კონტენტზე გადასვლა

ლაგოდეხი უნიკალური და მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის მხარეა. აქაურობა განსაკუთრებით მიმზიდველია ლაშქრობისა და კემპინგის მოყვარულთათვის. ჩანჩქერები, ტბები და ნისლიანი ხეობები, მთის მდინარეები და ხავსმოკიდებული ტყეები წლის ნებისმიერ სეზონზე აღაფრთოვანებს ლაგოდეხის სტუმრებს.

თბილისიდან ლაგოდეხამდე მანძილი დაახლოებით 165 კმ-ია, მანძლის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 2 სთ და 30 წთ.

თუკი საკუთარი მანქანით გამგზავრებას არ გეგმავთ, თბილისში მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან ლაგოდეხის მიმართულებით მიკრო ავტობუსები გადიან 07:30-დან ყოველ ერთ საათში.

მარშრუტი გასვლის დრო ბილეთის ღირებულება
ლაგოდეხი 7:40 8:30 9:30 10:20 11:10 12:00 12:35 13:15 14:00 14:40 15:20 16:00 16:30 17:00 17:30 18:15 18:50 7₾

ლაგოდეხი ზღვის დონიდან 435 მ-ზე მდებარეობს კახეთში. გადაჭარბების გარეშე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები თავისი ფლორითა და ფაუნით ერთ-ერთი უმდიდრესია მთელს რეგიონში. სწორედ ამიტომ, აქაურობა ეკო-ტურიზმით გატაცებულ ადამიანებს მთელი წლის მანძილზე იზიდავს.

ლაგოდეხში გავრცელებულ სამეფო წიფლისა და რცხილის ტყეებს საქართველოში ანალოგი არ მოეპოვება. აქ გავრცელებული ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 საკუთრივ მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დაარსება პოლონელ მოყვარულ ნატურალისტს, ლუდვიგ მლოკოსევიჩს უკავშირდება. მან შენიშნა, რომ აქ მობინადრე როჭო ევროპულისგან განსხვავდებოდა და დასვა საკითხი ხეობა ნაკრძალად გამოეცხადებინათ. ექსპედიციის შედეგად გაირკვა, რომ ლაგოდეხის ხეობაში არსებული მცენარეული საფარი წარმოადგენს მესამეული ფლორის იშვიათ მცენარეებს, რომელთა უმრავლესობა არის ვიწრო, ლოკალური, ენდემური სახეობები.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები მსოფლიოში ერთ-ერთი კარგად შემონახული, პირველყოფილი, ველური ბუნებრივი ლანდშაფტებით მრავალფეროვანი ადგილია. ტერიტორია მოიცავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალსა და აღკვეთილს. ლაგოდეხის აღკვეთილში მოწყობილია ხუთი უსაფრთხო და ინფორმატიული ტურისტული მარშრუტი, კერძოდ: როჭოს ჩანჩქერი, ნინოსხევის ჩანჩქერი, მაჭის ციხე და შავი კლდეების ტბა.

ტურისტებისათვის მოწყობილია ვიზიტორთა ცენტრი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სპეციფიკას, ტარიფებს, უსაფრთხოების წესებს და არსებული ტურისტული მარშრუტებიდან თქვენთვის სასურველი აირჩიოთ.

სალაშქრო ტურების გარდა, პარკში ვიზიტორებს საცხენოსნო ტურებიც ელოდებათ.

ტურების მოწყობა გაზაფხულის, ზაფხულისა და შემოდგომის სეზონზეა მიზანშეწონილი.

ადგილზე შეგიძლიათ სალაშქრო ინვენტარის დაქირავებაც.

ლაგოდეხისა და მისი დაცული ტერიტორიების მონახულება ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა ზოგიერთი მარშრუტის გავლა მისი სირთულიდან გამომდინარე ზამთარში რეკომენდებული არაა.

ლაგოდეხის ფოთლოვანი ტყეები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომით. ამ დროს ტყე ათასგვარი ყვავილითაა მოფენილი.

