strings.skip_to_content

სვანეთი საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი მხარეა, რომელიც გასაოცარი ბუნებით, უნიკალური არქიტექტურითა და უძველესი ისტორიით გამოირჩევა. სვანური კოშკები, კავკასიონის მწვერვალები და ღირსშესანიშნაობების მრავალფეროვნება, ნებისმიერ ადამიანში დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ტოვებს.

სვანეთი თბილისიდან 525 კმ–ითაა დაშორებული. კერძო მანქანით მგზავრობის შემთხვევაში, თბილისიდან სვანეთამდე დაახლოებით 10 საათი დაგჭირდებათ. გადაადგილების სხვა ალტერნატივებს რაც შეეხება, შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი–მესტიის მიმართულებით დანიშნული მიკროავტობუსებით, რომლებიც თბილისის ავტოსადგურებიდან ყოველდღიურად ინიშნება, ან აირჩიოთ პირდაპირი ფრენა თბილისი–მესტიის მიმართულებით. თუმცა გაითვალისწინეთ რომ ფრენების გრაფიკი არასტანდარტულია და მასზე მოთხოვნა მაღალია. შესაბამისად, საჭიროა ბილეთის დიდი ხნით ადრე დაჯავშნა. ფრენები ასევე სრულდება ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით, და მგზავრობის დრო დაახლოებით 30 წუთია.

სვანეთი დასავლეთ საქართველოს, ერთ–ერთი ისტორიული მხარეა, რომელიც კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მხარის რელიეფი მთაგორიანი და კლდოვანია, რაც იმითაც აიხსნება, რომ სვანეთში კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი მდებარეობს. მათ შორისაა თეთნულდი, უშბა და საქართველოს უმაღლესი მწვერვალი – შხარა.

სვანეთისთვის რელიეფი ერთ–ერთი მთავარი სავიზიტო ბარათია, თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, მისი უნიკალური კულტურული მახასიათებლებიც. ვიზიტორებისთვის, სვანეთი, პირველ რიგში, სვანურ კოშკებთან და მათ გასაოცარ ესთეტიკასთან ასოცირდება. უნიკალური მრავალხმიანი ფოლკლორი, სვანური ქუდი, ცეკვა, ტრადიციები და უგემრიელესი სამზარეულო, ის მთავარი მახასიათებლებია, რომლებითაც სვანეთი მუდმივად ახერხებს ქართველი თუ უცხოელი ვიზიტორების გაოცებას.

ისტორიული მხარე ნებისმიერ სეზონზე ტურისტულად აქტიურია და ვიზიტორებს სთავაზობს, როგორც საზაფულო სალაშქრო ტურებს, ასევე ზამთრის კურორტებს, უამრავ ისტორიულ ძეგლს და თანამედროვე კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.

ისტორიულად სვანეთი უძველესი დროიდანაა დასახლებული. ყველაზე ძველი აღმოჩენები ძვ.წ VIII-VII ათასწლეულით თარიღდება. განსაკუთრებით აღსანიშნია ბრინჯაოს ხანის დასახლება ლენჯერსა და ცხმელურში, სპილენძის მაღაროები ლეფურსა და ზაგრაშში.

ძველი საქართველოს ისტორიაში, სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო და ის, ოქროს წარმოების ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება ოქროს საწმისის ლეგენდაც. ამის შემდეგ, სვანეთი ეგრისის სამეფოს შემადგენლობაში ჩნდება, სადაც სასანიანთა იმპერია უშედეგოდ ცდილობდა სვანეთის დაპყრობას.

შუა საუკუნეებში, სვანეთი საერისთავოს სახელით იხსენიება წყაროებში და მოიცავდა სვანეთის, ბალზემო სვანეთის და ქვემო სვანეთის ნაწილებს. 1800–იანი წლებიდან იწყება სვანეთის რუსეთის იმპერიაში მოქცევის პროცესები. მიუხედავად იმისა, რომ ქვემო სვანეთი რიგი მიზეზების გამო მალევე მოექცა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ, 1830–იან წლებამდე, ზემო სვანეთი, დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. საბჭოთა პერიოდში, კი სვანეთი, საქართველოს სხვა კუთხეების მსგავსად რუსული მმართველობის ქვეშ საბოლოოდ მოექცა.

