კონტენტზე გადასვლა

ღირსშესანიშნაობები ლაგოდეხში

ლაგოდეხის ეროვნული პარკი - Lagodekhi National Park.

ლაგოდეხის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვანწილად მისი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები განაპირობებს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, მოწესრიგებული, მარკირებული ბილიკებითა და სალაშქრო მარშრუტებით, რომლებსაც ხმაურიან ჩანჩქერებამდე (ნინოსხევის და როჭოს), ალპურ ტბებამდე (შავი კლდის ტბა) და რძისფერ ნისლში გახვეულ მთებამდე (კუდიგორის) და ხეობებამდე მივყავართ.

ბუნების გასაოცარი ხედების გარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უიშვიათეს ბინადრებსაც შეიძლება გადააწყდეთ. აქ ბინადრობს ჯიხვი, დათვი, ირემი და სხვა იშვიათი და ენდემური სახეობები.

თუკი ქალაქის ისტორიული წარსულის გაცოცხლება გსურთ, მოინახულეთ მაჭის ციხე და ქოჩალოს ბაზილიკის ნანგრევები.

თუკი ლაშქრობების შემდეგ კომფორტული დასავენებელი გინდათ, ლაგოდეხის ეკო სოფელი და კოტეჯები იდეალური ადგილია. აქ ბუნებასთან სიახლოვესა და კომფორტს ერთდროულად იგრძნობთ.

მთავარი ღირსშესანიშნაობები ლაგოდეხში

1. ლაგოდეხის ეროვნული პარკი

ხედები, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი - Views, Lagodekhi State Reserve.

ლაგოდეხის ეროვნულ პარკს ჩანჩქერების, უიშვიათესი ფლორისა და ფაუნის სანახავად უნდა ესტუმროთ. აქედან საუცხოო ხედები იშლება კახეთის მინდვრებზე, მდინარეების ხეობებზე და დანისლულ მთებზე. პარკის ტერიტორიაზე შეიძლება გადააწყდეთ კავკასიური როჭოსა და შურთხს, ჯიხვს, ირემს, დათვს, ფოცხვერს და სხვა.

2. შავი კლდეების ტბა

შავი კლდეების ტბა და მოლაშქრეები- Black Rock Lake and hikers.

შავი კლდეების ტბა ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს. რუხი კლდეები, ალპური მინდვრები და ტბის სარკისებური ზედაპირი ულამაზესი სანახაობაა. დაბანაკება აქვე ახლოს, ,,დემიდოვის ბინაში“ შეგიძლიათ, ტბიდან 3 კმ-ში.

3. ნინოსხევის ჩანჩქერი

ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი - Ninoskhevi (gurgeniani) waterfall.

ნინოსხევის ჩანჩქერი სოფელ გურგენიანთან მდებარეობს. სიმაღლე 40 მეტრია. ჩანჩქერი ულამაზეს ლურჯ აუზებს ქმნის. ეს ადგილები გვიანი გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე განსაკუთრებით ლამაზია.მარშრუტი გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება. ფეხით გასავლელი 8 კმ გექნებათ, ამას დაახლოებით 3-4 საათი დასჭირდება. ბილიკი მარკირებულია.

4. როჭოს ჩანჩქერი

როჭოს ჩანჩქერი, ლაგოდეხი - Black Grouse Waterfall, Lagodekhi.

როჭოს ჩანჩქერამდე მისასვლელად ფეხით 9 კმ-ის გავლა მოგიწევთ. გზა ფართოფოთლოვანი ტყითაა დაფარული და მდინარის ხეობას მიუყვება. ხეობაში წყალვარდნილები და უზარმაზარი ქვის ლოდებია. ჩანჩქერი 6 მ -ის სიმაღლიდან ეშვება და პატარა აუზს ქმნის.

5. მაჭის ციხე

მაჭის ციხე - Machi fortress.

მაჭის ციხისკენ მისასვლელი გზა სოფ. მაწიმში არსებული საინფორმაციო ცენტრიდან იწყება. ციხემდე მისასვლელას 10 კმ-ის გავლა მოგიწევთ. გზად წიფლნარისა და ჯაგრცხილის კორომები შეგხვდებათ. უზარმაზარი ქვები მწვანე ხავსითაა დაფარული. შემორჩენილია უძველესი ეკლესიის ნანგრევები და მიწისქვეშა გასასვლელები.

6. მდინარე ლაგოდეხისხევის სანაპირო და პარკი

მდინარე ლაგოდეხის ნაკრძალში - River in Lagodekhi Reserve.

მდინარე ლაგოდეხისხევის სანაპირო ზაფხულობით ადგილობრივების საყვარელი თავშეყრის ადგილია. მდინარის წყალი ცხელი დღეების გაგრილების საუკეთესო საშუალებაა. ხშირად ეწყობა პიკნიკები. მდინარის პირას არსებულ პარკში განტვირთვა და დასვენება შეგიძლიათ.

7. ლაგოდეხის მონასტერი (ქოჩალოს ბაზილიკა)

მონასტერი ”დიდთა ძალითა ლაგოდეხი” - Monastery "Power of the Great Lagodekhi".

ქოჩალოს ბაზილიკა ლაგოდეხის ჩრდილოეთით, მდინარე ნინოსხევის მარცხენა ნაპირზე, მთის ფერდზე მდებარეობს. ეკლესია VI-VII საუკუნეებით თარიღდება. 2019 წელს ბაზილიკის გაწმენდითი სამუშაოების დროს უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა აღმოაჩინეს. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისათვის მიწების შეწირვის შესახებ მოგვითხრობს.