კონტენტზე გადასვლა

ხვამლის მთიდან ლეჩხუმის სოფლებისა და მთების გასაოცარი ხედი იშლება. მთის მიდამოებში შემორჩენილია უძველესი ნამოსახლარები, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეები და ტაძრები, ულამაზესი ტბები და ტყით შემოსილი ფერდობები.

ხვამლის მთასთან მოსახვედრად ბათუმიდან ოთხი საათი დაგჭირდება, ქუთიაისიდან 1.5 საათი, თბილისიდან კი – დაახლოებით ხუთი.

ხვამლის მთის შესახებ

ხვამლის მთა ლეჩხუმის მხარეში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. მთის სიმაღლე 2000 მეტრს აღწევს. იგი გადაჭიმულია 10 კმ მანძილზე. ხვამლის თხემიდან იშლება ზღაპრული სანახაობა. აღმოსავლეთით მოჩანს ნაქერალას ქედი, რაჭისა და ტყიბულის შემოგარენი, სამხრეთ-აღმოსავლეთით და სამხრეთით – ლიხისა და აჭარა-იმერეთის მთები.

მთის მასივში არაერთი კარსტული გამოქვაბული და მღვიმეა. მთა დაფარულია შერეული ტყის მასივებით და საოცრად ლამაზია ადრეულ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მთის ფერდობებზე კარსტული ძაბრებიდან და მღვიმეებიდან აღსანიშნავია აღსანიშნავია თეკენთერი (შესასვლელი წიფლის ფუღუროდან) და ყინულოვანი მღვიმე ბოგა, სადაც ზაფხულის პაპანაქება სიცხეში ნულ გრადუსზე დაბალი ტემპერატურაა და ყინულის ლოლოებითაა დაფარული.

მთის ზედა ნაწილში პატარა სამლოცველოა, სადაც მორწმუნეები ყოველწლიურად იკრიბებიან აღდგომის შემდეგ მეორმოცე დღეს, ხვალობის დღესასწაულის აღსანიშნავად.

ხვამლის შესახებ ასებული უამრავი ლეგენდა, მისი შესანიშნავი და იდუმალი ბუნება და მშვენიერება უამრავ დამთვალიერებელს იზიდავს. აქ ხშირად ეწყობა სხვადასხვა ექსპედიციები და ტურები. აქ უხვად მიმობნეული პატარა ქვებიც კი არაა უმნიშვნელო, მათ შორის მრავლად შეხვდებით ისეთებს, ზედ ნიჟარებისა და თევზის ფარფლების ანაბეჭდი რომ ატყვია და მილიარდ წელს ითვლის, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც აქაურობა ტეთისის ზღვის ფსკერს წარმოადგენდა.

ხვამლი - Khvamli.

ხვამლის მთის ლეგენდა

ხვამლის მთასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ლეგენდა, მითი თუ ისტორიული ვარაუდი. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, სწორედ ხვამლის მთა მიიჩნევა ბერძნული მითოლოგიური გმირების, არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად.

მეორე ლეგენდის მიხედვით, ამ მთაზე ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ანტიკურ ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით ეძებდა პრომეთეს მიჯაჭვის ადგილს.

კიდევ ერთი თქმულების მიხედვით, მთის ქვაბულებში მეფეთა განძია გადამალული.თქმულება უკავშირდება იმ ფაქტს, რომ მთას ხშირად თავს აფარებდნენ ბარში მტერს გამოქცეული სამეფო და სამთავრო ოჯახები და აქაურობას სამეფო განძის დასაცავად იყენებდნენ.

ზარი, ხვამლის მთა - Bell, Khvamli mountain.

