strings.skip_to_content

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია. აქ ერთადაა თავმოყრილი საზღვაო და ზამთრის კურორტები, მთები და დაბლობები, ბუნების, არქიტექტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობები. აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს საუკეთესო კურორტები, სასტუმროები და ტურისტული ატრაქციებია, რომლებსაც ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი სტუმრობს.

აჭარა საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს. ჩრდილოეთით მას გურია, აღმოსავლეთით სამცხე-ჯავახეთი, ხოლო სამხრეთით თურქეთი ესაზღვრება. გეოგრაფიული თავისებურებებიდან გამომდინარე აჭარა ორ ნაწილად, ზემო და ქვემო აჭარად იყოფა. აჭარის მრავალფეროვან გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2000-2500 მეტრია.

აჭარის სანაპირო ზოლის სიგრძე 57 კმ-ია, რომლის გაყოლებაზეც ულამაზესი ზღვისპირა კურორტებია: ფიჭვნარი, ქობულეთი, ბობოყვათი, ჩაქვი, ციხისძირი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, ბათუმი, გონიო, კვარიათი და სარფი.

მაღალმთან აჭარაში უხვადაა ალპური მთები და ე.წ. იაილები (საზაფხულო საძოვრები), რომლებიც ზღვის დონიდან დაახ. 2200 მ სიმაღლეზეა განლაგებული. აჭარის ტყეებში გვხვდება როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები. აქ შემონახულია ხელუხლებელი ბუნება და ბიომრავალფეროვნება, საიდანაც პანორამული ხედები იშლება.

აჭარა შავი ზღვის სანაპიროზე, მდინარე აჭარისწყლის აუზში მდებარეობს. რეგიონს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს. აჭარას საკუთარი კონსტიტუცია და მართველობის ორგანოები, ასევე საკუთარი დროშა და გერბი გააჩნია . ბათუმი აჭარის ადმინისტრაციული ცენტრია.

რეგიონი მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს შიდა და საერთაშორისო ტურისტებს. ზაფხულობით მზიანი სანაპიროები, ზამთარში კი მაღალმთიანი კურორტები და თოვლით დაფარული მთები აჭარის სავიზიტო ბარათია.

საზღვაო ინფრასტრუქტურა კარგადაა განვითარებული. გართობისა და დასვენების გარდა, აჭარის კურორტებს სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პოტენციალიც გააჩნია.

სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს აჭარა დიდ არჩევანს სთავაზობს. მთების საშუალო სიმაღლე აქ 2000-2500 მეტრია, ჰავა ნოტიოა, ზამთარი – შედარებით ცივი და ხანგრძლივი, ხოლო ზაფხული – ხანმოკლე და გრილი. მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად შენდება სამთო-სათხილამურო კურორტები,რომელთაც, სპორტულის გარდა, სამკურნალო-რეკრეაციული დანიშნულება აქვთ და წლის ოთხივე სეზონისთვისაა გათვალისწინებული.

რეგიონი ვიზიტორებს ეკო, გასტრონომიული და კულტურული ტურიზმის გამოცდილებასაც სთავაზობს.

აჭარის ტერიტორია ახალი ქვის ხანიდან უნდა ყოფილიყო დასახლებული. მაღალმთიან კურორტ ბეშუმთან აღმოჩენილია სწორედ ამ ხანის ძეგლები. ანტიკური ცივილიზაციის ქვეყნები კარგად იცნობდნენ აჭარას, რომელსაც აქტიური კულტურული და სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა კოლხეთის სამეფოსთან.

აჭარის შესახებ პირველი ცნობები ქართულ მატიანეში ძვ. წ. აღ.-ის III საუკუნით თარიღდება. იგი მოხსენიებულია როგორც ქართლის სამეფოს ნაწილი. ქრისტიანობის გავრცელების კერად საქართველოში სწორედ აჭარა ითვლება. ცნობების თანახმად, სწორედ აჭარაში შემოვიდა და პირველად ქრისტიანობა იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა.

შუა საუკუნეების აჭარაში კარგად იყო განვითარებული არქიტექტურა, მწერლობა, წიგნების გადაწერა, ხისა და ტყავის დამუშავება.

XVII საუკუნიდან მოყოლებული აჭარა არაერთხელ დაპყრეს ოსმალებმა, თუმცა საბოლოოდ, XIX საუკუნის მეორე ნახევარში რეგიონი კვლავ საქართველოს დაუბრუნდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, აჭარა გამოცხადდა ავტონომიურ რესპუბლიკად. ამ სტატუსს ის დღემდე ინარჩუნებს.

