მეტრამდე აღწევს.
კანიონში რამდენიმე წყალუხვ ჩანჩქერს ვხვდებით, მათ შორის ყველაზე შთაბმბეჭდავია კინჩხის ჩანჩქერი.
ოკაცე მრავალ წყალვარდნილსა და ტბას ქმნის, რომელთა გამჭვირვალე მოლურჯო-მომწვანო წყლის ქვემოთ თეთრი ფსკერი აირეკლება. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია.
კანიონში მოგზაურობა დადიანების ტყე-პარკის გავლით იწყება, მიუყვება კანიონის თავზე დაკიდებულ 780 მ სიგრძის ხიდს და უმშვენიერესი პანორამული გადასახედით სრულდება. კანიონზე დაგებულია გამჭვირვალე იატაკი, რაც სანახაობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის. ვიზიტორებს შეუძლიათ აქ დამონტაჟებული კამერით სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღონ.

სერვისები
კანიონის მიმდებარედ რამდენიმე რესტორანია, სადაც ტურის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ შეისვენოთ. ყველაზე ახლოს მდებარე რესტორანი “ხიდი” და “ბატონოს დუქანია”, სადაც ტრადიციული ქართული კერძებით გაგიმასპინძლდებიან. გაითვალისწინეთ, რომ თან იქონიოთ თანხა, რადგან გადახდა შესაძლოა ნაღდი ფულით მოგიწიოთ.

საინტერესო ფაქტები
კანიონის წარმოშობა
კანიონი დაახლოებით 400 000 წლის წინ, მდინარე ოკაცეს ეროზიული მოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა.
უძველესი ტბიური ნალექი
კანიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ტბიური ნალექის 27 მეტრიანი ფენა, რომელიც დაახლოებით მილიონი წლით თარიღდება.
დადიანთა საზაფხულო რეზიდენცია
1841 წელს გორდის მიდამოებში დავით დადიანის მიერ აშენდა ულამაზესი საზაფხულო რეზიდენცია, რომელიც სასახლესა და მის გარშემო გაშენებულ ბაღებს მოიცავდა. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ სასახლე გაიძარცვა და განადგურდა. ამჟამად დადიანთა საზაფხულო რეზიდენციის რესტავრაცია ხდება.
უნიკალური წყარო
ოკაცეს მახლობლად, სოფელ კინჩხაში გამოდის პატარა წყარო, “სინგური”, რომლის შემადგენლობა იმდენად უნიკალურია, ფერს არ იცვლის! (შინდისფერთან დაახლოებული). ამ სითხეს ოდითგან მოსახატად ხმარობდნენ.

ჩვენი რჩევა
გაითვალისწინეთ ამინდი
ოკაცეს კანიონში სტუმრობა მზიან და უნალექო ამინდში დაგეგმეთ, ვინაიდან წვიმიან ამინდში ადმინისტრაცია ვიზიტორებს არ იღებს.
დაჯავშნეთ ვიზიტი დისტანციურად
იმისათვის, რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე თავიდან აიცილოთ ტურისტულ ცენტრში ბილეთების რიგში დგომა, შეიძინეთ ბილეთები ონლაინ. ვიზიტისას აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
შეარჩიეთ შესაბამისი ტანისამოსი
თუკი მანქანის დაქირავებას არ პირებთ, კანიონის დაკიდებულ ბილიკამდე მისასვლელად შესაძლოა ფეხით ტყის მასივის გარკვეული მონაკვეთის გავლა მოგიწიოთ. ამიტომ შეარჩიეთ მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი და ტანისამოსი.