კონტენტზე გადასვლა

ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია. მთის კალთაზე აღმართული ტაძარი გარშემორტყმულია ფოთლოვანი ტყით. ტაძრამდე მისასვლელი გზა ულამაზესი ხედებით, პეიზაჟებითა და გადმოსახედებით აუცილებლად გაგაოცებთ.

ნეკრესის ტაძარი შუა კავკასიონის ქედის კალთაზე მდებარეობს. ტყით გარშემორტყმულ კომპლექსამდე მიდის სამანქანო გზა, რომლიდანაც ყვარლის უმშვენიერესი ველებისა და მთების ხედები იშლება. გზად მოწყობილია გადმოსახედები, საიდანაც ბუნების პეიზაჟებით დატკბებით.

თბილისიდან ნეკრესის კომპლექსამდე მანძილი 127 კილომეტრია. ავტომობილით დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ.

ყვარელიდან ნეკრესის კომპლექსამდე მანძილი 13,5 კილომეტრია. ავტომობილით დაახლოებით 20 წუთი დაგჭირდებათ.

მონასტრამდე მიდის სამანქანო გზა.

ნეკრესის ბუნება გაზაფხულსა და ზაფხულში ამწვანებული ხეებით, მინდვრის ფერად-ფერადი ყვავილებითა და თბილი, მზიანი ამინდებით საუკეთესოა სამოგზაუროდ, განსაკუთრებით თუკი პიკნიკისა და სალაშქრო გამოცდილების მიღებაც გსურთ.

შემოდგომით აქაურობა წითელ-ყვითელ ფერებად იღებება და პეიზაჟები მეტად მრავალფეროვანია. გარდა ამისა, შემოდგომით, სექტემბერსა და ოქტომბერში კახეთის რეგიონი რთველის მოყვარულებს მასპინძლობს.

ნეკრესის მონასტრის შესახებ

ნეკრესის ტაძარი ყვარლიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით, ნეკრესის მთაზე მდებარეობს, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე. მისი შესანიშნავი ადგილმდებარეობა და სილამაზე ბევრ მნახველს აოცებს. ნეკრესი მეტად საინტერესო ნაგებობათა ანსამბლია, რომელიც ნეკრესად წოდებული უძველესი ქალაქის ნაშთია, რომელიც ჩვენს წელთააღრიცხვამდეა დაარსებული. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. შემორჩენილია VIII-IX საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.

ნეკრესის ბაზილიკა

ნეკრესის IV ს-ის მინიატურული ბაზილიკა, ერთი ყველაზე ძველი ეკლესიაა საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათაგან. ერთი შეხედვით გარედან იგი კოშკს მოგვაგონებს. ტაძარი გადახურულია გაუთლელი ქვის ფილებით. ტაძრის შიდა ფართობი 12 კვ.მ-ია.

ნეკრესის წარწერები

ქართული კულტურის ისტორიისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილი უძველესი ქართული წარწერები, რომელიც ძვ.წ. მე-3 საუკუნიდან ახ.წ. მე-4 საუკუნემდე პერიოდით თარიღდება. წარწერები სიძველით მეორეა ქართული დამწერლობის აღმოჩენილი ნიმუშებიდან.

ნეკრესის “დიდი კვადრატი”

ნეკრესის მზის ტაძარი (ნეკრესის ცეცხლის ტაძარი) ანტიკური ხანის (I-III სს) სატაძრო კომპლექსია, რომელიც ნეკრესის “დიდი კვადრატის” სახელითაც არის ცნობილი. როგორც ჩანს, ცეცხლის ტაძარი II საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ხოლო IV საუკუნის დასაწყისში კი ის ქრისტიანებმა დაანგრიეს. ნეკრესის ზოროასტრული ტაძარი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უნიკალური ნიმუშია.

Nekresi - ნეკრესი.

ტურები

ნეკრესის ტურის ფარგლებში შეგიძლიათ მოინახულოთ ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, ქალაქი ყვარელი და გრემის მონასტერი. ერთ დღიანი ტურის ფარგლებში დაათვალიერებთ ყვარლის ფულის მუზეუმსა და ყვარლის ღვინის გვირაბს. ქალაქიდან 8 კილომეტრში ნეკრესის ტაძარს ესტუმრებით, ხოლო აქედან გრემის სამონასტრო კომპლექსამდე მანქანით დაახლოებით 15 წუთი დაგჭირდებათ. ტურის დასასრულს შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი ბუნებაში, რისთვისაც იდეალური ადგილია ილიას ტბა ყვარელში.

ლეგენდა ნეკრესის შესახებ

ნეკრესში არის ყველა მართმადიდებლური ეკლესიისგან გამოჩეული წესი, საქართველოში მხოლოდ აქ არის ნებადართული, ღორის დაკვლა. ლეგენდა ასეთი შინაარსის არის, რომ ერთხელაც ნეკრესის ციხეს ლეკები შემოესივნენ და ალყა შემოარტყეს, ძალიან რომ გაუჭირდათ ქართველებს, ერთი ეშმაკური ხერხი იხმარეს. რაც ციხეში ღორები ჰყავდათ ყველა დაკლეს, მისი სისხლი დადმოასხეს ხოლო ხორცი კი გადმოყარეს ციხიდან,როგორც მოგეხსენებათ მუსულმანები ღორს არ ეკარებიან, ციხის გარშემო კი ყველგან ღორის ხორცი და სისხლი ესხა. მოხსნეს ალყა და გაბრუნდნენ უკან. ასე გადარჩა ციხე-მონასტერი აოხრებას. მას შემდეგ ყოველ 7 ნოემბერს ნეკრესობა იმართება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორია ასეთი ქრისტიანული სალოცავი.

ნეკრესის მონასტერი - Nekresi Monastery.

ჩვენი რჩევები

ტაძრების მონახულებისას, სადაც სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობს, გაითვალისწინეთ, რომ შეიმოსოთ შესაბამისი ტანისამოსით. შეგიძლიათ თან იქონიოთ კაბა, ან უბრალოდ შემოსაცმელი შარფი.

თუკი გსურთ ნეკრესის მიმდებარედ ყვარლის სხვა ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც მოასწროთ, უმჯობესია თუ მოგზაურობას დილით ადრე დაიწყებთ.

არ დაგავიწყეთ ამინდის შემოწმება, რათა მოგზაურობა უფრო სასიამოვნო იყოს და უამინდობამ ხელი არ შეგიშალოთ სხვადასხვა ადგილების მონახულებაში ან თუნდაც პიკნიკის მოწყობაში. ასევე თან იქონიოთ ამინდის შესაბამისი აღჭურვილობა/ტანისამოსი.