ბატეთის ტბა მოგზაურთა და მოლაშქრეთა საყვარელი დანიშნულების ადგილია. ძამას ხეობის გულში მდებარე ტბა წლის ნებისმიერ სეზონზე მოახერხებს თქვენ გაოცებას. ადგილი იდეალურია საკემპინგეთ. განსაკუთრებით წლის თბილ სეზონზე, აქ ხშირად შეხვდებით კარვებით დაბანაკებულ ჯგუფებს.
ბატეთის ტბამდე ქარელის ადმინისტრაციული ცენტრიდან 23 კილომეტრის გავლა მოგიწევთ. გზა ძირითადად გრუნტითაა დაფარული. ტბამდე მისასვლელად მანქანის მოშორებით გაჩერება და დაახლოებით 3 კილომეტრიანი მონაკვეთის ფეხით გავლა მოგიწევთ.
ხეობა თბილისიდან დაახლოლებით 170 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. დედაქალაქიდან ბატეთის ტბამდე დაახლოებით 2 საათის გზაა მანქანით.
ბატეთის ტბის მონახულება ერთ დღიანი ტურის ფარგლებში შეიძლება. ამ დროში შეგიძლიათ ძამას ხეობის მთავარი ღირსშესანიშაობის მონახულებაც მოასწროთ – სარკინეთი, ორთუბანი, შატბერდი და ყინწვისი. მონასტრების სტუმრობა უმჯობესია დღის მანძილზე, 18:00 საათამდე მოასწროთ.
თუ ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ტბის მოსანახულებლად 2 დღიანი ტური დაგეგმოთ. საღამოს ბატეთის ნაპირთან დაბანაკდეთ და მეორე დღეს აქაური დილის გასაოცარი სიმშვიდით, პეიზაჟებითა და მშვენიერებით დატკბეთ.
ბატეთის ტბისა და ძამას ხეობის სხვა ძეგლების მონახულება სრულიად უსასყიდლოდ შეგიძლიათ. ხეობის ძირითად ღირსშესანიშნეობებს ბუნების ძეგლები და მონასტრები წარმოადგენს. მათი მონახულება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.
ძამას ხეობა და ბატეთის ტბა წლის ნებისმიერ სეზონზე ულამაზესია. საუკეთესო დრო გვიანი გაზაფხულის, ზაფხულისა და ადრეული შემოდგომის პერიოდია. გაზაფხულზე ხეობა მოფენილია მთის ყვავილებით, შემოდგომით კი ტბის გარშემო აჭრელებული ტყის ფერადი ანარეკლი მოგჭრით თვალს. ულამაზესი სანახავია გაყინული ტბის ზედაპირიც. ხეობის ტერიტორიაზე ზამთარი საკმაოდ უხვნალექიანია და დიდთოვლობის გამო გადაადგილება ჭირს, ამიტომ ამ სანახაობის ხილვა გაგიჭირდებათ.
ბატეტის ტბის შესახებ
ბატეთის ტბა ძამას უმშვენიერეს ხეობაში, ქარელიდან 23 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. ხეობაში 50-ზე მეტი კულტურული და ბუნების ძეგლია.
წიწვოვანი და წიფლნარი ტყის ფერდობებით შემოსაზღვრული ტბა საკმაოდ მარტივად მისადგომია და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ექსტრემალური დასვენების მოყვარულებში. მისი წარმოშობა სამხრეთ ფერდობიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია. ტბას ვრცელი ნაპირი არ გააჩნია, ზოგიერთ ადგილას დაჭაობებულია. ტბის ბინადრებიდან აღსანიშნავია წითელ წიგნში შესული მცირეაზიური ტრიტონი. წყალი თევზით მდიდარი არ არის, მხოლოდ მცირე რაოდენობით კალმახი ბინადრობს.
ტბის მიმდებარედ საკემპინგე ადგილები ძირითადად ტყის მასივშია გამოყოფილი.
სერვისები
ძამას ხეობაში რესტორნებსა და სასტუმრობს ვერ შეხვდებით. უახლოესი ობიექტები ქარელში მდებარეობს.
სამაგიეროდ, ხეობაში მრავლადაა მოწყობილი საპიკნიკე ადგილები, მაგიდებითა და სკამებით. ზოგიერთი მათგანი მდინარე ძამას ნაპირის სიახლოვეს მდებარეობს. ზაფხულში მდინარის ცივ წყალს ტურისტები საკვებისა და სასმელის გასაგრილებლად იყენებენ.
