როგორ გავზარდოთ ჯავშნების რაოდენობა Airbnb-ზე
Airbnb ცნობილი პლატფორმაა, რომლის ფუნქციებში ერთიანდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან სასურველი ბინის დაჯავშნა და პარალელურად, ბიზნესებისთვის სასტუმროების შეთავაზება პოტენციური ვიზიტორებისთვის. ამ პლატფორმას მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა თუ გაქვთ სასტუმრო და გსურთ მისი პოტენციალის მართვა Airbnb-ის დახმარებით, საჭიროა გარკვეული დეტალების ცოდნა.
რა არის Airbnb?
Airbnb 2008 წელს დაარსდა და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა სასტუმროების ბაზარზე, როგორც უნიკალური შესაძლებლობა მოგზაურებისთვის და სასტუმროების მფლობელებისთვის ერთდროულად. აქ მოგზაურს საკუთარი პირობების მითითებით შეუძლია იპოვოს სასურველი ბინა და დაჯავშნოს სასურველი პერიოდით, ხოლო კერძო საკუთრების მფლობელს შეუძლია გამოიყენოს Airbnb როგორც მარკეტინგული სტრატეგია და პოტენციურ მომხმარებელთან მთავარი საკომუნიკაციო არხი.
მათ შეუძლიათ გამოქვეყნონ გასაქირავებელი უძრავი ქონება, მიუთითონ პირობები, ფასი და დააინტერესონ მოგზაურები. მეორე მხრივ, ვიზიტორები აფასებენ მიღებულ სერვისს სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწუნებით, ხოლო ანალოგიურად სერვისის გამცემს შეუძლია რეიტინგული ქულა დაუწეროს ვიზიტორს.
ამ შეფასებების გათვალისწინებით იქმნება საერთო რეიტინგი, რაც რეპუტაციის, სანდოობის და ხარისხის შეფასებაში ბევრად ამარტივებს საჭირო ბინის ძებნას და მეორე მხრივ, სანდო ვიზიტორის დაინტერესებას.
Airbnb-ის უპირატესობები
უძრავი ქონების მფლობელებს მოვიხსენიებთ Airbnb-ის ტერმინით: მასპინძლებით. მაშასადამე, Airbnb-ის მთავარი უპირატესობა დამატებითი შემოსავლის მიღებაა და მსოფლიოს გარშემო პოტენციურ ვიზიტორებთან კომუნიკაციის დამყარების მარტივი შესაძლებლობაა.
ამასთან აქ არ არსებობს კონკრეტული ჩარჩოები და მასპინძელი სრულიად თვითონაა პასუხისმგებელი მისივე ბიზნესის და სერვისის შეთავაზების ტიპზე და მომგებიანობაზე. ამაში ხელს შეგიწყობთ Airbnb-ის კომფორტული საგადასახადო პირობები. ეს კი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. კონკრეტულად, იცხოვრებთ თუ არა იმავე ბინაში, რომელსაც აქირავებთ, რა ფასში აქირავებთ უძრავ ქონებას და რა ვადით. უფრო მეტი დეტალი გადასახებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ნახოთ აქ.
რა არის საჭირო წარმატებული Airbnb პროფილისთვის?
იმისთვის, რომ წარმატებული Airbnb პროფილი გქონდეთ, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო.
დააზუსტეთ ღირებულება
სწორი ღირებულების განსაზღვრა რთულია, რადგან ამის შესახებ კონკრეტული საზომი და რჩევები არ არსებობს. ეს საკითხი საკმაოდ ინდივიდუალურია, თუმცა იმისთვის, რომ სწორად განსაზღვროთ თუ რა ფასში შესთავაზოთ მოგზაურს თქვენი უძრავი ქონება, საჭიროა ადგილობრივი მარკეტის ცოდნა.
ამ შემთხვევაში ავიღოთ საქართველოს მაგალითი, სადაც სეზონისა და რეგიონის მიხედვით განსხვავდება ერთი ღამით ოთახის ქირაობის საფასური. ტურისტულად ნაკლებად პოპულარულ ადგილებში, ერთი ოთახის ქირაობა სტანდარტული პირობებით 50-70 ლარი ღირს, ხოლო ტურისტულად აქტიურ ადგილებში, როგორიცაა ბახმარო, ყაზბეგი, ბათუმი თუ სხვა, ბევრად მეტი, საშუალოდ 100 ლარიდან ზევით. მსგავსი ფასებია საოჯახო სასტუმროების შემთხვევაში, სადაც ზოგჯერ ერთი ღამის ფასი 200 ლარზე მეტია. ამიტომ აუცილებელია ჩაატაროთ კვლევა, ნახოთ თუ რა ფასს სთავაზობენ თქვენი კონკურენტები მოგზაურებს და იმის მიხედვით გადაწყვიტოთ თუ რა ფასს შესთავაზებთ ვიზიტორს.