აჭარის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათში ასახულია ადგილობრივი მოსახლეობის საქმიანობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ტრადიციები: რიტუალები, დღესასწაულები, სიმბოლოები, სარიტუალო კერძები და სხვა. ტრადიციები ინახავენ მნიშვნელოვან ინფორმაციას აჭარის ეთნიკური თავისებურებების, ადგილობრივთა ხასიათისა და კულტურული იდენტობის შესახებ.

დღემდე შემორჩენილი დღესასწაულებიდან აღსანიშნავია შუამთობა, კოლხობა, მაჭახელობა, მარეთობა და სხვა. იმართება სპორტული შეჯიბრებები – დოღი და მკლავჭიდი, სრულდება აჭარული ცეკვები და სიმღერები, გამოფენილია ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და ტრადიციული კერძები.

შუამთობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია, რომელიც აჭარაში, სოფელ ბეშუმში ყოველწლიურად, აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება. სავარაუდოდ, ამ ტრადიციას რელიგიურ-საკულტო დანიშნულება ჰქონდა, თუმცა ამჟამად იგი დაცლილია რელიგიური შინაარსისგან. შუამთობა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის კვლავაც ეწყობა და მას უამრავი ვიზიტორი სტუმრობს.

რა ვნახოთ აჭარაში?

აჭარის საზღვაო და სამთო-სათხილამურო კურორტები მრავალფეროვანი შთაბეჭდილებებით აგავსებთ. თუ კონტრასტული გამოცდილებები გიზიდავთ, მოინახულეთ ბათუმი და აჭარის მაღალმთიანი სოფლები, ისეირნეთ ბულვარში და ბოტანიკურ ბაღში, დაესწარით აქაურ ტრადიციულ დღესასწაულებს და დააგემოვნეთ უგემრიელესი აჭარული სამზარეულო.

აქაური მთები, ჩანჩქერები, დაბლობები და კოლხური ტყეები მოლაშქრეთა ნამდვილი სამოთხეა.

თუ აჭარის ისტორიულ წარსულში მოგზაურობას გადაწყვეტთ, მოინახულეთ გონიოსა და პეტრას ციხეები, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი და ეთნოგრაფიული მუზეუმი “ბორჯღალო”.

თუ გსურთ აჭარა მონახულებულად ჩათვალოთ, აუცილებლად უნდა შეიგრძნოთ მისი კონტრასტული და მრავალფეროვანი ბუნება.

ბათუმი შორიდან თოვლიანი მთების ფონზე.

ბათუმი

ბათუმი აჭარისა და შავი ზღვის ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქია. განვითარებული ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი ქუჩები, გასართობი ადგილები, კომფორტული სასტუმროები და ბუნების ღირსშესანიშნაობები - ეს ყველაფერი ერთ ქალაქშია თავმოყრილი. ზამთარსა თუ ზაფხულში, ბათუმში საუკეთესოდ შეიგრძნობთ ქალაქის განწყობას, ტემპსა და ხასიათს. მზიან თუ წვიმიან ამინდში, აქაურობა თავისებურად მომხიბვლელია და საინტერესო.

ბათუმი თოვლიანი მთებით.

ქობულეთი

ქობულეთში დასვენება კონტრასტული გამოცდილებების დაგროვებით შეგიძლიათ. კურორტი ზღვის, პლაჟებისა და ფიჭვნარი ტყეების გარდა შემეცნებით და ეგზოტიკურ გამოცდილებას სთავაზობს ვიზიტორებს.

აქტიური დასვენების მოყვარულებს ქობულეთის ბარებსა და კლუბებში დაუვიწყარი საღამოების გატარება შეუძლიათ.

ქობულეთში დასვენებისას შეგიძლიათ საზღვაო, სამთო და ეკო ტურისტული გამოცდილებები გააერთიანოთ. მზიანი პლაჟები, სალაშქრო პარკები, ფიჭვნარით დაფარული სანაპიროები და კეთილმოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა ქობულეთის მთავარი უპირატესობაა.

ქობულეთის სანაპირო.

ციხისძირი

ციხისძირის ეგზოტიკური სანაპიროები, ველური ბუნება, ტროპიკული ტყეები, ისტორიული პეტრას ციხე-სიმაგრე და კლდოვანი პლაჟები დასვენებისა და განტვირთვის მოყვარულებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს სთავაზობს. ერთი მხრივ კურორტის ხელუხლებელი, პირველყოფილი იერსახე და მეორე მხრივ კომფორტული, სრულად აღჭურვილი სასტუმროოები ვიზიტორებს დასვენების სრულიად საუცხოო გამოცდილებას სთავაზობს.

ციხისძირის სანაპირო ზაფხულში.

