კონტენტზე გადასვლა

დავით გარეჯი ერთ-ერთი გამორჩეული სამონასტრო კომპლექსია. გარე კახეთის ნახევრად უდაბნოში დაარსებული მონასტრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება და ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის სახელს უკავშირდება. გარეჯს უდიდესი რელიგიური დატვირთვა აქვს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, ამიტომაც მორწმუნეების მიერ არაერთი ლეგენდა შეიქმნა მის გარშემო.

თუკი გსურთ გარეჯის ყველა ღირსშესანიშნაობა მოიაროთ, გაემგზავრეთ საკუთარი მანქანით, ან იქირავეთ მძღოლი, უმჯობესია ჯიპის ტიპის ავტომობილით.

დავით გარეჯის ლავრა საგარეჯოს რაიონში, სოფელ უდაბნოშია გაშენებული. თბილისიდან საგარეჯომდე დაახლოებით ერთი საათი დაგჭირდებათ მანქანით. საგარეჯოდან კიდევ 50 კილომეტრის გავლა მოგიწევთ კომპლექსამდე მისასვლელად. თბილისიდან დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.

ფერადი მთების და მრავალწყაროს ტბა გარეჯიდან 22 კილომეტრში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. გაითვალისწინეთ, რომ ტბამდე მისასვლელად გარკვეული მანძილის ფეხით გავლა მოგიწევთ, ამიტომ ჩაიცვით მაქსიმალურად კომფორტული სპორტული ფესაცმელი.

დავით გარეჯის მთავარი ღირსშესანიშნაობა გარეჯის მუზეუმ ნაკრძალი და დავითის ლავრაა. ბუნების ძეგლების მონახულება კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

დავითის ლავრის, საბერეების, ტბისა და ფერადი მთების ნახვა 1 დღიანი ტურის ფარგლებში შეგიძლიათ და დაახლოებით 10-12 საათი დაგჭირდებათ. თბილისიდან 09:00 საათზე გასვლის შემთხვევაში დღის ბოლომდე შეძლებთ უკან დაბრუნებას.

11:00 – მოინახულებთ მრავალწყაროს ფერად მთებსა და ტბას.

13:00 – გზად შეგხვდებათ ნათლისმცემლის ლავრა

14:00 – აქედან 15 კმ-ში კი დავითის ლავრა მდებარეობს.

15:00 – 16:00 – დავითის ლავრის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ბუნებაში დაბანაკდეთ, პიკნიკი მოაწყოთ და დაისვენოთ.

16:30 – აქედან იწყება მარშრუტის მეორე ნაწილი საბერეების კლდეში ნაკვეთი კომპლექსისკენ.

18:00 – გამომგზავრება

ძეგლები ვიზიტის საათები
მუზეუმ-ნაკრძალი 10:00 – 18:00
ბუნების ძეგლები 24/7

ტურისტებისათვის სამონასტრო კომპლექსის მონახულება უფასოა, ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა საჭირო არ არის. მუზეუმ ნაკრძალში შესასვლელად ბილეთების შეძენა მოგიწევთ. აქვე შეგიძლიათ ისარგებლოთ გიდის მომსახურებით.

ძეგლი ვიზიტის ღირებულება
დავითის ლავრა უფასო
მუზეუმ-ნაკრძალი 10₾ – მოზრდილებისთვის1 ლარი – მოსწავლეები/სტუდენტები/ პენსიონრები
გიდის მომსახურება ღირებულება
ქართულ ენოვანი 15₾
ინგლისურ ენოვანი 30₾

მუზეუმ-ნაკრძალთან დაკავშრებით დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს მუზეუმების ასოციაციას.

სერვისები

უდაბნოს ტერიტორიაზე კაფეებსა და რესტორნებს ვერ შეხვდებით, ამიტომ უმჯობესია თან იქონიოთ საკვები. აქ მრავლადაა საპიკნიკე ადგილები, სადაც შეგიძლიათ შეჩერდეთ და წაიხემსოთ.

გარეჯიდან დაბრუნების შემდეგ შეგიძლიათ საგარეჯოში ივახშმოთ. რესტორანი “ანას ლანჩი” ტრადიციული ქართული სამზარეულოთი და ცნობილი კახური მწვადით გაგიმასპინძლდებათ.