აქ მნიშვნელოვანია რომ ფასების განსაზღვრისთვის შეადაროთ ფასები ადგილობრივი სასტუმროების ფასებს და არა სხვა Airbnb პროფილებს თქვენს არეალში, რადგან მათი ფასები არ ნიშნავს იმას რომ შესაბამისი და მოსაწონია მოგზაურებისთვის.
გაეცანით ადგილობრივ კანონმდებლობას
Airbnb ზოგადი წესებით და მითითებებით გამოირჩევა, რომლებიც ემსახურება იმას, რომ დაიცვას სამართლიანი კონკურენცია პლატფორმაზე, შეინარჩუნოს უსაფრთხოება და შექმნას კომფორტული სივრცე როგორც მოგზაურებისთვის ასევე მასპინძლებისთვის, ანუ ჰოსთებისთვის. შესაბამისად, იმისთვის, რომ კანონით დადგენილ ფარგლებში შეძლოთ თქვენი ბიზნესის მართვა Airbnb-ზე აუცილებელია საქართველოს შესაბამის კანონს გაეცნოთ.
ეს ეხება განსაკუთრებით საწევრო გადასახადის პირობებს, რომლებიც ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად უმჯობესია ინდივიდუალური კონსულტაცია გაიაროთ შემოსავლების სამსახურში. სხვა მხრივ, კი უნდა იცოდეთ რომ ჰოსთებისთვის საწევრო გადასახადი ფიქსირებულად 3%-ია.
საკომისიოს ავტომატური გადახდისთვის, პლატფორმა თავად ამატებს 13%-იან დანამატს შეთავაზებულ ფასს და ისე უჩვენებს ვიზიტორებს. ანუ თუ მაგალითად თქვენი გაქირავების ფასი 100 ლარია, Airbnb ვიზიტორებს 113 ლარს უჩვენებს და თქვენ კი ავტომატურად ჩამოგეჭრებათ საკომისიო მიღებული სარგებლიდან.
თუმცა არსებობს მეორე ალტერნატივაც, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას პოტენციურ სტუმრებს რეალური ფასი შესთავაზოთ. ამ შემთხვევაში თქვენ გადახდის მეთოდად ირჩევთ “მხოლოდ მასპინძლის გადასახადის” ღილაკს, სადაც თქვენ უშუალოდ გადაიხდით სერვიის საკომისიოს, კონკრეტულ პერიოდში, მთლიანი შემოსავლის 15%-ს.
მოაწყვეთ რაც შეიძლება მიმზიდველად
ფოტოები უდიდეს როლს თამაშობს სტუმრის დაინტერესებაში. ამიტომ ეცადეთ გასაქირავებელი ბინის დიზაინი სწორად შეარჩიოთ. ამისთვის არაა აუცილებელი მდიდრული ავეჯი და დეკორაციები. უბრალოდ საჭიროა სტილის სწორი არჩევა რომლის შთაგონების წყაროდ შეგიძლიათ ადგილობრივი კულტურა გამოიყენოთ.
მაგალითად მათ ვისაც გსურთ Airbnb-ით საქართველოში ისარგებლოთ, ეცადეთ გასაქირავებელი ადგილი ქართული კულტურის ელემენტებით მოაწყოთ და გარკვეულ ასპექტში შექმნად მყუდრო და ორიგინალური გარემო, რომელიც ვიზიტორის თვალში მიმზიდველი იქნება. ასევე მცირე ფართის შემთხვევაში ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ სივრცის გაზრდის ხრიკები, როგორიცაა სარკეები, ნათელი ფერის კედლები, ღია ფერის ავეჯი და სხვა. არ დაგავიწყდეთ დეკორაციები, როგორიცაა მცენარეები, ნახატები და სხვა.
როგორ შეგაფასებს ვიზიტორი Airbnb-ზე?
