კვარიათში ყველაფერია, რაც დაუვიწყარი საზღვაო დასვენებისთვისაა საჭირო – მთები, კრისტალურად სუფთა წყალი და მოწესრიგებული, კომფორტული პლაჟები შავი ზღვის სანაპიროზე. თუკი გსურთ გაექცეთ ქალაქის ხმაურს და ბუნების წიაღში მშვიდი დასვენება მოიწყოთ, კვარიათის მყუდრო ატმოსფერო ისაა, რაც გჭირდებათ.
კვარიათის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ კვარიათში?
კვარიათში დასვენება უამრავ ტურისტულ შესაძლებლობას გთავაზობთ. ფართოდ გაშლილი პლაჟები, მთა, ტროპიკული ბუნება და ლაჟვარდისფერი, კამკამა ზღვა ერთად აბსოლუტურ ჰარმონიას ქმნის.
თუკი აქტიური დასვენების მოყვარული ხართ, კვარიათის გარშემო მრავალფეროვან სანახაობებს აღმოაჩენთ. კვარიათიდან 2 კილომეტრში სარფის კლდოვანი სანაპირო მდებარეობს, რომელიც განსაკუთრებით იზიდავს ტურისტებსა და ფოტოგრაფიით გატაცებულ დამსვენებლებს. გონიოს ციხე-სიმაგრე კვარიათიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა მანქანით. შედარებით ხანგრძლივი მოგზაურობისა და ლაშქრობის მოყვარულებს მაჭახელას ეროვნული პარკი გიმასპინძლებთ თავისი ბუნებრივი ძეგლებითა და მრავალფეროვანი ფლორა-ფაუნით.
კვარიათიდან სულ რაღაც 15 კილომეტრში მდებარეობს შავი ზღვის გამორჩეული ქალაქი ბათუმი. კვარიათში გატარებული მშვიდი დღეები ბათუმის ხმაურიანი და ხალხმრავალი ღამეებით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ესტუმროთ აქაურ რესტორნებს, ბარებსა და კლუბებს, იშოპინგოთ, დაათვალიეროთ ძველი ბათუმის არქიტექტურა და განახლებული ბულვარი.
კვარიათის სანაპირო
კვარიათის სანაპიროდან არაჩვეულებრივი ხედები იშლება როგორც ზღვის, ისე მთის მიმართულებით. პლაჟი დაფარულია წვრილი კენჭებით. ამიტომ მასზე გადაადგილება სანაპიროს ფეხსაცმლით ბევრად მოსახერხებელია. პლაჟი ფართოდაა გაშლილი, რაც ზაფხულობით აქ დასვენებას კომფორტულსა და მოსახერხებელს ხდის. სანაპიროზე შეგიძლიათ იქირაოთ საზღვაო აღჭურვილობა, გაერთოთ წყლის ატრაქციონებით და დაკავდეთ დაივინგით ჩაძირული გემების სანახავად.

გონიოს სანაპირო
გონიოს სანაპირო ზოლი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი ცენტრალური და სამხრეთი ნაწილი კეთილმოწყობილია ბულვარის ზოლით. საზღვაო ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული. პლაჟზე მოწყობილია სათამაშო მოედნები, წყლის სასრიალოები, გამოსაცვლელი სივრცეები და შხაპის კაბინები.

ანდრიას ჩანჩქერი
ანდრიას ჩანჩქერი სარფის ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ლეგენდის თანახმად, მთის კალთებს შორის ანკარა, ცივმა წყალმა მაშინ გადმოხეთქა, როდესაც ქრისტეს ერთი-ერთი მოციქული, ანდრია დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დასასვენებლად გაჩერდა.
ჩანჩქერთან წმიდა ანდრიას ქანდაკება და ტახტი დგას, სადაც ტურისტებს ფოტოების გადაღება შეუძლიათ.

გონიოს ციხე
გონიოს ციხე I საუკუნით თარიღდება. ციხის გალავანი 18 კოშკისაგან შედგება, რომელთა სიმაღლეც 7 მეტრია. შიდა ტერიტორიაზე მოწყობილია მუზეუმი და ეკლესია, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტებია დაცული.

მაჭახელას ეროვნული პარკი
მაჭახელას ეროვნული პარკი ადგილობრივი უნიკალური ფლორისა და ფაუნის დასაცავად შეიქმნა. პარკის ტერიტორიაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობები აერთიანებს ისეთ ბუნების, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებს, როგორიცაა: ტყუპი ჩანჩქერი, მირვეთის ჩანჩქერი, გვარას ციხე და მირვეთის ხიდი.
დამთვალიერებლებისთვის მოწყობილია სამი სამანქანო და საფეხმავლო ბილიკი.
ვიზიტორთა ცენტრი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში მდებარეობს.