ზაფხულში მთის მდინარეებსა და ჩანჩქერებში ბანაობასაც შეძლებთ.

ლაგოდეხის 4 საუკეთესო სალაშქრო ბილიკი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს როჭოს ჩანჩქერის, ნინოსხევის ჩანჩქერის, მაჭის ციხისა და შავი კლდეების ტბის მიმართულებით.

ნინოსხევის ჩანჩქერი

  • სიგრძე: 8 კმ

  • დრო: 3-4 სთ

  • სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

  • სირთულე: საშუალო

  • უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან: 590 მ

  • უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: 890 მ

ნინოსხევის ჩანჩქერისკენ საცალფეხო გზა გურგენიანის საინფორმაციო ცენტრიდან იწყება, მიუყვება მდინარე ნინოს ხევის ნაპირებს და საბოლოოდ 40 მეტრიანი ჩანჩქერის პეიზაჟით სრულდება. ჩანჩქერი პატარ-პატარა წყალვარდნილებსა და აუზებს ქმნის კლდის ფერდობზე. ზაფხულობით ჩანჩქერში გაგრილება და მის პირას პიკნიკის მოწყობაც შეგიძლიათ.

ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი - Ninoskhevi (gurgeniani) waterfall.

მაჭის ციხე

  • სიგრძე: 10 კმ

  • დრო: 4 სთ

  • სეზონი: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

  • სირთულე: საშუალო

  • უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან: 430 მ

  • უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: 740.5 მ

ტური იწყება სოფ. მაწიმში არსებული საინფორმაციო ცენტრიდან და მიემართება მდინარე ბნელიხეობის მიმართულებით

ვიწრო ბილიკს ტყისა და კორომების გავლით მივყავართ საუკუნეების წინ აგებულ ციხე-სიმაგრესთან.

ციხე-სიმაგრის გალავნის შიგნით ჯერ კიდევ დგას კარის ეკლესია და შემორჩენილია მიწისქვეშა გასასვლელები.

გაითვალისწინეთ: თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან ბილიკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს მიემართება.

მაჭის ციხე - Machi fortress.

როჭოს ჩანჩქერი

  • სიგრძე: 9 კმ

  • დრო: 3 სთ

  • სეზონი: ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

  • სირთულე: საშუალო

  • უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან: 567.8 მ

  • უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: 922.5 მ

როჭოს ჩანჩქერის სალაშქრო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და ფართოფოთლოვანი ტყის გავლით მდინარე შრომიხევის მიმართულებით გრძელდება. ვიწრო, დაკლაკნილი საცალფეხო ბილიკი მდინარის პირს მიუყვება პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით. მარშრუტის ბოლოს მწვანე კლდეებს შორის მოწყვეტით გადმოვარდნილ როჭოს ჩანჩქერს მიადგებით, რომელიც 6 მეტრის სიმაღლიდან ეშვება.

როჭოს ჩანჩქერი, ლაგოდეხი - Black Grouse Waterfall, Lagodekhi.

შავი კლდეების ტბა

  • სიგრძე: 42 კმ

  • დრო: 3 დღე

  • სეზონი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

  • სირთულე: რთული

  • უდაბლესი წერტილი ზღვის დონიდან: 569 მ

  • უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან: 2857 მ

შავი კლდეების ტბისკენ მიმავალი მარშრუტის პირველი მონაკვეთი 12 კმ სიგრძისა და 8 საათის ხანგრძლივობისაა. გზა ადმინისტრაციული ცენტრიდან ტურისტულ თავშესაფარ მეტეომდე გრძელდება. მეტეოს მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულია სპეციალურად მოწყობილი საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები.

