თელავი კახეთის გულში, ალაზნის ვაკეზე გაშენებული ისტორიული ქალაქია. თანამედროვე თელავი ტურისტული სანახაობებითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით ათასობით ტურისტს იზიდავს მთელი წლის მანძილზე. უძველესი ტაძრები, გალავნები და სასახლეები, მდინარე ალაზნის თვალწარმტაცი პეიზაჟები და ღვინის უძველესი კულტურა ქალაქის ხასიათსა და ატმოსფეროს უსვამს ხაზს.
თელავი თბილისიდან 158 კილომეტრითაა დაშორებული. საკუთარი ავტომობილით ქალაქში ჩასასვლელად 2-2.5 საათი დაგჭირდებათ.
თუკი საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტით გსურთ სარგებლობა, თელავისკენ მიკროავტობუსები და ტაქსები ისნისა და ნავთლუღის ავტოსადგურებიდან გადიან.
მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება 10₾
ტაქსის მომსახურება 15₾
თელავი გომბორის ქედის კალთის ძირას და ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 550-800 მეტრზე მდებარეობს. თბილისიდან დაშორებულია 158 კმ-ით.
ქალაქი კახეთის რეგიონის ტურისტული და ადმინისტრაციული ცენტრია. თელავის თანამედროვე იერსახე, ადგილობრივი ღვინო და კავკასიონის მთები საოცრად ერწყმის ერთმანეთს. ქალაქი მის წარსულსა და აწმყოს ყველაზე უფრო გასაოცარი გზებით აერთიანებს.
თელავის სიმბოლო მეფის სასახლის მიმდებარედ დარგული 900 წლოვანი ჭადარია, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს. ჭადარზე ქალაქში არაერთ ლეგენდას მოისმენთ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, იგი თამარ მეფეს დაურგავს, თუმცა ამის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. ზოგს სჯერა, თუ ჭადართან სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდება.
თელავის მოსახლეობა
თელავის მოსახლეობა ბოლო დროინდელი აღწერის შედეგების მიხედვით 20 000-მდეა. მათი უმეტესი ნაწილი ქალაქში, ხოლო ნაწილი გარშემო მდებარე სოფლებში ცხოვრობს.
თელავი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ახალი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნის ბერძენი გეოგრაფი კლავდიოს პტოლემაიოსი, თავის ერთ-ერთ ნაშრომში (“გეოგრაფია”) მას თელაივა-თელედას სახელწოდებით მოიხსენიებს.
თელავი ქართულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა. ამ დროისთვის ქალაქში ვაჭრობა და ხელოსნობა კარგად განვითარებული იყო. თელავზე გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზები. მტრის შემოსევების გამო ქალაქის შემდგომი განვითარება შეფერხდა.
თელავი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო (მეღვინეობის) და კულტურული ცენტრია. ქალაქს კარგად განვითარებული კულტურული ინფრასტრუქტურა აქვს: დრამატული თეატრი, ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმები, ხელოვნების და მუსიკის სასწავლებლები, ბიბლიოთეკები, პარკები და სპორტული მოედნები. ქალაქს ასევე აქვს აეროპორტი და რკინისგზა. თელავის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და ღვინის პროდუქციაზე, ტურიზმზე და იქ არსებულ უნივერსიტეტსა და მცირე წარმოებაზე.
1947 წელს შედგა თელავის დაგეგმარების და რეკონსტრუქციის გეგმა. თუმცა ქალაქის არქიტექტურულ ცენტრად კვლავ ბატონის ციხე დარჩა. ისტორიულ ცენტრში შენობების უმეტესობა 19 საუკუნისაა. აქვეა შუა საუკუნეების ანსამბლები, როგორიცაა სამეფო რეზიდენცია და მე–20 საუკუნის შენობები საბჭოთა პერიოდის სხვადასხვა ეტაპებიდან. გვიანი მოდერნისტული პერიოდიდან თელავს შემორჩა ორი მნიშვნელოვანი შენობა: სასტუმრო კახეთი და დრამატული თეატრი.
თელავი და კახეთის რეგიონი ტურისტებისთვის მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველია. თუმცა რადგან ეს მხარე ღვინისა და რთველის კულტურასთან ასოცირდება, ყველაზე მეტად სწორედ ადრეული შემოდგომის პერიოდია საუკეთესო დრო. კახეთის მინდვრები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულზე და ზაფხულშიც, როცა აქაური მდელოები ჭრელ-ჭრელი მინდვის ყვავილებით იფარება.
თელავის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ თელავში?
თელავი კახეთის სატახტო ქალაქი იყო. აქ მდებარეობდა მეფის რეზიდენცია, დიდებულთა მამულები და სასახლეები. ვიზიტორების თვალწინ ქალაქის ისტორიას აქაური ციხე-სიმაგრეები, მონასტრები და სახლ-მუზეუმები აცოცხლებს.
