სიღნაღი კახეთის რეგიონის გამორჩეული ტურისტული ქალაქია თავისი მდებარეობით, არქიტექტურით, ხედებითა და მყუდრო ატმოსფეროთი. სიღნაღი გაშენებულია შემაღლებულ ბორცვზე და ალაზნის ველის გაშლილ სივრცეს, ფერად მინდვრებსა და კავკასიონის მთებს გადაჰყურებს. ქალაქის იერსახეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ქვაფენილიანი ქუჩები, ხის ფერად-ფერადი აივნები და აგურისფერი სახურავით დახურული შენობები.
თბილისი – სიღნაღი გზის მონაკვეთი 113 კმ-ია. თუკი მოგზაურობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით გეგმავთ, მარშრუტების, გამგზავრების დროებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ცხრილში:
გაჩერების ადგილი | გასვლის დრო | ღირებულება |
---|---|---|
თბილისი – სამგორი, ნავთლუღის ბაზრობის ავტოსადგური | ყოველდღე – 9:00 სთ.; 11:00 სთ; 13:00 სთ; 15:00 სთ; 17:00 სთ; 18:00 სთ | 8 ლარი |
სიღნაღი – ავტოსადგური, საფეხბურთო მოედნის გვერდით | ყოველდღე – 7:00 სთ; 9:00 სთ; 11:00 სთ; 13:00 სთ; 16:00 სთ; 18:00 სთ | 8 ლარი |
ქალაქი სიღნაღი ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 790 მეტრზე მდებარეობს.
სიღნაღს სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ. სახელის პირველი ვერსია დაკავშირებულია ქორწინების სახლთან, რომელიც ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს და წყვილებს დღისა თუ ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ ქორწინების ცერემონიალი გამართონ. მეორე ვერსია ცნობილ ქართველ მხატვარს, ნიკო ფიროსმანს უკავშირდება, რომელმაც გადმოცემის თანახმად, სიღნაღში თავისი სახლი საყვარელი ქალისთვის მილიონი ვარდის საჩუქებლად გაყიდა.
თანამედროვე სიღნაღი ვიზიტორთა ყურადღებას თავისი არქიტექტურული სახით, ღვინის უძველესი კულტურითა და გეოგრაფიული მდებარეობით იქცევს. ქალაქის ისტორიული ნაწილი ინახავს ციხე-გალავანს, ქალაქის კარიბჭესა და მონასტრებს. სიღნაღის შემოგარენში არაერთი ვენახი და ღვინის მარანია, სადაც უძველესი ქართული წესით დაყენებული ღვინოების დაგემოვნება შეგიძლიათ.
სიღნაღის მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ. თუმცა კახეთის ბუნება, ალაზნის ველები და მინდვრები განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და შემოდგომაზე. თუკი რთველში მონაწილეობის მიღებაც გსურთ, სიღნაღსა და მის შემოგარენს ადრეულ შემოდგომაზე ესტუმრეთ. ამ პერიოდში კახეთისკენ მიმავალი გზა და გომბორის უღელტეხილი საოცარ ფერებშია გახვეული.
სიღნაღის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ სიღნაღში?
სიღნაღის მონახულება მისი ქვაფენილიანი ქუჩებითა და ფერად აივნიანი სახლებით უნდა დაიწყოთ. ხის მოჩუქურთმებული ელემენტები, აგურის ღობეები და თიხის კრამიტის სახურავები სიღნაღის არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშნებია.
ქალაქს გარს აკრავს 4 კილომეტრის სიგრძის ციხე-გალავანი და კოშკურები. გალავნიდან ალაზნის ველისა და კახეთის მინდვრების თვალუწვდენელი ხედები იშლება. აქედან კავკასიონის დათოვლილი მთებისა და მყინვარების დანახვაც შეგიძლიათ. ციხე-გალავანში ჩაშენებულია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია.
ტაძრებიდან აღსანიშნავია ბოდბის სამონასტრო კომპლექსი წმინდა ნინოს ეკლესიით, ბაღებითა და წყაროთი.
