ღირსშესანიშნაობები ომალოში
კახეთის მაღალმთიან სოფელ ომალოს სტუმრებს სანახაობების ძებნა ნამდვილად არ დაგჭირდებათ. საითაც არ უნდა გაიხედოთ, ირგვლივ ყველაფერი შთამბეჭდავი და აღმაფრთოვანებელია. თვალუწვდენელი მთები, მინდვრები და მათზე დაფენილი ღრუბლების ჩრდილი, ნისლიანი ხეობები და მთის ანკარა მდინარეები წარუშლელი ემოციებით აგავსებთ.
გარდა ბუნების ძეგლებისა, ომალო თავისი ავთენტური და უნიკალური არქტიტექტურითა და სამზარეულოთიც მოგხიბლავთ. აქ ყველაფერი ბუნებისა და ადამიანის ცხოვრება სრულ ჰარმონიაშია.
მთავარი ღირსშესანიშნაობები ომალოში
1. თუშეთის ეროვნული პარკი
თუშეთის ეროვნული პარკი ცამდე აწვდილი მწვერვალების, ხელუხლებელი ფიჭვნარი ტყეების, ალპური მდელოებისა და ლანდშაფტების ერთიანობაა. აქ დაცულია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და მცენარეთა სახეობები.
2. დიკლოს ციხე-სიმაგრე
დიკლოს ციხე-სიმაგრე სამ სართულიანი, ფიქლით ნაგები ციხე-სახლია, რომელიც გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება. სართულებს შორის გადასაადგილებლად ამოჭრილი იყო ხვრელები, იატაკი კი დატკეპნილი მიწისაა.
3. დართლო
დართლო ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. სოფელში აღდგენილია საუკუნოვანი სახლები და კოშკები. ტერიტორიაზე გვხვდება 8 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.
4. ფარსმა
ფარსმა თუშეთის კლდოვან ფერდობებზე შეფენილი სოფელია, ზღვის დონიდან 2100 მეტრზე. სოფლის ტერიტორიაზე 6-7 სართულიანი ციხე სახლები, კოშკები, ეკლესია და სასაფლაოა შემორჩენილი.
5. აბანოს უღელტეხილი
აბანოს უღელტეხილი ყველაზე მაღლა მდებარე სამანქანო უღელტეხილია საქართველოში, ზღვის დონიდან 2826 მეტრზე. უღელტეხილიდან თუშეთის საოცარი პეიზაჟები იშლება. აბანოს უღელტეხილი ღია მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა.
6. თორღვას აბანო
თორღვას აბანო თუშეთის კურორტია. მისი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები საკმაოდ საინტერესო და სასარგებლოა, განსაკუთრებით ჭარბწონიანობის დიაგნოზის შემთხვევაში. ამ ტიპის ბუნებრივი რესურსი მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელია. მკურნალობენ მინერალური წყლის აბაზანებით, პასიური კლიმატოთერაპიით.
7. კესელოს ციხე
კესელოს ციხე სოფელ ომალოს ჩრდილოეთით, კლდოვან ბორცვზე მდებარეობს. მიეკუთვნება XVIII საუკუნეს. ციხისაგან შემორჩენილია სამი ოთხკუთხა კოშკი და გალავნის ფრაგმენტები. სამივე კოშკი თუშური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფიქალი ქვითაა ნაგები.