ხვამლის გამოქვაბული

ხვამლის მთის ტერიტორიაზე 19-მდე გამოქვაბულია აღმოჩენილი. ერთ-ერთ მათგანში გამოსახულია უძველესი ფიგურები, რომელიც კოსმიურ სფეროს ეხება. სპეციალური ასტრონომიული პროგრამით აღადგინეს ვარსკვლავიანი ცის სურათი ძველი წელთაღრიცხვით 5604 წლისთვის. ამ წელიწადს მერკურის, ვენერას, მარსისა და მშვილდოსნის განლაგება ზუსტად ემთხვევა ხვამლის ქვაბულში დახატულ პიქტოგრამულ სქემას. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ ამ კედელზე წარღვნის შემდგომი ახალი წელთაღრიცხვის ასტრონომიული სურათია დაფიქსირებული.

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი - Khvamli St George Church Complex.

ხვამლის ეკლესია

ხვამლის წმ. გიორგის ეკლესია მდებარეობს ხვამლის მთის წვერზე. დღევანდელი ნაგებობა აშენებულია 1910 წელს, ძველი ეკლესიის ნანგრევებზე. ხვამლი ლეჩხუმის უმთავრესი სალოცავი ადგილი იყო. მის შესახებ არაერთი ლეგენდაა შექმნილი.

ყოველ წელს, აღდგომიდან მერვე კვირის შაბათ დღეს აქ დღესასწაული “ხვამლობა“ იმართება, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრება.

საინტერესო ფაქტები

ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ხვამლის მთა აღწერილი აქვს ფრანგ მწერალ-ფანტასტ ჟიულ ვერნს თავის სათავგადასავლო რომანში “შეუპოვარი კერაბანი”

მთის დასახელება, ხვამლი ანუ ხომლი ვარსკვლავთკრებულს ნიშნავს.

ხვამლის მთებში გადამალული საგანძურის საპოვნელად პირველი ექსპედიცია 1939 წელს მოეწყო, თუმცა მთამსვლელებმა ვერაფერი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ კიდევ ორი ექსპედიცია ჩატარდა, უკანასკნელი 2007 წელს. მოინახულეს ის ქვაბული რომელიც სავარაუდოდ განძთსაცავად გამოიყენებოდა. ექსპედიციის ხელმძღვანელმა დაასკვნა რომ შესაძლოა ეს მხოლოდ შესასვლელი იყოს,რადგან აქ არაერთი სხვა ღიობია რომელიც კლდის სიღრმეში შედის გვირაბის სისტემით.

ხვამლი შემოდგომაზე - Khvamli in autumn.

პრაქტიკული რჩევები

თუ ხვამლის მთის დალაშქვრას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაითვალიწინეთ რამდენიმე რჩევა:

  • თან იქონიეთ სასმელი წყლის საკმარისი მარაგი, რადგან მთაზე ასვლა საკმაოდ შრომატევადი და დამღლელია. წყლის შევსებას მთაზე არსებულ წყაროებთანაც შეძლებთ.

  • ჩაიცვით მაქსიმალურად მოსახერხებელი ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი.

  • თან იქონიეთ მზისგან დამცავი საშუალებები. მიუხედავად იმისა, რომ მთის მასივი ტყითაა შემოსილი, მზიან ამინდში მაინც დიდია იმის შანსი, რომ მცხუნვარე სხივებისგან დამწვრობა მიიღოთ.

  • ლაშქრობისას ბევრ ენერგიას დახარჯავთ, ამიტომ თან იქონიეთ ნოყიერი საკვები, რომელიც დახარჯული ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

  • აუცილებლად თან გქონდეთ პარკი ნარჩენებისთვის, რათა არ დაანაგვიანოთ გარემო.

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა საავტომობილო გზა?

მანქანით ხვამლის წვერზე ბოლომდე ასვლა არ შეიძლება. საავტომობილო გზის შემდეგ იწყება მარტივი საფეხმავლო გზა რომელსაც 30-40 წუთის შემდეგ, ხვამლის მთის პლატოზე აჰყავხარ.

რა დროა საჭირო მთაზე ასასვლელად?

ასვლას და უკან დაბრუნებას დაახლოებით ორ საათს მოუნდებით.