ქალაქში 2007 წლიდან ფუნქციონირებს სიღნაღის მუზეუმი, სადაც კახეთის ექსპედიციების დროს აღმოჩენილი არტეფაქტებია დაცული. მუზეუმის მთავარ საგანძურს ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ფერწერული კოლექცია წარმოადგენს.
ბოდბის წმ. ნინოს მონასტერი
ბოდბის მონასტერი სიღნაღიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს სამნავიან ბაზილიკას, მის გარშემო გაშენებულ მშვენიერ ბაღსა და წმინდა ნინოს წყაროს.
მონასტრის მონახულება წლის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ, თუმცა განსაკუთრებით ლამაზია გაზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე.
სიღნაღის ციხე-გალავნის შესახებ
სიღნაღის ციხე-გალავანი თითქმის პირვანდელი სახითაა შემონახული. რიყის ქვითა და ნაწილობრივ აგურით ნაშენები კედლები ქალაქის გასწვრივ 4 კილომეტრზეა გადაჭიმული. გალავნის კოშკურებიდან ქალაქისა და კეხეთის ველების საუცხოო ხედი იშლება.
სიღნაღის მუზეუმი
სიღნაღის მუზეუმში დაცულია 5000-მდე ექსპონატი. კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, მეღვინეობის კულტურის მასალით, ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშებითა და სხვა.
ფერწერის მოყვარულებს მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების დათვალიერება შეუძლიათ.
ხირსის წმ. სტეფანეს მონასტერი
ხირსის წმინდა სტეფანეს მონასტერი სიღნაღიდან 11 კმ-ის დაშორებით, სოფელ ტიბაანში მდებარეობს. VI საუკუნის ძეგლი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთს, სტეფანეს სახელს უკავშირდება. მონასტერს აქვს მცირე მეურნეობაც.
მონასტრის ტერიტორიიდან კავკასიონისა და კახეთის მინდვრების ხედი იშლება.
ისტორია
სიღნაღის თანამედროვე რელიეფი დაახლოებით 1 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. მეცნიერთა აზრით, დაახლოებით 30 მილიონი წლის წინ აქ ზღვა უნდა ყოფილიყო, გომბორის ქედი კი მასში ამოზრდილი კუნძული.
სიღნაღი თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს. ქალაქის გაშენება შემაღლებულ ადგილზე მის თავდაცვისუნარიანობას ზრდიდა და ომიანობის დროს მიმდებარე სოფლების მოსახლეობა თავს აფარებდა ციხე-სიმაგრის კედლებს. სწორედ ამ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს სახელის ეტიმოლოგია.
სიღნაღის ქალაქად ფორმირება ერეკლე II-ის სახელს უკავშირდება. სწორედ ერეკლეს დროს აშენებულა ციხის გალავანი, რომელსაც სათვალთვალო კოშკები და თაღოვანი კარიბჭეები აქვს. მტრის შემოსევის დროს ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მთელი მოსახლეობა თავისი სარჩო-საბადებლით აქ აფარებდა თავს. კოშკებისა და გალავნების დაცვა მათ ევლაებოდათ.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარების შემდეგ ეს მხარე დიდ მნიშვნელობას იძენს. აქ აღესრულა და დაკრძალულია წმინდა ნინო.
XIX საუკუნის II ნახევრიდან სიღნაღში ფეხს იკიდებს ქალაქური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი სალონური ტიპის საღამოები, სადაც იკრიბებოდნენ საერთო ინტერესების, გემოვნებისა და ცხოვრების სტილის მქონე ადამიანები. ხშირად იმართებოდა პოეზიის საღამოები, კონცერტები, თამაშობები.
XIX საუკუნის ბოლოსთვის, სიღნაღში შეიქმნა მოძრავი თეატრალური დასი, ჩამოყალიბდა ქართული და აღმოსავლური სამუსიკო დასები, იქმნებოდა სამუსიკო სალონები. სიღნაღი რეგიონის კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა.
დღეს სიღნაღს ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ. 2007 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ქუჩებს, მოედნებსა და შენობებს. დაარსდა სიღნაღის მუზეუმი, მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, გაიხსნა სასტუმროები და კაფე-რესტორნები.