წინანდალს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აკვანს უწოდებენ. წინანდალი ცნობილია ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმითა და ღვინის მარნით. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას. სასახლის უნიკალურ ბაღს, მარანსა და ისტორიულ სასტუმროს ყოველწლიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს. ყოველწლიურად აქ იმართება წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი.
დასვენება წინანდალში
ღირსშესანიშნაობები
მეტის ნახვა-
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
-
წინანდლის პარკი
-
შუმი ღვინის კომპანია
სასტუმროები
მეტის ნახვარესტორნები
საუკეთესო დრო სანახავად
წინანდალი მთელი წლის მანძილზე მასპინძლობს ვიზიტორებს და სეზონისთვის შესაბამის აქტივობებსა და სანახაობას სთავაზობს. აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომით, როცა ბაღები აყვავებულია, ხეები კი მწვანედ შემოსილი. თუკი რთველში მონაწილეობის მიღება გსურთ, ვიზიტი სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში დაგეგმეთ.
წინანდლის შესახებ
წინანდალი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 560 მეტრზე მდებარეობს. თელავიდან დაშორებულია 10კმ-ით. სოფელი უხსოვარი დროიდან იყო დასახლებული.
XVIII საუკუნეში აქ ქართველ წარჩინებულთა გვარი, ჭავჭავაძეები დასახლდნენ. სოფელმა განსაკუთრებული ყურადღება XIX საუკუნიდან მიიპყრო, მას შემდეგ რაც 1818 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძემ ახალი სასახლის მშენებლობა წამოიწყო. სასახლე ევროპული სტილით მოუწყია,
რაც იმ დროისთვის საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. აქ იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი და უცხოელი წარჩინებულები, დიპლომატები და ხელოვანები.
ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო. რის შემდეგაც საქართველოში ევროპულად დამზადებული ღვინის წარმოებას ჩაეყარა საფუძველი.
დღეს აქ ფუნქციონირებს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მის გარშემო გაშენებული უნიკალური პარკი, ღვინის მარანი და სასტუმრო.
ისტორია
წინანდალი XV საუკუნემდე “სახარისი”-ს სახელით იყო ცნობილი. მტრის შემოსევების გამო, მოსახლეობა ტყეში გახიზნულა. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა მათი წინანდელ ადგილზე დაბრუნება. სოფლის სახელწოდებაც ამ ფაქტთან არის დაკავშირებული.
XVIII საუკუნიდან წინანდალი წარჩინებულთა, მწერლებისა და ხელოვანების თავშეყრის ადგილად იქცა, მას შემდეგ რაც აქ ჭავჭავაძეები დასახლდნენ და საგვარეულო სასახლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
1854 წელს, წინანდლის მამულებს შამილის რაზმი შემოესია. სასახლე დაარბიეს და გადაწვეს.
1886 წელს დავით ჭავჭავაძე იძულებული გახდა წინანდლის მამული გაეყიდა და ეს უკანასკნელი საუფლისწულო მამულების დეპარტამენტის მფლობელობაში გადავიდა. ამგვარად წინანდლის ჭავჭავაძისეული მამული რომანოვების საზაფხულო რეზიდენციად გადაკეთდა.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რომანოვების საზაფხულო რეზიდენცია გადაკეთდა ღვინის ქარხანასთან არსებულ სასტუმროდ; ხოლო 1946 წლიდან გიორგი ლეონიძის თაოსნობით გაიხსნა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი.
ადგილობრივი მოსახლეობა ყოველწლიურად ნოემბერში აღნიშნავს ალექსანდრე ჭავჭავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ზეიმს – “ალექსანდრეობას”.
ახლომდებარე ადგილები
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მივიდეთ წინანდალში ?
წინანდალი თელავიდან დაშორებულია 10 კმ-ით. მანქანით მისასვლელად დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ.
თუკი საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილებას არ გეგმავთ, თელავში შეგიძლიათ იქირაოთ ტაქსი, რომელიც დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანთ.
წინანდალი თბილისიდან 168 კილომეტრითაა დაშორებული. საკუთარი ავტომობილით წინანდალში ჩასასვლელად 2-2.5 საათი დაგჭირდებათ.
თუკი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გსურთ სარგებლობა, თელავისკენ მიკროავტობუსები და ტაქსები ისნისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადიან. თელავიდან წინანდალში მისასვლელად კი შეგიძლიათ იქირაოთ ტაქსი.
მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 10₾
ტაქსის მომსახურება 15₾