კონტენტზე გადასვლა

ყაზბეგი ის ადგილია, საიდანაც ყველაზე კარგად შეგიძლიათ შეიგრძნოთ კავკასიონის მთების სიდიადე და დიდებულება. სტეფანწმინდა იგივე ყაზბეგი, ისტორიული ხევის, ერთ–ერთი უძველესი დასახლებული ადგილია, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით.

ყაზბეგი, იგივე სტეფანწმინდა მცხეთა–მთიანეთის ისტორიულ მხარეში, თბილისიდან 157 კმ–ში მდებარეობს. გეოგრაფიულად, ის მდინარე თერგის ხეობასა და მყინვარწვერის ძირში არსებული დაბააა და ამასთან საქართველოს ჩრდილოეთ საზღვარსაც წარმოადგენს.

თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით, აქტიურად ინიშნება მიკროავტობუსები. მგზავრობის სხვა ალტერნატივა, კი კერძო მანქანით გადაადგილებაა. თბილისიდან ყაზბეგში ჩასასვლელად დაახლოებით 2 საათი დაგჭირდებათ.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრს ასევე სტეფანწიმინდასაც უწოდებენ. ყაზბეგი ისტორიულ მცხეთა–მთიანეთის მხარეში მდებარეობს და საქართველოს ერთ–ერთ უნიკალურ დასახლებულ ადგილს წარმოადგენს. ის არა მარტო გამორჩეული რელიეფის მქონეა, არამედ მნიშვენლოვან ისტორიულ ადგილსაც წარმოადგენს. კერძოდ, აქ აღმოაჩინეს ცნობილი ყაზბეგის განძი, რომელიც ძვ.წ მე–5 საუკუნით თარიღდება.

ტურისტებში განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ტოვებს, ულამაზესი გერგეტის სამება და უახლოესი ხედი მყინვარწვერზე. ყაზბეგი ასევე შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს ქართულ ტრადიციულ არქიტექტურულ ძეგლებსა და მთის ჩვეულებებს. ყაზბეგში ჰავაც განსაკუთრებულია. შესაბამისად, სტეფანწმინდა ტურისტულად აქტიური ადგილია, ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ყაზბეგი ალპურ ზონასა და კავკასიონის ქედზე მდებარეობს, წლიური საშუალო ტემპერატურია საკმაოდ დაბალია. სტეფანწმინდა ტურისტულად აქტიური ადგილია, როგორც ზაფხულში ასევე ზამთარში. შესაბამისად, ეს თქვენზეა დამოკიდებული, გსურთ მწვანე მდელოებისა და მთების ნახვა თუ თოვლით დაფარული კავკასიონის ხედით სიამოვნება.

გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში ყაზბეგში ტემპერატურა დაახლოებით 15 C–ს აღწევს, ხოლო ზამთარში –15 C-ს. გადაადგილებისთვის მეტად კომფორტულია ყაზბეგს ზაფხულის პერიოდში ეწვიოთ, მაგრამ თუ თოვლი გიყვართ, მაშინ საუკეთესო დრო ყაზბეგის მოსანახულებლად, დეკემბერი–თებერვლის პერიოდია.

ყაზბეგი საქართველოს ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედთან, ზღვის დონიდან 1740 მეტრზე მდებარეობს. შესაბამისად, აქ ჰავა ცივი და მშრალია. ზაფხულში დამახასიათებელია ზომიერად თბილი და მშრალი ამინდები, ხოლო ზამთარში, სუსხი და დიდთოვლობა. ასევე ზამთარი ზვავსაშიში პერიოდია. წლიური საშუალო ტემპერატურა 5 ცელსიუსია. ისტორიულად მინიმალური კი -34 C იყო. რაც შეეხება კლიმატს, ის ალპური ზონის გამო, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, რაც ყაზბეგს კიდევ უფრო უნიკალურ ადგილად აქცევს.

რა ვნახოთ ყაზბეგში?

ყაზბეგში შეგიძლიათ ისიამოვნოთ, როგორც უნიკალური ბუნების ძეგლებით, ასევე მოინახულოთ უძველესი ისტორიული ძეგლები და ახალისამონასტრო კომპლექსები. ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა გერგეტის სამება, ლაშქრობა მყინვარწვერზე და აბანოს მინერალური ტბა.