სვანეთის კულტურა უნიკალურია. მდებარეობიდან გამომდინარე, ისტორიულად სვანეთის მონასტრები ქვეყნის ერთ–ერთი მთვარი განძთსაცავი იყო. სვანეთში დღეს უამრავი ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ნიმუში ინახება, მათ შორისაა ადიშის ოთხთავი, უნიკალური ოქრომჭედლობის ნიმუშები და უძველესი მატყლისგან დამზადებული ნაბდები და ქუდები.

სვანური კულტურა ცნობილია მრავალხმიანი ფოლკლორითა და უნიკალური ცეკვით, სადაც იდეალურად ჩანს, სვანების მებრძოლი სული და ღირებულებები. სვანურ ფოლკლორში გამორჩეულია სამგლოვიარო სიმღერა “ზარი.” უნდა აღინიშნოს სვანური ტრადიციული საკრავი ჩანგი, რომელიც შუმერული არფის მსგავსი მუსიკალური ინსტრუმენტია. სვანური კულტურის განუყოფელი ნაწილია ნადირობა, დღესასწაული ლიფინალი და ლემის დროშა, რომელიც ითარგმნება როგორც ლომი. ასევე ცნობილი დღესასწაულია ლამპრობა, რომელიც ქრისტიანულად, მირქმის დღესასწაულს უკავშირდება. ტრადიციის მიხედვით, ლამპრობა სვანეთში 1 თებერვალს აღინიშნება. დღესასწაულის დროს თითოეულ ოჯახში ინთება იმდენი ხელნაკეთი ლამპარი, რამდენი ოჯახის წევრიცაა.

აუცილებელია აღინიშნოს სვანეთის უნიკალური სამზარეულო. მათი მთავარი კერძი კუბდარია, იგივე ხაჭაპური ხორცითა და ტრადიციული სანელებლებით. ცნობილი სვანური კერძებია შუშა, ჭვიშტარი და თაშმიჯაბი. სვანეთში და არა მარტო, ასევე ფართოდ გამოყენებადია ტრადიციული სანელებელი – სვანური მარილი, რომელიც რამდენიმე ინგრედიენტს შეიცავს და სპეფიციური სურნელით გამოირჩევა.

სვანეთის მრავალფეროვანი რელიეფი და კურორტები ზაფხულისა და ზამთრის სეზონსაც ვიზიტისთვის იდეალურ პერიოდად აქცევს. თუ გიყვართ თოვლი, ზამთრის სპორტი და გსურთ თხილამურებით სრიალი, უმჯობესია სვანეთს იანვარი–თებერვლის პერიოდში ესტურმოთ. თუ დასვენება მზიან ამინდებში გირჩევნიათ და ამასთან გიყვართ ლაშქრობა, უმჯობესია სვანეთში მაისი–სექტემბრის პერიოდში იმოგზაუროთ.

სვანეთი კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. შესაბამისად, მისი რელიეფი კლდოვანი და მთა–გორიანია. სვანეთი მწვერვალების სიმრავლით გამოირჩევა, საიდანაც აღსანიშნია თეთნულდი, უშბა და შხარა. ადმინისტრაციულად მას ესაზღვრება სამეგრელო, აფხაზეთი, და რაჭა.

მდებარეობიდან გამომდინარე, სვანეთში ზამთარი გრძელი და ცივი, ხოლო ზაფხული ზომიერად თბილი და მშრალია. წლიური საშუალო ტემპერატურა 6 ცელსიუსამდეა. ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ -15 გრადუსს აღწევს.

სვანეთი ზამთარში

სვანეთის კავკასიონის ქედთან სიახლოვის გამო, ზამთარი ამ მხარეში დიდთოვლობით და დაბალი ტემპერატურით გამოირჩევა. თუმცა მეორე მხრივ, ეს იდეალურ პირობებს ქმნის ზამთრის კურორტების და განაკუთრებით, ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის.

ზამთარში სვანეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ქალაქი მესტია და კურორტები, თეთნულდი და ჰაწვალი. ალპინისტებისთვის თუ მოთხილამურეებისთვის ზამთარში სვანეთი იდეალური მარშრუტია იმისთვის, რომ ისიამოვნო მწვერვალების დაპყრობითა და სხვადასხვა სირთულის დონის მქონე სასრიალო ტრასებით. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზამთარში მთიდან დაშვება ან მთაზე ასვლა ზვავსაშიშროებასთანაც კავშირდება, ამიტომ სვანეთი ზამთრის სეზონზე უფრო მეტად პროფესიონალი და გამოცდილი სპორტსმენებისთვისაა განკუთვნილი.