გონიო

გონიო იდეალური ადგილია ოჯახური დასვენებისთვის და არა მხოლოდ. დღისით აქ სიმშვიდით, ქალაქის ხმაურისგან განტვირთვითა და ბუნებასთან სიახლოვით ისიამოვნებთ. ხოლო საღამოს აქტიური გართობა, ღამის ცხოვრება და ქალაქის ტემპი გელოდებათ. აქაური სანაპიროები და სასტუმროები დამსვენებლებს სრულ კომფორტსა და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

გონიოს სანაპირო.

კვარიათი

კვარიათის მთელი სანაპიროს მოვლა სულ რაღაც 20 წუთში შეგიძლიათ. ეს მყუდრო, მშვიდი კურორტი პირველივე სტუმრობისას მოგხიბლავთ თავისი სიმწვანითა და სილურჯით. კვარიათი სწორედ ის ადგილია, სადაც ზღვა და მთა საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს.

კვარიათის სუფთა და გამჭვირვალე წყალი აქაური მთების ანარეკლით ლაჟვარდისფრად იღებება. მთებიდან პანორამული ხედები იშლება სანაპირო ზოლზე. სანაპიროზე შეგიძლიათ გაერთოთ წყლის ატრაქციონებით, იქირაოთ საზღვაო აღჭურვილობა და დაკავდეთ დაივინგით ჩაძირული გემების სანახავად.

კვარიათის სანაპირო.

სარფი

სარფის კლდოვანი სანაპიროები, კრისტალურად სუფთა ზღვა და მზიანი პლაჟები ახლოს მდებარე კურორტებიდანაც იზიდავს ტურისტებს. განსაკუთრებით სანახაობრივია კლდოვანი ყურე, სადაც უზარმაზარ ქვის ლოდებზე მოკალათება და ზღვის ტალღებით გაგრილება შეგიძლიათ.

სარფის კლდე.

მახინჯაური

მწვანეში ჩაფლული ბორცვები, გამაჯანსაღებელი მიკრო კლიმატი და გოგირდოვანი წყლები მახინჯაურის ტურისტულ პოტენციალს ზრდის.

სანაპირო ზოლი შედარებით ვიწროა და კენჭებითაა დაფარული. პლაჟებს ტროპიკული მცენარეების შემოსილი მთები გადმოჰყურებს.

მახინჯაური.

გოდერძი

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი მაღალმთიანი აჭარის გამორჩეული ტურისტული ლოკაციაა. ზამთარში ალპური მდელოები ექსტრემალურ სასრიალო ტრასებად გადაიქცევა. სასრიალო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. ზაფხულში გრილ გარემოში დასვენება არანაკლებ სასიამოვნოა.

მოინახულებთ ნამარხ ტყესა და მწვანე ტბას. გოდერძის კურორტი მინერალური წყლების სიუხვითაც გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო მეტად იზიდავს დამსვენებლებს.

გოდერძი.

ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმი და დელფინების შოუ ქალაქის სტუმრების საყვარელი სანახაობაა. შენობას ამფითეატრის ფორმა აქვს და 887 მაყურებელზეა გათვლილი.

დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობაა, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმართება. სურვილის შემთხვევაში დელფინებთან ერთად ცურვაც შეგიძლიათ.

ბათუმის დელფინარიუმი - batumis delfinariumi.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმის ბოტანიკური ბაღის მონახულება ერთ დღიანი ტურის ფარგლებში შეგიძლიათ. აქ წარმოდგენილი 9 ფიტო-გეოგრაფიული განყოფილება, ეგზოტიკური მცენარეები და გასაოცარი ხედები შავ ზღვაზე დამთვალიერებლებს მთელი სეზონის განმავლობაში ხიბლავს.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი - batumis botanikuri bari.

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს. პარკში არის ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკი, 7 კმ და 16 კმ სიგრძის. სანამ ლაშქრობას დაიწყებთ ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ შეისვენოთ, დაათვალიეროთ საგამოფენო დარბაზი, საჭიროების შემთხვევაში აიყვანოთ გიდი ან იქირაოთ სალაშქრო აღჭურვილობა.

პატარა ჩანჩქერი მტირალას ეროვნულ პარკში.

მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი ადგილობრივი უნიკალური ფლორისა და ფაუნის დასაცავად შეიქმნა. პარკის ტერიტორიაზე მოინახულებთ ტყუპ ჩანჩქერებს, მირვეთის ჩანჩქერს, გვარას ციხესა და მირვეთის ხიდს.

დამთვალიერებლებისთვის მოწყობილია სამი სამანქანო და საფეხმავლო ბილიკი.

ვიზიტორთა ცენტრი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში მდებარეობს.

მაჭახელას ეროვნული პარკი.

