ღირსშესანიშნაობები ყვარელში
ყვარელში მატერიალურ და არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიუხვესა და კახურ ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას გაზიარებენ. ქალაქში მოინახულებთ ყვარლის ისტორიულ ციხე-გალავანს, ნეკრესისა და გრემის მონასტრებს და დოლოჭოპის ბაზილიკას. მუზეუმებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის საგვარეულო სახლები. ქალაქის ცენტრში ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი მდებარეობს, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი მონეტებია გამოფენილი.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია კახური პურისა (დედას პური) და ჩურჩხელის დამზადების ტრადიცია. შეგიძლიათ დაესწროთ კულინარიულ მასტერკლასებს და თავადაც მიიღოთ მონაწილეობა ტრადიციული კერძების დამზადებაში.
ქალაქის გარშემო რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ზონაა: ყვარლისა და ილიას ტბების პირას ტყით გარშემორტყმული სასტუმროებია, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და რაც მთავარია, ქართული ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანით.
ყვარლის ღვინის გვირაბი აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში შეიტანეთ. ეს არის ადგილი, რომელიც ქართველ და უცხოელ ტურისტს ერთნაირად იზიდავს და მათში დაუვიწყარ ემოციებს აღვიძებს.
მთავარი ღირსშესანიშნაობები ყვარელში
1. ილიას ტბა
ილიას ტბა ყვარლის რაიონში მდებარეობს. ტბის გარშემო მოწყობილია პარკი, ველობილიკი და დასასვენებელი სივრცეები. შემაღლებულ ბორცვზე აშენებულია სასტუმრო, რომელიც ტბასა და მის გარშემო გაშენებულ ტყეს გადაჰყურებს.
2. ყვარლის ტბა (ჩალის წყალსაცავი)
ყვარლის ტბა ხელოვნურად შექმნილი ბუნების ძეგლია. აქაურობა კახეთის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო ზონაა. ტბასთან მისასვლელი გზა მოასფალტებულია. მას გარშემო ულამაზესი ბუნება აკრავს, ტყეები და მთები.
ტბის სამხრეთით ყორიანის ქედზე მდებარეობს რესტორანი და დასავენებელი სივრცე.
3. ნეკრესის მონასტერი
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მახლობლად მდებარეობს. კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს. მონასტრის ტერიტორიიდან კახეთის თვალუწვდენელი მინდვრებისა და მთების ხედი იშლება.
4. გრემის მთავარანგელოზის კომპლექსი
გრემის მთავარანგელოზის კომპლექსი ყვარლიდან 15 კმ-ში, სოფელ გრემში, კლდოვანი ქედის დაბოლოებაზე მდებარეობს. კომპლექსი აერთიანებს მთავარანგელოზთა ეკლესიას, 3-სართულიანი სასახლეს, სამრეკლოსა და სამეურნეო ნაგებობებს.
5. ყვარლის გვირაბი - მეღვინეობა ხარება
ყვარლის ღვინის გვირაბი კავკასიონის კლდის მასივშია გამოკვეთილი. გვირაბის საერთო სიგრძე 7.7 კმ-ია. გვირაბის ტემპერატურა 12-16°C -მდე მერყეობს, რაც იდეალურ პირობას ქმნის ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბოთლირებული ღვინის საცავი, სადაც „მეღვინეობა ხარებას“ 26 000-მდე ბოთლი საუკეთესო ხარისხის ღვინო ინახება.
6. ყვარლის ციხე-გალავანი
XVII საუკუნის ციხე-გალავანი ყვარლის ცენტრში მდებარეობს. გალავანს თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა, ამიტომ გამოყოფილი აქვს იარუსები, რათა მისი კელდების გასწვრივ გადაადგილება ყოფილიყო შესაძლებელი. ასევე დაყოლებულია სათოფურები.
7. დოლოჭოპის ბაზილიკა
დოლოჭოპის ბაზილიკა ყვარელში, მდინარე დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. 35.7 მ სიგრძის და 18 მ სიგანის, მართკუთხა გეგმის ბაზილიკური ტიპის ტაძარი აღმოსავლეთ საქართველოში დღემდე აღმოჩენილ ბაზილიკათაგან უდიდესია.
8. ილია ჭავჭავაძის მუზეუმი
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ყვარელში, ქალაქის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს. სამუზეუმო კომპლექსი მოიცავს საგვარეულო კოშკს, საცხოვრებელ სახლს და საგამოფენო დარბაზს. მუზეუმში დაცულია: ილიასა და მისი ოჯახის წევრთა ნივთები, ილიას ხელნაწერები,, XVIII-XIX სს. იარაღი, ილიას ნაწარმოებების თემებზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა.
9. კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი
კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი მდებარეობს ყვარლის ცენტრში, კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე. მუზეუმში დაცულია რეჟისორის მემორიალური ნივთები, მისი ფილმისა (“ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, XX ს-ის დასაწყისის ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვა.
10. ფულის მუზეუმი / საქართველოს ეროვნული ბანკი
ფულის მუზეუმი ყვარელში, რუსთაველის ქუჩის 10 ნომერში მდებარეობს. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში გამოფენილია საქართველოში 26 საუკუნის განმავლობაში მოჭრილი და მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები. ადგილობრივი გიდი დეტალურად მოგიყვებათ ფულის ნიშნების ისტორიას.