ქვემო სვანეთი

სვანეთის ისტორიული მხარე, ზემო და ქვემო სვანეთად იყოფა და ადმინისტრაციულად, ისინი სხვადასხვა კუთხეებში ერთიანდებიან (სამეგრელო ზემო სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთი). ზემო და ქვემო სვანეთი ერთმანეთისგან სვანეთის ქედით და მასზე გამავალი ლატფარის უღელტეხილით იყოფა. ქვემო სვანეთის ცენტრი ლენტეხია და ტერიოტრიულად მხარე ცხენისწყლის ხეობას და მურის ხიდს მოიცავს.

ქვემო სვანეთი, ზემო სვანეთის მსგავსად, კლდოვანი და რთული რელიეფით გამოირჩევა. ეს ისტორიული მხარე განსაკუთრებით პოპულარულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, როგორიცაა ფაყის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია და სკალდის მიქაელის და გაბრიელის ეკლესია. ამასთან ლენტეხთან ახლოს მდებარეობს კურორტი მუაში, რომელიც სამკურნალო მინერალური წყლითაა ცნობილი. მოლაშქრეებს კი ქვემო სვანეთში შეუძლიათ ისეთი გასაოცარი მარშრუტებით ისიამოვნონ, როგორიცაა შკედი–ლიხეთის და სასაში–ლაშიჭალის ბილიკები.

ზესხოს ხეობა.
ზესხო

რა ვნახოთ სვანეთში?

სვანეთის მრავალფეროვნება ნებისმიერი ტიპის მოგზაურს დაუვიწყარ თავგადასავლებს პირდება. კავკასიონის მთებთან მდებარე ულამაზეს კუთხეში თავმოყრილია ისტორიული ადგილები, ზამთრის კურორტები და გასაოცარი არქიტექტურული ნიმუშები.

სვანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობები სვანური კოშკებია, რომლებიც ორიგინალური არქიტექტურით და ისტორიული მნიშვნელობით გამოირჩევა. სვანეთში ასევე შეგიძლიათ უკეთ გაეცნოთ საქართველოს ჭედური ხელოვნების ისტორიას და მოინახულოთ სვანეთის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი. უძველესი მონასტრების მონახულებით, როგორიცაა ლამარია და ლაგურკა, საქართველოს წარსულში იმოგზაურებთ. სვანეთში ბევრი ისტორიული თუ ახლად აშენებული ტაძარია, რომელთა შორის პოპულარულია ჩვაბიანის მაცხოვრისა და მაცხავარიშის მთავარანგელოზთა ეკლესიები.

სვანეთი არც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს ტოვებს თავგადასავლების გარეშე. ცნობილი სათხილამურო კურორტები, თეთნულდი და ჰაწვალი გაუკავალავ თოვლში სრიალის გასაოცარ შესაძლებლობებს გაძლევთ. ლაშქრობის მოყვარულებს, კი შეუძლიათ მოინახულონ ქორულდის ტბები და შდუგრას ჩანჩქერი. შესაბამისად, სვანეთი მდიდარი მხარეა, როგორც კულტურული მემკვიდრეობით, ასევე ბუნების ძეგლებით.

მესტია

მესტია ზემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც გამორჩეული სილამაზის ქალაქს წარმოადგენს, ტერასული განლაგებით, პანორამული ხედებით კავკასიონზე და მაგიური, უძველესი სვანური კოშკებით.

ძველი სვანური კოშკი მესტიაში.

უშგული

უშგულის თემი ოთხ სოფელს აერთიანებს და საქართველოს უმაღლესი მწვერვალის, შხარას კალთებზე მდებარეობს. უშგული ულამაზესი ხედებით და გასაოცარი ისტორიული ძეგლებით გამოირჩევა, რომელთა შორისაა თამარ მეფის რეზიდენციები და უშგულის ლამარია.

უღელტეხილი ლატფარი.

ბეჩო–მაზერი

ზემო სვანეთში მდებარე მაზერის სოფელი ბეჩოს თემში ერთიანდება. ის მესტიიდან 25 კმ–ით არის დაშორებული და მდინარე დოლრაჭალის ხეობაში მდებარეობს. მაზერი უნიკალური ბუნებით გამოირჩევა, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ მწვანე მდელოებით და სუბალპური ფლორით.

ბეჩოს ხეობა.

