კონტენტზე გადასვლა

ღირსშესანიშნაობები სიღნაღში

ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი - Bodbe Saint Nino monastery.
ბოდბის მონასტერი

სიღნაღის მონახულება მისი ქვაფენილიანი ქუჩებითა და ფერად აივნიანი სახლებით უნდა დაიწყოთ. ხის მოჩუქურთმებული ელემენტები, აგურის ღობეები და თიხის კრამიტის სახურავები სიღნაღის არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშნებია.

ქალაქს გარს აკრავს 4 კილომეტრის სიგრძის ციხე-გალავანი და კოშკურები. გალავნიდან ალაზნის ველისა და კახეთის მინდვრების თვალუწვდენელი ხედები იშლება. აქედან კავკასიონის დათოვლილი მთებისა და მყინვარების დანახვაც შეგიძლიათ. ციხე-გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.

ტაძრებიდან აღსანიშნავია ბოდბის სამონასტრო კომპლექსი წმინდა ნინოს ეკლესიით, ბაღებითა და წყაროთი.

ქალაქში 2007 წლიდან ფუნქციონირებს სიღნაღის მუზეუმი, სადაც კახეთის ექსპედიციების დროს აღმოჩენილი არტეფაქტებია დაცული. მუზეუმის მთავარ საგანძურს ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ფერწერული კოლექცია წარმოადგენს.

მთავარი ღირსშესანიშნაობები სიღნაღში

1. ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი

ბოდბის მონასტერი - Bodbe monastery.

ბოდბის მონასტერი სიღნაღიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს სამნავიან ბაზილიკას, მის გარშემო გაშენებულ მშვენიერ ბაღსა და წმინდა ნინოს წყაროს.

მონასტრის მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, თუმცა განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე.

2. სიღნაღის ციხე-გალავანი

სიღნაღის ციხე - Sighnaghi fortress.

სიღნაღის ციხე-გალავანი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. რიყის ქვითა და ნაწილობრივ აგურით ნაშენები კედლები ქალაქის გასწვრივ 4 კილომეტრზეა გადაჭიმული. გალავნის კოშკურებიდან ქალაქისა და კეხეთის ველების საუცხოო ხედი იშლება.

3. სიღნაღის მუზეუმი

სიღნაღის მუზეუმი - Sighnaghi museum.

სიღნაღის მუზეუმში დაცულია 5000-მდე ექსპონატი. კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, მეღვინეობის კულტურის მასალით, ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშებითა და სხვა.

ფერწერის მოყვარულებს მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების დათვალიერება შეუძლიათ.

4. ხირსის წმ. სტეფანეს მონასტერი

ხირსის მონასტერი - Khirsa Monastery.

ხირსის წმინდა სტეფანეს მონასტერი სიღნაღიდან 11 კმ-ის დაშორებით, სოფელ ტიბაანში მდებარეობს. VI საუკუნის ძეგლი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, სტეფანეს სახელს უკავშირდება. მონასტერს აქვს მცირე მეურნეობაც.

მონასტრის ტერიტორიიდან კავკასიონისა და კახეთის მინდვრების ხედი იშლება.

5. ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - Church of John the Baptist.

ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია სოფელ ვაქირში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უძველეს სოფელში მდებარეობს. ეს შთამბეჭდავი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII-VIII საუკუნეებში აუგიათ, ხოლო XVI საუკუნეში კახეთის მეფე ლევანს განუახლებია. ტაძარი რიყის ქვითა და აგურით არის ნაგები და მისი არქიტექტურული იერსახე განსაკუთრებით საინტერესოა - მთავარი ნავი გვერდითა ეკლესიებზე მაღალია, ხოლო კედლებზე ბოლნური ჯვრების გამოსახულებებს შეამჩნევთ. XIX საუკუნეში აგებული სამსართულიანი სამრეკლო კი ნაგებობას კიდევ უფრო მეტ სიდიადეს მატებს.