პეტრას ციხე

პეტრას ციხე აჭარის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობებს შორის საპატიო ადგილს იკავებს. ციხის კედლები ანტიკური ქალაქისა და მისი ბინადრების საიდუმლოებებს ინახავს. ციხის ტერიტორიის ნანგრევები და არტეფაქტები დამთვალიერებლების თვალწინ საუკუნოვან ისტორიას აცოცხლებს.

პეტრას ციხესიმაგრის ნანგრევები.

გონიოს ციხე

გონიოს ციხე აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას ქვის მასიური კედლებით, მაღალი გალავნებითა და კოშკურებით. სწორკუთხოვანი ქვები, 80 სანტიმეტრის სისქის ლოდები და მათი იდეალური წყობა დამთვალიერებელთა აღფრთოვანებას იწვევს, მითუმეტეს, რომ იგი 1 საუკუნით თარიღდება. ციხის გალავნის ქვედა ფენა რომაელთა სახელს უკავშირდება.

გონიოს ციხის არქეოლოგიური ძეგლი.

ჩანჩქერები

აჭარის ტერიტორიაზე არაერთი დიდი და მცირე ზომის ჩანჩქერია. მათი უმეტესობა ზემო აჭარის სოფლებში, სიმწვანეში ჩაფლული მდინარეების ხეობებში მდებარეობს.

განსაკუთრებით პოპულარულია მახუნცეთის, მირვეთის, ანდრიას, ბაკოსა და მეძიბნას წყალუხვი ჩანჩქერები.

ანდრიას ჩანჩქერი.

ტურიზმი აჭარაში

ზღვა თუ მთა? უძველესი კოშკები თუ თანამედროვე არქიტექტურა? ბულვარში სეირნობა თუ ლაშქრობა მთაში? – აჭარის ტურისტული პოტენციალი ამოუწურავია. რეგიონის მრავალფეროვანი ბუნება, ლანდშაფტი და კლიმატური თავისებურებები აქ დასვენებას მთელი წლის განმავლობაში მიმზიდველს ხდის.

ტურიზმის სახეობებიდან განსაკუთრებით პოპულარულია საზღვაო და სამთო-სათხილამურო ტურიზმი. აჭარის საზღვაო კურორტებიდან ბათუმი, ქობულეთი, გონიო და კვარიათი გამორჩეულია რეგიონში. თოვლისა და სრიალის მოყვარულებს მთიანი აჭარის სოფლებიდან ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტი გოდერძი გიმასპინძლებთ. ზაფხულობით აქ ზღვის სანაპიროს ცხელ დღეებს დააღწევთ თავს, მოინახულებთ მწვანე ტბასა და ალპურ ბოტანიკურ ბაღს. ხულოს მუნიციპალიტეტს 1800 მ. და 350მ. სიმაღლის საბაგირო გზით უკავშირდება სოფელი თაგო. საბაგიროდან ულამაზესი ხედები იშლება აჭარის მთიანეთზე.

ეკო ტურიზმით გატაცებულ ვიზიტორებს აჭარის ტერიტორიაზე მტირალას, მაჭახელას, კინტრიშისა და ქობულეთის ეროვნული პარკების მონახულება შეუძლიათ, კეთილმოწყობილი ბილიკებითა და საპიკნიკე და საკემპინგე ადგილებით. ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით გამორჩეულია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, სადაც მსოფლიოს ყველა კუთხიდან უნიკალური ჯიშის მცენარეები იზრდება. . აჭარის ლანდშაფტი შესანიშნავ საშუალებას იძლევა ლაშქრობების მოსაწყობად, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკო-ტურების გასამართად.

აჭარაში 2012 წლიდან ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება “Batumi Bird Festival”, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბათუმის შემოგარენი “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.

ფრინველებზე დაკვირვებისათვის მოწყობილი სპეციალური პლატფორმები და მათთან მისასვლელი ბილიკებიც დამარკულია. ფრინველებზე დაკვირვება შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).

ხშირად დასმული კითხვები

აჭარის მოსახლეობა

აჭარის მოსახლეობა 350 000-მდეა. მოსახლეობის თითქმის ნახევარი, 170 000 ადამიანი ბათუმში ცხოვრობს.

მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკურად ქართველია. თუმცა ასევე ცხოვრობენ ებრაული, რუსი, სომეხი, ბერძენი, უკრაინელი და აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეები.

რელიგია აჭარაში

დღეს აჭარაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამისა და მართლმადიდებლობის მიმდევრები არიან. მათთან ერთად თანაცხოვრობენ ებრაული, კათოლიკური, სომხური რელიგიის წარმომადგენლები. უფრო მეტიც, ისეთ პატარა ქალაქში, როგორიცაა ბათუმი, შესაძლებელია თითქმის ყველა დიდი რელიგიის საკულტო ძეგლების ხილვა.