ლენტეხი

ლენტეხი ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი და საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული ქალაქია. ლენტეხი ნოტიო ჰავით და შედარებით თბილი ზამთრით გამოირჩევა. მთაგორიანი რელიეფის მქონე ქალაქი ცნობილია ულამაზესი ბუნებით და სამკურნალო მინერალური წყლებით.

ლენტეხის სვანური კოშკი.

სათხილამურო კურორტი ჰაწვალი

ჰაწვალი საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული სათხილამურო კურორტია, რომელიც მესტიასთან ახლოს მდებარეობს. ის ქალაქთან საბაგირო გზითაა დაკავშირებული და ზამთრის სპორტის მოყვარულებს, სხვადასხვა სირთულის ტრასებსა და საბაგირო მარშრუტებს სთავაზობს.

ჰაწვალის საბაგირო.

სათხილამურო კურორტი თეთნულდი

ზემო სვანეთში მდებარე ეს კურორტი ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის გამორჩეული ადგილია. ზღვის დონიდან 2260–3160 მეტრზე მდებარე კურორტზე, რამდენიმე სახის სათხილამურო ტრასა და საბაგირო მოქმედებს, რაც ნებისმიერი დონის მოთხილამურისთვის იდეალური თავგადასავლების შექმნის საშუალებას იძლევა.

თეთნულდი - tetnuldi.

კურორტი ზესხო

ზესხო ლენტეხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია მოლაშქრეებისთვის. ზესხოში შეგიძლიათ რამდენიმე სალაშქრო ბილიკით ისიამოვნოთ, სადაც თითოეული მათგანი უნიკალური ბუნებითა და ხედებით გამოირჩევა. ზესხოში ასევე მდებარეობს ალპინისტური ბანაკი.

ზესხოს ხეობის ხედი.

ენგური

მდინარე ენგური სათავეს კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე მდებარე ენგურის მყინვარისგან იღებს. მას ათამდე მდინარე უერთდება, სანამ საბოლოოდ შავ ზღვაში ჩაედინება. ენგურის მდინარე და მასთან არსებული რელიეფი უნიკალური სილამაზითა და ფლორით გამოირჩევა.

შხარას მყინვარი.

ენგურჰესი

ენგურჰესი საქართველოს და ამიერკავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ენგურზე მდებარეობს. ხუთი ჰესის კომპლექსისგან შემდგარი სადგური, მნიშვნელოვნად დიდი დატვირთვისაა, რის გამოც მას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.

ენგურის კაშხალი გვერდიდან.

უშგულის ლამარია

უშგულის ლამარია IX-X საუკუნეებით დათარიღებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაა, რომელიც უშგულის თემში მდებარეობს. ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა და გამოირჩევა უნიკალური ხატწერის ნიმუშებითა და გასაოცარი ხედით კავკასიონის მწვერვალებზე.

ლამარიას ეკლესია.

თამარ მეფის საზაფხულო რეზიდენცია

თამარ მეფის რეზიდენცია სვანეთის პოპულარული ისტორიული ძეგლია. გადმოცემის თანახმად, თამარ მეფე სვანეთს ხშირად სტუმრობდა, რის ფონზეც აქ აიგო მისი სახელობის რეზიდენცია, რომლის ნანგრევები დღემდე შემორჩენილია. რეზიდენციის ნაწილს ასევე შეადგენდა ტრადიციული კოშკი, გალავნითა და სხვა დამხმარე ნაგებობებით.

თამარ მეფის კოშკი უშგულში.

მესტიის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი

ისტორიულ–ეთნოგრაფიული მუზეუმი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოთ სვანეთის ისტორიული მემკვიდრეობა და მოინახულოთ უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენები, უძველესი ნაბეჭდი წიგნები, ჭედური ხელოვნების ნიმუშები და ხატები.

სვანეთის მუზეუმი მესტიაში.

შხარა

საქართველოს უმაღლესი მწვერვალის სახელწოდება სვანური ენიდან მომდინარეობს და “ცხრას” ნიშნავს. მისი სიმაღლე 5201 მეტრია და წარმოადგენს გასაოცარ მწვერვალს და პროფესიონალი ალპინისტების ერთ–ერთ გამორჩეულ დანიშნულებას.

შხარას მყინვარი და პატარა ენგური.

თეთნულდი

თეთნულდი საქართველოს ერთ–ერთი უმაღლესი მწვერვალია და მისი სიმაღლე 4974 მეტრია. კრისტალური ქანებისგან აგებული მყინვარი, მთავარ წყალფამყოფ ქედზეა და გამოირჩევა უნიკალური სილამაზით და რთულად დასალაშქრი რელიეფით.