თითოეული არქიტექტურული ძეგლი ისტორიული მნიშვნელობისაა და ამასთან ყველა მათგანი გამოირჩევა გასაოცარი ხედებით კავკასიონის ქედზე. ასევე აღსანიშნავია უნიკალური ხატწერის ნიმუშები, როგორც გერგეტის, ასევე უახლეს სამონასტრო კომპლექსებში, მათ შორის ელია წინასწარმეტყველის მამათა მონასტერში. ასევე განსაკუთრებულ შთბეჭდილებებს დაგიტოვებთ სნოს ციხე და მერაბ ფირანაშვილის სკულპტურები, რაც ყაზბეგს კიდევ უფრო უნიკალურ ესთეტიკას ანიჭებს.

თუ უფრო მეტად ექსტრემალური ტურიზმი გიზიდავთ, ამ მხრივ ყაზბეგი გამორჩეული სალაშქრო მარშრუტია თქვენთვის, სადაც ერთდროულად შეძლებთ გაეცნოთ ალპურ ფლორას, მოინახულოთ ჩანჩქერები, მთებს შორის არსებული ტბები და მოაწყოთ ლაშქრობა კავკასიონის მყინვარების კალთებზე. ბუნების ძეგლების კუთხით, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს გველეთის და თოთის ჩანჩქერები, რომელთა მონახულება არ წარმოდგენს რელიეფურად რთულ მარშრუტს. აქ, ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს შეუძლია დაუვიწყარი თავგადასავლების პოვნა.

გერგეტის სამების ტაძარი

გერგეტის სამება ყაზბეგის მთავარი ღირსშესანიშნაობაა და მას ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. ეს არის ერთ-ერთი უძველესი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, რომელიც ისტორიულად, ხევის მთავარ სამლოცველოს წარმოადგენდა. კომპლექსი ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და მისი გალავნიდან იშლება გასაოცარი ხედი მყინვარწვერზე.

გერგეტის სამება და ყაზბეგი - Gergeti church and Kazbegi.

ყაზბეგის მთა (მყინვარწვერი)

ხოხის ქედზე მდებარე მყინვარი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბუნების ძეგლია. მყინვარწვერი მძინარე ვულკანია და მისის სიმაღლე 5054 მეტრია. მყინვარწვერი მუდმივად თოვლითაა დაფარული და მისგან მდინარე თერგი იღებს სათავეს. გერგეტის სამებიდან კი მნახველებს მყინვარწვერის საუკეთესო ხედით შეუძლიათ მიიღონ სიამოვნება.

ყაზბეგის მწვერვალი და მთვარე - Kazbegi peak and the moon.

სტეფანწმინდის ელია წინასწარმეტყველის სახ. მამათა მონასტერი

მამათა მონასტერი ერთ–ერთი უახლესი ძეგლია ყაზბეგში, რომელიც 2003 წელს აშენდა. სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ორ ეკლესიას, ელია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარსა და ეგნარე ღმერთშემოსილის სახელობის ეკლესიას. სამონასტრო კომპლექსიდან შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი პანორამული ხედებით, გერგეტის სამებასა და მყინვარწვერზე.

სტაფანწმინდის ეკლესია - Stepantsminda church.

გველეთის დიდი ჩანჩქერი

სოფელ გველეთში მდებარე ჩანჩქერი ტურისტებს გასაოცარ შთაბეჭდილებებს უტოვებს. ეს არის ულამაზესი ჩანჩქერი კლდეებს შორის, რომელთან ახლოსაც შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი ან დაბანაკდეთ. ჩანჩქერამდე 1 კმ–იანი საფეხმავლო ბილიკი უნდა გაიაროთ და ყაზბეგიდან ის 7 კმ–ში მდებარეობს.

გველეთის ჩანჩქერი, ყაზბეგი - Gveleti waterfall, Kazbegi.

დარიალის სამონასტრო კომპლექსი

დარიალის სამონასტრო კომპლექსი ერთ–ერთი უახლესი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო და ის ჯამში 12 ტაძარს მოიცავს. ყაზბეგიდან კომპლექსი 10 კმ–ითაა დაშორებული და გამოირჩევა ქართული არქიტექტურული ელემენტებით და გასაოცარი ფრესკებით.

დარიალის მონასტერი - Dariali monastery.

ფანშეტის საცურაო აუზი და მინერალური წყარო

ფანშეტის საცურაო აუზი ყაზბეგთან მდებარე უნიკალური ადგილია, სადაც შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ იმუნიტეტი და ისიამოვნოთ ულამაზესი ხედებით კავკასიონზე. ეს არის უახლესი დასასვენებელი სივრცე, რომელიც მოიცავს აუზს და სხვა გამაჯანსაღებელ სპორტულ და მოსასვენებლ სივრცეებს.

ფანშეტის საცურაო აუზი - Pansheti Swimming Pool.