საგარეჯოში შეგიძლიათ ესტუმროთ საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და ჰოსტელებს, სადაც ადგილობრივები შინაური სამზარეულოთი და აქაური ღვინით გაგიმასპინძლდებიან. აუცილებლად დაჯავშნეთ ადგილები წინასწარ, ვინაიდან აქაურობა წლის ნებისმიერ პერიოდში იზიდავს ტურისტებს.

დავით გარეჯი - David Gareja.

ისტორია

დავით გარეჯის კომპლექსის ისტორია მე-6 საუკუნიდან იწყება. იგი აერთიანებდა სოფლებსა და დასახლებებს. კომპლექსის მშენებლობამ ზენიტს XII-XIII საუკუნეებში მიაღწია, ქართული სახელმწიფოს კულტურული და პოლიტიკური აღმავლობის ხანაში.

კომპლექსის დიდი ნაწილი კლდეში გამოკვეთეს. ზაფხულობით კლდოვან საცხოვრისებში უფრო გრილოდა, ზამთარში კი შედარებით თბილოდა.

გარეჯი საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ეს ტერიტორია ოდითგანვე საზღვრისპირა რეგიონი იყო, ამიტომ გარეჯის მონასტერს ნაწილობრივ თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდა. აქ აღმართული საგუშაგო კოშკებიდან მოახლოებული მტრის შემჩნევა და ინფორმაციის გადაცემა შეიძლებოდა.

დავით გარეჯის კომპლექსი - David Gareja complex.

საინტერესო ფაქტები

თამარ მეფის ფრესკა გარეჯში

იცოდით, რომ საქართველოში თამარ მეფის გამოსახულების ნახვა 4 მონასტერშია შემორჩენილი. ერთ-ერთი მათგანი გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ფერადი მთების შესახებ

სინამდვილეში მთების შეფერილობას მათზე დანალექი სხვადასხვა მინერალები განაპირობებს.

გარეჯის აღმოჩენები

1939 წლის ექსპედიციის დროს ამ მიდამოებში აღმოაჩინეს პრიმატის ზედა ყბის ფრაგმენტი ორი კბილით, რომელიც უდაბნოპითეკის სახელით გახდა ცნობილი. ნამარხის გეოლოგიური ასაკი და-ახლოებით 8,5 მილიონ წელს ითვლის.

ლეგენდა “დავითის ცრემლებზე”

დავითგარეჯის სასწაულებზე არაერთი ლეგენდა არსებობს, მათ შორის არის ლეგენდა „დავითის ცრემლებზე”, რომელსაც მორწმუნეები „მადლის წყალსაც” უწოდებენ. წყალი უდაბნოს მთის კალთის ერთ-ერთ გამოქვაბულში წვეთავს.

ლეგენდის თანახმად, აქ ცხოვრობდა ბერი. კლდის ძირას მწარე წყალი წვეთავდა და ბერს ამ წყლის სმა უწევდა. დავითმა შეიტყო ეს ამბავი, ესტუმრა ბერს და შეავედრა უფალს, რომ წყალი დამტკბარიყო.

ჭურჭელი წყაროს წყალით აავსო და ჯვარი გარდასახა. მოხდა სასწაული და მწარე წყალი გატკბილდა. ბერმა ამ წყალს „დავითის ცრემლები” უწოდა.

დავით გარეჯის ცისარტყელას მთები - David Gareja rainbow mountains.

ჩვენი რჩევა

რა წავიღოთ?

აუცილებლად მოიმარაგეთ წყალი, საკვები და პირველადი დახმარების რამდენიმე აუცილებელი ატრიბუტი (მზისგან დამცავი კრემი, ანტიალერგიული პრეპარატი, წებოვანი ლენტი, ანტისეპტიკური საშუალებები).

რა ჩავიცვათ?

ეცადეთ მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი ატაროთ, რათა გაგიადვილდეთ რთულ რელიეფზე გადაადგილება. წვიმიან ამინდში თან იქონიეთ წყალგაუმტარი ტანისამოსი.

მოერიდეთ!

ვიზიტისას მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას. თავი შორს დაიჭირეთ უდაბნოს ბინადრებისგან, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა შხამიანი აღმოჩნდეს.

ხშირად დასმული კითხვები

როგორია მისასვლელი გზა?

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდა და ვიზიტორებს შეუძლიათ მონასტრამდე მანქანით გადაადგილება.

სად შეიძლება შესვენება?

კომპლექსის მიმდებარედ საკვები ობიექტები არაა. უმჯობესია თან იქონიოთ საგზალი.