თეთნულდი - tetnuldi.

უშბა

უშბის ორთავიანი მწვერვალის სიგრძე 4710 მეტრია. მესტიასთან ახლოს მდებარე კრისტალური ქანებით აგებული მწვერვალი გამორჩეული დანიშნულებაა ალპინისტებისთვის. რელიეფის კუთხით, განსაკუთრებით რთულად დასალაშქრია სამხრეთ მწვერვალი.

უშბა ზამთარში ფიჭვის ხეებით.

ჭალაათის მყინვარი

ჭალაათის მყინვარი ერთ–ერთი ყველაზე რთული რელიეფის მქონე მყინვარია სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე და ის ხეობური ტიპისაა. მყინვარი ორი ნაკადისგან შედგება და იკვებება ისეთი მწვერვალების ფერდობებიდან, როგორიცაა უშბა და ჩათინი.

ხედი ჭალაადის მყინვარზე.

მესტიის ჯვარი

მესტიის ჯვარი ერთ–ერთი სალაშქრო ბილიკის დანიშნულების საბოლოო წერტილია. ჯვარი ქალაქთან მდებარე ჩრდილოეთის ბორცვზეა დადგმული, საიდანაც გასაოცარი პანორამული ხედები იშლება. მესტიის ჯვრის სანახავად გასავლელი მარშრუტი, რელიეფურად საკაოდ მარტივია.

ჯვარი მესტიის მაღლა და თეთნულდი.

მარგიანის სახლ–მუზეუმი

ეს არის ძველი საცხოვრებელი კომპლექსი მესტიაში, რომელიც მოიცავს სვანურ კოშკს, მარანს, დილეგებს, და სხვა აღჭურვილობებს. ეს არის იდეალური ადგილი, რათა შეგექმნათ წარმოდგენა, სვანების ცხოვრების წესებსა და ჩვეულებებზე.

მარგიანის სახლ-მუზეუმი.

მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი

ცნობილი ქართველი ალპინისტის, მიხეილ ხერგიანის სახლ–მუზეუმი მესტიაში მდებარეობს. აქ დეტალურად გაიცნობთ ლეგენდარული ალპინისტის ბიოგრაფიას, მის მიღწევებს, ნახავთ პირად ნივთებს, აღჭურვილობას, ჯილდოებსა და სხვა საინტერესო დეტალებს.

ისტორიული სვანური კოშკი მესტიაში.

ქორულდის ტბები

ქორულდის ტბები ზემო სვანეთში, კავკასიონის მყინვარებთან ახლოს მდებარეობს. ეს საკმაოდარის ერთ–ერთი პოპულარული მარშრუტია მოლაშქრეებისთვის, რაც ტბის უნიკალური რელიეფითა და სილამაზითაა განპირობებული. ტბის სარკისებული ეფექტი და ხედი მყინვარებზე ბუნების ძეგლს გასაოცარ სილამაზეს ანიჭებს.

ქორულდის ტბები.

უშბის ჩანჩქერი შდუგრა

უშბის ჩანჩქერი იგივე შდუგრა საქართველოს ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია და სოფელ მაზერთან მდებარეობს. რელიეფის კუთხით, ჩანჩქერამდე მისასვლელი ბილიკი საშუალო სირთულისაა და მნახველებს შეუძლიათ, როგორც ჩანჩქერის ძირში, ასევე მის თავზე მისვლა.

უშბის ჩანჩქერი შდუგრა

უშბის ჩანჩქერი საქართველოს ერთ–ერთი უნიკალური ბუნების ძეგლია, რომელიც სოფელ მაზერთან მდებარეობს. სვანები მას შდუგრას უწოდებენ და ის საქართველოს ყველაზე წყალუხვ ჩანჩქერს წარმოადგენს.

შდუგრას ჩანჩქერი ზაფრულში.

სიყვარულის კოშკი

მესტიაში მდებარე სიყვარულის კოშკი ტურისტების საყვარელი ადგილია. ის კალის თემს, ქურდიანების გვარს ეკუთვნის და ენგურის ნაპირზეა აშენებული. კოშკს სახელი სასიყვარულო ლეგენდის თანახმად დაერქვა.

სიყვარულის კოშკი.

რა გავაკეთოთ სვანეთში?

