ზუგდიდი სამეგრელოს მთავარი მშვენებაა. ევროპული სტილით გაშენებული ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა დადიანების სასახლე და ბოტანიკური ბაღია. ქუჩები და ეზოები ამწვანებული და მოვლილია, ყოველ კუთხეში მეგრული ესთეტიკა იგრძნობა. ზუგდიდის მონახულება წარმოუდგენელია მეგრულ სამზარეულოსთან ზიარების გარეშე.
ავტომობილი
თბილისიდან ზუგდიდამდე საკუთარი ავტომობილით დაახლოებით ხუთი საათი დაგჭირდებათ.
მატარებელი
თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით ყოველდღიურად გადის #870 მატარებელი რკინიგზის სადგურიდან.
მატარებლის # | გასვლის დრო | ჩასვლის დრო | ვაგონის კლასი | თანხა |
---|---|---|---|---|
870 | 08:40 | 14:40 | I კლასი | 28 ₾ |
870 | 08:40 | 14:40 | II კლასი | 16 ₾ |
870 | 08:40 | 14:40 | ბიზნესკლასი | 43 ₾ |
ზუგდიდი სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრი და ყველაზე დიდი ქალაქია. თანამედროვე ზუგდიდი ვიზიტორებისთვის საინტერესო გამოცდილებას მისი ისტორიისა და კულტურის გავლენით ქმნის. ქალაქი დაგეგმარებულია ევროპული სტილით, რაც დადიანების საგვარეულოს ევროპასთან სიახლოვის დამსახურებაა. ქალაქის შუაგულში მდებარეობს ბოტანიკური ბაღი და დადიანების სასახლე, მის გარშემო კი რამდენიმე სართულიანი სახლები და გამწვანებული ეზოებია გაშენებული.
ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც ზუგდიდში შეგიძლიათ გამოსცადოთ, მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებაა. ტრადიციული მეგრული კერძებიდან აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ გებჟალია, ელარჯი, მეგრული ხარჩო და ხაჭაპური, აჯიკა და სხვა.
ზუგდიდის ტერიტორიაზე პირველი დასახლებები სულ ცოტა 4000 წლის წინ უნდა გაჩენილიყო. მის ეტიმოლოგიას არაერთი მეცნიერი შეეხო, მათი უმრავლესობის ვარაუდით ზუგდიდი მეგრულად დიდ ბორცვს ნიშნავს.
ელინისტურ პერიოდში თანამედროვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა სვანეთიდან, მდ. ენგურის დინების პარალელურად, შავი ზღვის მიმართულებით და აქედან ხდებოდა სავაჭრო საქონლის ტრანსპორტირება ელინურ სამყაროში, რაც ნუმიზმატიკური მასალებითაც დასტურდება.
ზუგდიდი ისტორიულ წყაროებში პირველად მე-16 საუკუნიდან იხსენიება.
XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარმა ლევან II დადიანმა ზუგდიდი თავის სატახტო ქალაქად აქცია. ზუგდიდის ქალაქად ფორმირების საქმეში გარკვეული წვლილი მიუძღვის რაფიელ ერისთავს, რომელიც 1857-1867 წლებში ზუგდიდის ბაზრის უფროსი იყო. XIX საუკუნეში ქალაქში საფუძველი ჩაეყარა მრეწველობას. ქალაქში ფუნქციონირებდა აბრეშუმის ძაფსახვევი ფაბრიკა, არყისა და აგურის მწარმოებელი ქარხნები.
ზუგდიდი ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირასაა გაშენებული. ქალაქში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით. ყველაზე ცივი თვე იანვარია, ტემპერატურა ვაკე ნაწილში დადებითია და ამ დროს საშუალოდ 6 – 7 გრადუსს უდრის, მაღლობ ნაწილში კი უარყოფითია. ყველაზე თბილი თვეები ივლისი და აგვისტოა.
ზუგდიდის ღირსშესანიშნაობები
რა ვნახოთ ზუგდიდში?
ზუგდიდში ჩასულ სტუმრებს პირველ რიგში ოდიშის მთავრების, დადიანების სასახლე გელით, რომელიც XVII საუკუნეში აიგო, ხოლო XIX საუკუნეში მნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა.
სასახლის სიახლოვეს ქალაქის ბოტანიკურ ბაღსა და ბულვარში გაისეირნებთ, სადაც იშვიათი ჯიშის უნიკალურ მცენარეებს შეხვდებით.
ზუგდიდის შემოგარენში XVII საუკუნის რუხის ციხე-სიმაგრე და ეთნო სოფელი “სისატურა” სამეგრელოს მხარის ისტორიას გაგიცოცხლებთ თვალწინ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დადიანების სასახლესთანაა გაშენებული. პარკში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეებია დარგული. მოწყობილია ორანჟერეა, სასეირნო ბილიკები და წყლის აუზები. ვიზიტორებს შეუძლიათ ტბაში ნავით გასეირნებაც.
რუხის ციხე
რუხის ციხე XVII საუკუნეში ლევან II დადიანმა ააგო. იგი ციტადელისა და ქვედა ეზოსგან შედგება. ეზოს ორივე ბოლოში კოშკებია აღმართული. ციხეს გარს უვლის გალავანი.
ზუგდიდის ბულვარი
ზუგდიდის ბულვარის დაარსება რაფიელ ერისთავის სახელს უკავშირდება. ბულვარის გასწვრივ ჭადრებითა და ნაძვებით გაშენებული ხეივნებია, მრავლადაა ყვავილები და ბუჩქები. მოწყობილია სასეირნო ბილიკები და დასასვენებელი სკამები.
ეთნო სოფელი “სისატურა”
ეთნო სოფელი “სისატურა” ზუგდიდიდან 11 კილომეტრში მდებაროებს. აქ ნამდვილი მეგრული ატმოსფერო დაგხვდებათ. სივრცის შუაგულში მეგრული ჯარგვალი დგას. აქვეა დამხმარე ნაგებობები - ფაცხები, საუკუნოვანი წისქვილი და ხელოვნური ტბა.