ლაშქრობის მეორე ნაწილი 15 კმ-ის სიგრძისა და 7 საათის ხანგრძლივობისაა. ტურისტული თავშესაფრიდან ტბის მიმართულებით და ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში – ,,დემიდოვის ბინა“.ბინა განთავსებულია 2650 მეტრზე ზღვის დონიდან ალპურ მდელოზე. ბინიდან ახლოს გადასახედებია მდ. ლაგოდეხისხევის, მდ. შრომისხევის ხეობებზე, ასევე აქედან იშლება საუკეთესო ხედი ალაზნის ველზე და კავკასიონზე.

ტურისტული თავშესაფრიდან ადმინისტრაციულ ცენტრში დასაბრუნებლად 15კმ-ის გავლა მოგიწევთ კუდიგორის ქედის გავლით.

შავი კლდეების ტბა და მოლაშქრეები- Black Rock Lake and hikers.

რა ვნახოთ ლაგოდეხში?

ლაგოდეხის ტურისტულ პოტენციალს მნიშვნელოვანწილად მისი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობები განაპირობებს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, მოწესრიგებული, მარკირებული ბილიკებითა და სალაშქრო მარშრუტებით, რომლებსაც ხმაურიან ჩანჩქერებამდე (ნინოსხევის და როჭოს), ალპურ ტბებამდე (შავი კლდის ტბა) და რძისფერ ნისლში გახვეულ მთებამდე (კუდიგორის) და ხეობებამდე მივყავართ.

ბუნების გასაოცარი ხედების გარდა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების უიშვიათეს ბინადრებსაც შეიძლება გადააწყდეთ. აქ ბინადრობს ჯიხვი, დათვი, ირემი და სხვა იშვიათი და ენდემური სახეობები.

თუკი ქალაქის ისტორიული წარსულის გაცოცხლება გსურთ, მოინახულეთ მაჭის ციხე და ქოჩალოს ბაზილიკის ნანგრევები.

თუკი ლაშქრობების შემდეგ კომფორტული დასავენებელი გინდათ, ლაგოდეხის ეკო სოფელი და კოტეჯები იდეალური ადგილია. აქ ბუნებასთან სიახლოვესა და კომფორტს ერთდროულად იგრძნობთ.

ლაგოდეხის ეროვნული პარკი

ლაგოდეხის ეროვნულ პარკს ჩანჩქერების, უიშვიათესი ფლორისა და ფაუნის სანახავად უნდა ესტუმროთ. აქედან საუცხოო ხედები იშლება კახეთის მინდვრებზე, მდინარეების ხეობებზე და დანისლულ მთებზე. პარკის ტერიტორიაზე შეიძლება გადააწყდეთ კავკასიური როჭოსა და შურთხს, ჯიხვს, ირემს, დათვს, ფოცხვერს და სხვა.

ხედები, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი - Views, Lagodekhi State Reserve.

მდინარე ლაგოდეხისხევის სანაპირო და პარკი

მდინარე ლაგოდეხისხევის სანაპირო ზაფხულობით ადგილობრივების საყვარელი თავშეყრის ადგილია. მდინარის წყალი ცხელი დღეების გაგრილების საუკეთესო საშუალებაა. ხშირად ეწყობა პიკნიკები. მდინარის პირას არსებულ პარკში განტვირთვა და დასვენება შეგიძლიათ.

მდინარე ლაგოდეხის ნაკრძალში - River in Lagodekhi Reserve.

ლაგოდეხის მონასტერი (ქოჩალოს ბაზილიკა)

ქოჩალოს ბაზილიკა ლაგოდეხის ჩრდილოეთით, მდინარე ნინოსხევის მარცხენა ნაპირზე, მთის ფერდზე მდებარეობს. ეკლესია VI-VII საუკუნეებით თარიღდება. 2019 წელს ბაზილიკის გაწმენდითი სამუშაოების დროს უმნიშვნელოვანესი ქართული წარწერა აღმოაჩინეს. ასომთავრული ტექსტი X საუკუნის ბოლოსაა შესრულებული და ეკლესიისათვის მიწების შეწირვის შესახებ მოგვითხრობს.

მონასტერი ”დიდთა ძალითა ლაგოდეხი” - Monastery "Power of the Great Lagodekhi".