სვანეთის კურორტებისა და დასახლებების მრავალფეროვნება გულგრილს არ დაგტოვებთ. აქ უამრავი გასაოცარი შესაძლებლობა გაქვთ იმისთვის, რომ გაატაროთ დრო როგორც აქტიურად, ასევე პასიურად. და თუ მაინც გაინტერესებთ რით შეგიძლიათ დაკავდეთ სვანეთში, პასუხი საკმაოდ დიდია:

ლაშქრობა და მთამსვლელობა

სვანეთი მოლაშქრეებისთვის და მთამსვლელებისთვის ერთ–ერთი საუკეთესო ტურისტული დანიშნულებაა. სვანეთი სალაშქრო ბილიკების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამასთან სვანეთი მყინვარების სამეფოა და შესაბამისად უნიკალური შესაძლებლობაა მთამსველებისთვის. აქ შეგიძლიათ სცადოთ ისეთი მწვერვალების დაპყრობა როგორიცაა თეთნულდი (4974 მ), ლაილა (4008 მ) და სხვა.

უღელტეხილი ლატფარი.
უღელტეხილი ლატფარი

თხილამურებით სრიალი

ზამთრის ექსტრემალური სპოტისთვის, სვანეთის სათხილამურო კურორტები იდეალური არჩევანია. თეთნულდისა და ჰაწვალის კურორტებზე შესაძლებლობა გეძლევათ სხვადასხვა სირთულის ტრასაზე ისრიალოთ და იმგზავროთ საბაგიროებით.

ველოსპორტი

ველოსპორტის მოყვარულთათვის სვანეთის რელიეფი იდეალურია. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მესტია–უშგულის ბილიკი, რომელიც ხანგრძლივი, თუმცა რელიეფურად საინტერესო და კავკასიონის ხედებით, გამორჩეული მარშრუტია.

ცხენით გასეირნება

სვანეთში ვიზიტორებს საცხენოსნო ტურებითაც შეუძლიათ ისიამოვნონ. ცხენოსნობისთვის გამორჩეული მარშრუტია მესტია–უშგულის სალაშქრო ბილიკი, რომელიც მდინარე ადიჭალის ცხენით გადალახვასაც მოიცავს. მოგზაურები ხშირად სტუმრობენ ცხენით შდუგრას ჩანჩქერსა და სოფელ მაზერს.

ჯომარდობა

სვანეთის კლდოვანი რელიეფი ჯომარდებისთისაც გასაოცარ მარშრუტებს ქმნის. დღეს ჯომარდობისთვის ყველაზე პოპულარული მდინარე სვანეთში ნენსკრაა. აქ, ჯომარდობის სირთულის დონე III-IV დონეს შეესაბამება, შესაბამისად სვანეთის მდინარეები უფრო გამოცდილი ჯომარდებისთვისაა განკუთვნილი.

ესტუმროთ უძველეს სალოცავებს

სვანეთში უამრავი უძველესი ეკლესია და სამლოცველოა. საუკუნოვანი ტაძრების დიდი ნაწილი დანგრეულია, თუმცა ბევრი ისტორიული ძეგლი რესტავრირებულია. სვანეთის ისეთ სოფლებში როგორიცაა ნაკიფარი, კალაში და ლატალი უნიკალური ხატწერის ნიმუშებიც შეგიძლიათ დაათვალიეროთ.

ხშირად დასმული კითხვები

რომელია 5 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში?

უმაღლესი მწვერვალია შხარა (5 201), შემდგომში თეთნულდი (4 974მ), შოთა რუსთაველი (4 960 მ), უშბა (4 710 მ) და აილამა (4 525 მ).

სვანური ენა

სვანეთის კულტურის უნიკალურობას ნათლად აჩვენებს სვანური ენის არსებობაც. ის ქართველურ ენათა ჯგუფს განეკუთვნება და მასზე დაახლოებით 30 000–ზე მეტი ადამიანი საუბრობს. სვანური ენა არაოფიციალურად გამოიყენება სვანეთის მაცხოვრებლებს შორის. დამწერლობა მხედრულია და ენას არ გააჩნია ოფიციალური წერილობითი სტანდარტი.

დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუმცა ნავარაუდებია, რომ სვანური ენა ძვ.წ II ათასწლეულიდან იღებს სათავეს. ქართული ენისგან, ის ფონეტიკით გამოირჩევა და ახასიათებს ძველი ქართულისთვის დამახასიათებელი ბგერები და გრძელი ხმოვნები.