მერაბ ფირანაშვილის სკულპტურები

მერაბ ფირანაშვილის სკულპტურები აღდგომის კუნძულის ცნობილ ქანდაკებებს მოგაგონებთ. ეს არის კვარცის გიგანტურ ქვებზე გაკეთებული სკულპტურები, რომლებზეც გამოსახულნი არიან ცნობილი ქართველი მოღვაწეები, შოთა რუსთაველი, თევდორე ბერი და ალექსანდრე ყაზბეგი. ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ქრისტეს ქანდაკებაც.

მერაბ ფირანიშვილის სკულპტურა - Merab Piranishvili sculpture.

სნოს ციხე

სნოს ციხეს ღუდუშაურის ციხესას უწოდებენ. ეს არის ერთ–ერთი უძველესი და ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც XVI საუკუნეშია აგებული. ციხეს ადგილობრივები მტრისგან დასაცავად იყენებდნენ, რადგან ადგილმდებარეობა მოსახერხებელი იყო ხევზე გამავალი გზების საკონტროლებლად. კოშკის სიმაღლე 20 მეტრია. ის დღეს საკმაოდ დაზიანებულია, თუმცა მთავარი ნაგებობა და საბრძოლო ელემენტების ნაწილები, კვლავ შემორჩენილია.

სნოს ციხე - Sno castle.

თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა ერთ–ერთი ულამაზესი ბუნების ძეგლია, რომელიც სოფელ კობთან მდებარეობს. მას მდინარე თერგის ხეობასაც უწოდებენ და ის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და უღელტეხილ თრუსოზე მდებარეობს. ხეობა მინერალებით და უნიკალური სტრუქტურით გამოირჩევა. აქ ერთდროულადაა გამოხატული მყივარებისაგან და ვულკანური ლავებისგან წარმოქმნილი რელიეფი.

თრუსოს ხეობა შემოდგომაზე - Truso valley in fall.

აბანოს მინერალური ტბა

აბანოს მინერალური ტბა უნიკალური ბუნების ძეგლია, რომელიც ყაზბეგში, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს. თრუსოს ხეობაში მდებარე ტბა გამოირჩევა უნიკალური კარბონატული ქანებით, რომელიც შედგება ნახშირორჟანგა აირის ბუშტებისგან. როგორც ამბობენ, ტბა დუღს და წნევის ძალით, წყლის ბუშტები 10–15 სმ–ის მანძილზე აიტყორცნება. ტბას წყლის მინერალები და წყალცენარეები ლაჟვარდისფერ შეფერილობას აძლევს. აბანოს მინერალური ტბა წითელ წიგნშია შეტანილი.

აბანოს მინერალური ტბა, თრუსოს ხეობა - Abano Mineral Lake, Truso Valley.

ზაქაგორის ციხე–სიმაგრე

ზაქაგორის უძველესი ციხე თრუსოს ხეობაში მდებარეობს და ის XIII საუკუნით თარიღდება. ის დასახლებულ სოფელს წარმოადგენდა, თუმცა დიდი ხანია ნასოფლარად იქცა. ციხე–სიმაგრე ორი თავდაცვითი კოშკისაგან, საცხოვრებელი ნაგებობებისგან და გალავნისგან შედგება. კომპლექსის დიდი ნაწილი დანგრეულია, თუმცა კოშკის ნაწილები, ორსართულიანი სახლის ნანგრევები და მათ შორის მოქცეული მოედანი, ჯერ კიდევ შემორჩენილია.

ზაქაგორის ციხე - Zakagori fortress.

ბიდარას ტრავერტინები

ბიდარის ხეობაში მდებარე ეს უნიკალური ბუნების ძეგლი კიროვანი ტუფების მინდორს წარმოადგენს, რომლებისგანაც წყაროები მოედინება. ბიდარას ტრავერტინები კობი–გუდაურის საავტომობილო გზაზე მდებარეობს და შემადგენელი მინერალების გამო, ის თეთრი და ნარინჯისფერი შეფერილობისაა. უნიკალური ფორმის მქონდე ტრავერტინები უიშვიათესი ბუნების ძეგლია და ძირითადად კარბონატული მინერალებისგან შედგება.

ბიდარას ტრავერტინები - Bidara travertines.

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია, სადაც იდეალურადაა წარმოჩენილი ქვეყნის ალპური ფლორა, მყინვარებთან ერთად. აქ შეხვდებით უამრავ ენდემური სახეობის მცენარეს, ცხოველსა და ფრინველს. ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის ისტორიული ციხე–კოშკები და ნასოფლარები, თრუსოსა და ხდის ხეობები.

ფერადი ყაზბეგი - Colorful Kazbegi.