ქალაქის დათვალიერება შეგიძლიათ მისი ცენტრალური ნაწილით დაიწყოთ. ერეკლე II-ის მოედანზე თელავის ისტორიული მუზეუმი მდებარეობს, რომელიც აერთიანებს „ბატონის ციხის“ არქიტექტურულ კომპლექსს, ეკლესიასა და თავად მუზეუმის შენობას, რომელშიც წარმოდგენილია არქეოლოგია ,შუა საუკუნის ეთნოგრაფია, სარკოფაგი, შუა საუკუნეების აბჯარი, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, აგრეთვე ქართველ მხატვართა (ელ. ახვლედიანის, ლ. გუდიაშვილის და სხვათა) ნამუშევრები. აქვეა ქალაქის მთავარი პარკი – ნადიკვარი.
ქალაქის შემოგარენში ქართული ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებს იხილავთ – ალავერდი, იყალთო, ძველი და ახალი შუამთა.
მოინახულებთ ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმს, ბაღსა და ღვინის მარანს.
თანამედროვე ქალაქმა არაჩვეულებრივად შემოინახა უძველესი ღვინის კულტურა. ამიტომ თელავში ტრადიციული ქართული წესით დამზადებული უნიკალური ღვინოების დასაგემოვნებლად აქაურ რესტორნებსა და მარნებს უნდა ესტუმროთ.
ბატონის ციხე
ბატონის ციხე თელავის ცენტრში, ერეკლე II-ის მოედანზე მდებარეობს. მე-17 საუკუნის სამეფო რეზიდენციის კომპლექსი გარშემორტყმულია თითქმის დაუზიანებლად შემორჩენილი გალავნით. კომპლექსში აერთიანებს ციხის ზღუდეს ორი ალაყაფის კარით, მეფეთა სასახლეს, კარის ეკლესიას, აბანოსა და გვირაბს.
მეფე ერეკლე II-ის სასახლე
მეფე ერეკლე II-ის სასახლე მე-18 საუკუნეში აქ ერეკლე მეორემ ააგო. სასახლე ისპაჰანში ირანის შაჰის სასახლის მცირე ასლს წარმოადგენს და დღემდე დგას.
ალავერდის მონასტერი
ალავერდის მონასტერი ალაზნის უმშვენიერეს ველზე, თელავიდან 20კმ-ში მდებარეობს. VI საუკუნის მონასტრის მშენებლობა ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, იოსებ ალავერდელის სახელს უკავშირდება.
ტაძრის სიმაღლე გუმბათიანად 50 მეტრს აღემატება და ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში.
იყალთოს მონასტერი
იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 8 კმ-ზე მდებარეობს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ზოგიერთი ცნობით, იყალთოს აკადემიაში სწავლობდა გენიალური შოთა რუსთაველი.
ძველი შუამთის მონასტერი
ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ში, ულამაზეს ტყეშია აშენებული. კომპლექსში სამი ეკლესიაა: გუმბათიანი ეკლესია და მცირე გუმბათოვანი ეკლესია მეშვიდე საუკუნისაა, ხოლო სამნავიანი ბაზილიკა მე-5 მე-6 საუკუნეების, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ საყურადღებო ნიმუშად ითვლება.
ახალი შუამთა
ახალი შუამთა თელავიდან 9 კილომეტრში, ცივგომბორის მთის ტყით შეფენილ კალთაზე მდებარეობს.მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთებს შორის მდებარე ვაკეზეა აგებული.
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი თელავის მუნიციპალიტეტში, ქალაქიდან 9 კმ-ში მდებარეობს. წინანდლის სამუზეუმო კომპლექსში შეგიძლიათ გაეცნოთ ჭავჭავაძეების ოჯახის ისტორიას, დატკბეთ დეკორატიული ბაღის სილამაზით, დაათვალიეროთ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი, დააგემოვნოთ ჭავჭავაძისეული წინანდალი და სხვა ქართული ღვინოები. სასიამოვნოდ დატვირთული დღის დასასრულს კი დაისვენოთ ისტორიულ სასტუმროში.
თელავის ისტორიული მუზეუმი
თელავის ისტორიული მუზეუმი მოთავსებულია მეფე ერეკლე II-ის ყოფილი სასახლის რამდენიმე დარბაზში. სამუზეუმო კომპლექსში „ბატონის ციხის“ სახელწოდებით შედის: „კახთ მეფეთა სასახლე“ (XVIII საუკუნე), კარის ეკლესიები, სკოლის ნაგებობის ნაშთები, მეფის აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი.
დიდი ჭადარი (Giant Plane Tree)
ერეკლე მეორის მოედანზე 900 წლოვანი ჭადარია დარგული, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს და თელავის სიმბოლოდ ითვლება. გადმოცემის თანახმად, თუ ჭადართან სურვილს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდება. ჭადარი ტურისტთა საყვარელი სანახაობაა.
ნადიკვარის პარკი
ნადიკვარის პარკი ქალაქის ცენტრში, “ბატონის ციხესთან” არის გაშენებული. მოწყობილია სასეირნო ბილიკები, 12 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, გადასახედი ადგილები, სათამაშო მოედნები, საზაფხულო ამფითეატრი და ატრაქციონები.
ხშირად დასმული კითხვები
თელავის მოსახლეობა
თელავის მოსახლეობა ბოლო დროინდელი აღწერის შედეგების მიხედვით 20 000-მდეა. მათი უმეტესი ნაწილი ქალაქში, ხოლო ნაწილი გარშემო მდებარე სოფლებში ცხოვრობს.