კონტენტზე გადასვლა

ულამაზესი ბუნება, უნიკალური მღვიმეები, დინოზავრის ნაკვალევი და გასაოცარი ხედები იმერეთის ბუნებაზე, სათაფლიას ყველასთვის საყვარელ და ცნობილ ღირსშესანიშნაობად აქცევს. იმერეთში მდებარე სათაფლიის ნაკრძალი, დაუვიწყარ და მრავალფეროვან შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

სათაფლიის მღვიმის შესახებ

სათაფლიის მღვიმე ქუთაისიდან 7 კილომეტრში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. მათი აღმოჩენა პეტრე ჭაბუკიანის სახელს უკავშირდება 1925 წელს, რომელიც ამ მოდამოებში პირველყოფილი ადამიანის სადგომებს ეძებდა. 1929 წლიდან ამ ადგილზე უკვე იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა ვიზიტორებისთვის.

სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვანი სახეობებით. მღვიმეების ტერიტორიაზე განლაგებულია რელიქტური და ენდემური ნიმუშებით მდიდარი კოლხური ტყე და დინოზავრის ნაკვალევი, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არცერთ სხვა ადგილზე არ ფიქსირდება.

მღვიმე მდინარე ოღასკურის მიწისქვეშა დინების შედეგია, რომელმაც მილიონობით წლის განმავლობაში აქაურობის ფორმირება გამოიწვია.

სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძე დაახლოებით 900 მეტრია და რამდენიმე განშტოებისა და დარბაზებისგან შედგება. საექსკურსიო ბილიკი 319 მეტრზეა მოწყობილი. მღვიმის შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. დარბაზების სიმაღლე 10 მეტრს აღწევს, დერეფნების სიგანე კი 14-15 მეტრამდეა ზოგიერთ მონაკვეთში.

მღვიმის ცენტრალური დარბაზის სახელწოდება დაკავშირებულია სტალაგმიტის ქვედა ფორმასთან, რომელიც ძალიან გავს ადამიანის გულის ფორმას. სწორედ ამიტომ, მას “გულისებური დარბაზი” უწოდეს.

მღვიმეში სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა. ზოგიერთ ადგილას სტალაქტიტები და სტალაგმიტები ერთდება და დიდი ზომის სვეტებს ქმნის.

სათაფლიის მღვიმის განათება - Lights in Sataplia cave.

სათაფლიის მეორე მღვიმე

სათაფლიის მეორე მღვიმე, რომელიც პირველიდან 700 მეტრზე მდებარეობს, მრავალფეროვანი კარსტული წარმონაქმნებითაა მდიდარი. არის სტალაქტიტები, რომლებსაც მინიატურული ფორმა აქვს. აქვეა სტალაგმიტები, სტალაგნატები, იშვიათი ჰელიქტიტები და ჰელიგმიტებიც კი.

მღვიმეში გამოყოფილია “გიგანტური დარბაზი” და “ლოდთა დარბაზი”. მასში გაედინება პატარა ნაკადული, რომელიც ერთ ადგილზე პატარა ტბას ქმნის.

სათაფლიის მესამე მღვიმე

სათაფლიის მესამე მღვიმე შედარების მცირე ზომისაა და მთავარი მღვიმიდან 600 მეტრში იხსნება. მღვიმეში ძირითადად სტალაქტიტები და ნაღვენთებია.

სათაფლიის მეოთხე მღვიმე

სათაფლიის მეოთხე მღვიმე მთავარი მღვიმიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით და ქვედაცარცულ კირქვებშია გამომუშავებული. მასთან ახლოს მდებარეობს ოღასკურის მღვიმე, საიდანაც მდინარე ოღასკური იღებს სათავეს.

ბილიკი სატაფლიის მღვიმეში - Path in Sataplia Cave.

ტურისტული სანახაობა

ტურისტებისთვის სათაფლიის მღვიმეს სანახაობრივი ელემენტები დაემატა, მათ შორისაა ფერადი განათებები, რომლებიც ბუნების ამ საოცარ სანახაობას კიდევ უფრო შთამბეჭდავად აქცევს. სხვადასხვა ფერად განათებული სტალაქტიდები, ფარდები და სტალაგმიტები თავს ზღაპრულ სამყაროში გაგრძნობინებთ.

სტალაქტიდებიდან და სტალაგმიტებიდან ჩამოცვენილი წყლის წვეთები მღვიმეში საოცარ ხმებსა და აკუსტიკას ქმნის. მისი მოსმენაც კი დაუვიწყარ ეფექტს ქმნის ამ ფერად გარემოში.

საინტერესო ფაქტები

  • სათაფლიის ნაკრძალში აღმოჩენილია დინოზავრის 200-მდე ნაკვალევი და რამდენიმე სამარხი.

  • სათაფლია “თაფლის ადგილს” ნიშნავს, რომელიც სათაფლიის მთიდან გამომდინარეობს, სადაც აქტიურად აგროვებენ თაფლს.

  • სათაფლიაში აღმოჩენილი დინოზავრები სხვა, ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და მათ “სათაფლიაზაურუსის” სახელი აქვთ მინიჭებული.

სათაფლიის მღვიმე - Sataplia cave.

ჩვენი რჩევები

სათაფლიის ნაკრძალის მოსანახულებლად, 1 საათზე მეტი დაგჭირდებათ. გამომდინარე იქედან რომ ნაკრძალი, რამდენიმე ტურისტულ განყოფილებას მოიცავს, გირჩევთ ჩაიცვათ სპორტულად და კომფორტულად, რადგან აქ ფეხით გასავლელი მანძილი საკმაოდ დიდია. კოლხური ტყეები, გადასახედი პლატფორმა და სათაფლიის მღვიმე, საბოლოო ჯამში არც ისე მცირე გასავლელ მარშრუტს ქმნის.

თუ სათაფლიის სილამაზით გინდათ რომ სრულად ისიამოვნოთ, შეარჩიეთ მზიანი ამინდი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასახედი პლატფორმებით ვერ ისარგებლებთ. ასევე გირჩევთ, არ დაიზაროთ და მოინახულოთ სათაფლიასთან ახლოს მდებარე ღირსშესანიშნაობები, რომლებიც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.

ხშირად დასმული კითხვები

რას ნიშნავს სათაფლია?

სათაფლია ნიშნავს ადგილს, სადაც თაფლს ამზადებენ. სახელწოდება კი სათაფლიის მთისგან გამომდინარეობს, სადაც უძველესი დროიდან, ტრადიციული წესით მოიპოვებენ და ამუშავებენ თაფლს.