კონტენტზე გადასვლა

თელავი კახეთის გულში, ალაზნის ვაკეზე გაშენებული ისტორიული ქალაქია. თანამედროვე თელავი ტურისტული სანახაობებითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით ათასობით ტურისტს იზიდავს მთელი წლის მანძილზე. უძველესი ტაძრები, გალავნები და სასახლეები, მდინარე ალაზნის თვალწარმტაცი პეიზაჟები და ღვინის უძველესი კულტურა ქალაქის ხასიათსა და ატმოსფეროს უსვამს ხაზს.

დასვენება თელავში

საუკეთესო დრო სანახავად

თელავი და კახეთის რეგიონი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველია. თუმცა რადგან ეს მხარე ღვინისა და რთველის კულტურასთან ასოცირდება, ყველაზე მეტად სწორედ ადრეული შემოდგომის პერიოდია საუკეთესო დრო. კახეთის მინდვრები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულშიც, როცა აქაური მდელოები ჭრელ-ჭრელი მინდვის ყვავილებით იფარება.

თელავის შესახებ

თელავი გომბორის ქედის კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე მდებარეობს. თბილისიდან დაშორებულია 158 კმ-ით.

ქალაქი კახეთის რეგიონის ტურისტული და ადმინისტრაციული ცენტრია. თელავის თანამედროვე იერსახე, ადგილობრივი ღვინო და კავკასიონის მთები საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ქალაქი მის წარსულსა და აწმყოს ყველაზე უფრო გასაოცარი გზებით აერთიანებს.

თელავის სიმბოლო მეფის სასახლის მიმდებარედ დარგული 900 წლოვანი ჭადარია, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს. ჭადარზე ქალაქში არაერთ ლეგენდას მოისმენთ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, იგი თამარ მეფეს დაურგავს, თუმცა ამის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. ზოგს სჯერა, თუ ჭადართან სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდება.

ისტორია

თელავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ახალი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში (“გეოგრაფია”) მას თელაივა-თელედას სახელწოდებით მოიხსენიებს.

თელავი ქართულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. ამ დროისთვის ქალაქში ვაჭრობა და ხელოსნობა კარგად განვითარებული იყო. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. მტრის შემოსევების გამო ქალაქის შემდგომი განვითარება შეფერხდა.

თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. ქალაქს კარგად განვითარებული კულტურული ინფრასტრუქტურა აქვს: დრამატული თეატრი, ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმები, ხელოვნების და მუსიკის სასწავლებლები, ბიბლიოთეკები, პარკები და სპორტული მოედნები. ქალაქს ასევე აქვს აეროპორტი და რკინისგზა. თელავის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და ღვინის პროდუქციაზე, ტურიზმზე და იქ არსებულ უნივერსიტეტსა და მცირე წარმოებაზე.

1947 წელს შედგა თელავის დაგეგმარების და რეკონსტრუქციის გეგმა. თუმცა ქალაქის არქიტექტურულ ცენტრად კვლავ ბატონის ციხე დარჩა. ისტორიულ ცენტრში შენობების უმეტესობა 19 საუკუნისაა. აქვეა შუა საუკუნეების ანსამბლები, როგორიცაა სამეფო რეზიდენცია და მე–20 საუკუნის შენობები საბჭოთა პერიოდის სხვადასხვა ეტაპებიდან. გვიანი მოდერნისტული პერიოდიდან თელავს შემორჩა ორი მნიშვნელოვანი შენობა: სასტუმრო კახეთი და დრამატული თეატრი.

ხშირად დასმული კითხვები

თელავის მოსახლეობა

თელავის მოსახლეობა ბოლო დროინდელი აღწერის შედეგების მიხედვით 20 000-მდეა. მათი უმეტესი ნაწილი ქალაქში, ხოლო ნაწილი გარშემო მდებარე სოფლებში ცხოვრობს.

როგორ ჩამოვიდე თელავში?

თელავი თბილისიდან 158 კილომეტრითაა დაშორებული. საკუთარი ავტომობილით ქალაქში ჩასასვლელად 2-2.5 საათი დაგჭირდებათ.

თუკი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გსურთ სარგებლობა, თელავისკენ მიკროავტობუსები და ტაქსები ისნისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადიან.

მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 10₾

ტაქსის მომსახურება 15₾