Airbnb-ზე სტუმარს შეუძლია სხვადასხვა კრიტერიუმით შეგაფასოთ და თითოეული კრიტერიუმი თანაბარ როლს ითამაშებს თქვენი საერთო და საჯარო რეიტინგის ჩამოყალიბებაში. კონკრეტულად, სტუმრები შეგაფასებენ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა ზოგადი გამოცდილება და შთაბეჭდილება, სისუფთავე, აღწერილობასთან შესაბამისობა, ფასი, მდებარეობა, სერვისის მომსახურება, სადაც ჩექინის პროცესი, თქვენი დამოკიდებულება და სხვა დეტალები შეფასდება.
მომხმარებლებს შეუძლიათ დაწერონ 1000 სიტყვიანი მიმოხილვა და თავიანთი გადაწყვეტილების მიხედვით შეგაფასონ, 5 ვარსკვლავიანი სისტემით. რეკომენდებულია რომ თქვენი რეიგინგი მინიმუმ 3 ვარსკვლავი იყოს.
როგორ გავზარდოთ ჯავშნების რაოდენობა ჩვენს Airbnb-ზე?
იმისთვის რომ Airbnb-ზე ჯავშნების და მნახველების დონე გაზარდოთ, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორზე ერთდროული ფოკუსირება და მათი სისწორის შენარჩუნება. Ესენია:
Airbnb-ის პროფილის ვიზიუალი
მნიშვნელოვანია თქვენი Airbnb პროფილი მაქსიმალურად ინფორმაციული და ვიზუალურად ესთეტიური იყოს. ამაში დიდ როლს თამაშობს თქვენი გასაქირავებელი სივრცის დიზაინი, ფოტოების ხარისხი და რაკურსი, აღწერის დეტალები და პირობები. ეცადეთ სივრცე ესთეტიურად ლამაზად მოაწყოთ და გადაიღოთ ხარისხიანი ფოტოები, სხვადასხვა რაკურსით. არ დაგავიწყდეთ წარმოაჩინოთ ფოტოებში მთავარი უპირატესობები, მაგალითად დეკორაციები, აივანი, ხედი და სხვა.
უპასუხეთ დროულად
დროული კომუნიკაცია დაინტერესებულ პირთან უმნიშვნელოვანესია. ეს მათში აღძრავს კეთილგანწყობას და უფრო დადებით შთაბეჭდილებას. ასე რომ მნიშვნელოვანია ხშირად შეამოწმოთ შეტყობინები პლატფორმაზე, უპასუხოთ მათ დროულად და დეტალურად. იგივე შეიძლება ითქვას სერვისის განხორციელების პროცესზეც. როცა მასპინძლობთ სტუმარს, აუცილებელია მისი საჭიროების შემთხვევაში დროულად უპასუხოთ და დაეხმაროთ. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს რეპუტაციას.
გამოიყენეთ Instantbook ფუნქცია
ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოთხოვნის გამოგზავნის გარეშე დაჯავშნონ საცხოვრებელი, რაც მათთვის ბევრად კომფორტულია. ამ ფუნქციის ამუშავება თქვენზეა დამოკიდებული. ბევრი ჰოსთვისთვის ეს არაკომფორტულია, თუმცა თუ თქვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, გარკვეულწილად გაზრდით სტუმრის კეთილგანწყობას.
ფოკუსირდით სისუფთავეზე
ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი რასაც სტუმრები შეფასებისას აქცევენ ყურადღებას არის სისუფთავე. აუცილებლად შეამოწმეთ ყველა დეტალი ამ კუთხით, გამოიყენეთ ოთახში არომატული დანამატები სასიამოვნო სურნელის შესაქმნელად. აუცილებლად გამოიყენეთ სუფთა ჰიგიენური საშუალებები. თუ სისუფთავის კრიტერიუმში თქვენი შეფასება მაღალია, უდიდესი შანსი გაქვთ მარტივად გაზარდოთ ჯავშნების რაოდენობა.
გადააჭარბეთ სტუმრის მოლოდინს, სულ ცოტათი მაინც
ეს არც ისე რთულია და შეიძლება გამოხატოთ როგორც კონკრეტულ ქმედებაში, ასევე კომუნიკაციაში. იყავით მეგობრული და უშუალო. მცირედი საჩუქრებით კი მოახერხებთ მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. ამისთვის იდეალური ვარიანტებია ნომერში ადგილობრივი ღვინის საჩუქრად დატოვება, ან სამახსოვრო მაგნიტების მათთვის ჩუქება. მსგავსი მცირე საჩუქრები არა მარტო მოგცემთ საშუალებას გააუმჯობესოთ რეპუტაცია, მოგცემთ შანსს, სიტყვიერი მარკეტინგის პრიცნიპებით მოიზიდოთ მეტი ადამიანი.