აქ მცხოვრები სასულიერო პირები სტუმართმოყვარედ მიგიღებენ და გაგიმასპინძლდებიან ადგილობრივი თაფლითა და რძის პროდუქტებით. ზოგიერთი მონასტრის ტერიტორიაზე მოწყობილია სპეციალური ნაგებობები, სადაც აქ მოსულ სტუმრებს შეუძლიათ დარჩენა და ღამის გატარება.
საინტერესო ფაქტები
ხეობის ისტორია და გაცოცხლებული წარსული
ძამას ხეობა და ბატეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია ადრე მჭირდოდ იყო დასახლებული, თუმცა შემდეგ ხეობა დაიცალა მოსახლეობისგან. ბოლო წლების მანძლზე აქ საკმაოდ აქტიურად დაიწყო ძველი ეკლესია-მონასტრების აღდგენითი სამუშაოები და ასევე არაერთი ახალი ტაძარი აშენდა. ის სასულიერო პირები, რომლებიც აქ მოქმედ მონასტრებში მსახურობენ, ხეობის მკვიდრ მოსახლეობად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბევრი ტაძარი, რომელიც ახლა ხეობაში ფუნქციონირებს, იმეორებს ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული მონასტრების სახელებს, მაგალითად: ტბეთის, ბანას, ოპიზისა და შატბერდის ეკლესიები.
ბატეთის ტბის “ურჩხული”
თუ გაგიმართლებთ, ბატეთის ტბის უიშვიათეს ბინადარს, მცირეაზიურ ტრიტონს შეიძლება გადააწყდეთ ტბის ნაპირებში. ეს მცირე ზომის არსება სრულიად უწყინარია. მისი უჩვეულო ვიზუალის გამო მნახველები მას მითიურ დრაკონს ამსგავსებენ. თუკი ლოხ-ნესის ურჩხულის ლეგენდა მხოლოდ მითია, ბატეთის ტბას ნამდვილად ჰყავს თავისი “წყლის ურჩხული” ბინადრები.
ჩვენი რჩევა
თუკი ბატეთის ტბისა და ძამას ხეობის მონახულებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი რჩევა.
როგორ შევარჩიოთ ტრანსპორტი
გამგზავრებამდე გაითვალისწინეთ აქაური რელიეფის თავისებურება. ხეობის გზა გრუნტითაა დაფარული, ზოგიერთი მონაკვეთი საკმაოდ უსწორმასწოროა. ამიტომ, აუცილებლად შეარჩიეთ მაღალი გამავლობის მანქანა, რათა უპრობლემოდ შეძლოთ გადაადგილება.
აუცილებლად შეამოწმეთ ამინდი
ეცადეთ ტური უნალექო პერიოდში დაგეგმოთ. წვიმიან დღეებში გზა საკმაოდ რთულად გასავლელია. აქ არსებული გრუნტიანი გზა გაუვალი ხდება და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე დანიშნულების ადგილამდე მისვლა გაგიჭირდებათ.
სწორად შეარჩიეთ ტანისამოსი
ბატეთის ტბამდე მისასვლელი გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა ფეხით მოგიწევთ. ამიტომ შეარჩიეთ კომფორტული ფეხსაცმელი. საჭიროების შემთხვევაში თან იქონიეთ სალაშქრო ხელჯოხები.
ხშირად დასმული კითხვები
როგორ შემიძლია ვიმოგზაურო ტბაზე საკუთარი მანქანის გარეშე?
თბილისის ავტოსადგურიდან ქარელის მიმართულებით მიკროავტობუსები ყოველ ერთ საათში გადის. ქარელში შეგიძლიათ დაიქირაოთ ტაქსი, რომელიც ტბამდე მიგიყვანთ.
რა ტიპის აღჭურვილობა დამჭირდება სალაშქროდ?
თუკი ტბის მიმდებარედ დაბანაკებას აპირებთ, თან იქონიეთ წყალგაუმტარი კარავი, აპორტული ფეხსაცმელი და ტანისამოსი. ასევე საძილე ტომრები. ხეობაში საკვებს ვერ შეიძენთ, ამიტომ თან იქონიეთ სასურველი პროდუქტები და წყალი.
თქვენი უსაფრთხოებისთვის თან იქონიეთ პირველადი დახმარების ნივთები.