strings.skip_to_content

ონი მაღალმთიანი საქართველოს ერთ–ერთი გამორჩეული ადგილია, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ ულამაზესი ბუნებით, დაისვენოთ სუფთა ჰაერზე და მოინახულოთ სხვადასხვა ისტორიული და ბუნების ძეგლები. ონში სტუმრობით ასევე კარგად გაიცნობთ რაჭულ კულტურასა და სტუმართმოყვარეობას.

თბილისიდან მანძილი 230 კილომეტრია და მარშრუტის გასავლელად სამ საათზე მეტი დაგჭირდებათ. თბილისის ავტოსადგურიდან ინიშნება კერძო მიკროავტობუსები ონის მიმართულებით, რაც არაჩვეულებრივი გზაა, თუ ბიუჯეტური მგზავრობა გსურთ.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსებით და შემდგომში ამბროლაურიდან სამარშრუტო ტაქსით იმგზავროთ ონის მიმართულებით. ამბროლაურიდან ონი დაახლოებით 30 კმ–ით არის დაშორებული.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ნატახტარი–ონის მიმართულებით მოძრავი თვითმფრინავით და შემდეგ გამოიყენოთ სამარშრუტო ტაქსი ონში მისასვლელად. ეს ბევრად სწრაფი მარშრუტია და დახარჯავთ ერთ საათზე მეტს. ამბროლაური–ნატახტარის ფრენების განრიგი არარეგულარულია და ისინი შეგიძლიათ აეროპორტების გვერდებზე იხილოთ.

გეოგრაფია და კლიმატი

რაჭის მთა–გორიანი რელიეფი, ონის ბუნების ძეგლებსა და ულამაზეს ფლორაში გამოიხატება. დასახლება მოქცეულია მდინარეების, ჯეჯორასა და ღარულას შორის, რომლებიც მდინარე რიონის მარცხენა შენაკადებს წარმოადგენენ. აქ ისიამოვნებთ ულამაზესი მთებით, სუბალპური მცენარეებით და სამკურნალო თვისებების მქონე ნოტიო ჰავით.

ტემპერატურის კუთხით, ონი მოგზაურობისთვის ერთ–ერთი კომფორტული დანიშნულებაა. აქ ზაფხული თბილი და მშრალია, საშუალო ტემპერატურით 20.4 ცელსიუსი, ხოლო ზამთარი თოვლიანი და ხანგრძლივია. საშუალო ტემპერატურა ზამთარში -1 გრადუსია.

ონი დასავლეთ საქართველოში, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ისტორიულ მხარეში მდებარეობს. ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ონია, რომელიც მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზეა გაშენებული.

ონი გამოირჩევა არა მარტო ულამაზესი ბუნებითა და რელიეფით, არამედ უძველესი ისტორიული დანიშნულებით. ქალაქთან ერთად, ონიც მუნიციპალიტეტიც მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს ლაშქრობა ან სურს კლიმატურ–ბალნეოლოგიურ ადგილს ესტუმროს. დღესდღეისობით, ონის მთავარი ხიბლი უძველეს ისტორიულ ნაგებობსა და მულტი–კულტურულ ძეგლებშია. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ამ გასაოცარი ადგილის შესახებ, გაეცანით დეტალებს ქვემოთ.

ამინდებისა და ფლორის თავისებურებების გათვალისწინებით, საუკეთესო დრო ონის მოსანახულებლად მაისი–ოქტომბრის პერიოდია.

ონი არა მარტო გასაოცარი ბუნებითა და კულტურული ძეგლებით, არამედ ისტორიულად მნიშვნელოვანი როლით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენების მიხედვით, ონი ძვ.წ II ათასწლეულში, მეფე ფარნაჯომმა დაარსა, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ისტორია განსაკუთრებულ ყურადღებას, შუა საუკუნეებში იქცევს. ამ დროს ონი საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი გახდა. სწორედ ონში იყრიდა თავს ქართლის, იმერეთის, ქვემო რაჭისა და კავკასიონის სავაჭრო გზები.

მე–19 საუკუნეში, იმერეთის სამეფოს რუსეთთან გაერთიანების შემდეგ, ონს დაბის სტატუსი მიენიჭა და კვლავ შეუნარჩუნდა სავაჭრო მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირის პერიოდში კი, ონი იხსენიება, როგორც რაჭის მაზრის ადმინისტრაციული ცენტრი.

რა ვნახოთ ონში?

ონი საინტერესო ტურისტული დანიშნულებაა არა მარტო აქტიური, არამედ პასიური დასვენების მოყვარულთათვის. თუ გიყვართ ლაშქრობა და თავგადასავლები, ონის სუბალპური ბუნება და მთა–გორიანი რელიეფი, დაუვიწყარ თავგადასავალს შეგიქმნით. თუ გსურთ გაეცნოთ საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიას, ონის მრავალფეროვანი კულტურული ძეგლები, გასაოცარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ონი ფართობით მცირეა, აქ მოსანახულებელი საკმაოდ ბევრია. ვიზიტორებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო და პოპულარულია ისეთი ბუნების ძეგლები, როგორიცაა უძირო და სასვანოს ტბები. მნახველებში ასევე გაოცებას იწვევს ონის სინაგოგის უნიკალური არქიტექტურა, რომელიც ასევე ხაზს უსვამს ონის მულტი–კულტურული გარემოსადმი ისტორიულ მიმღებლობასა და პატივისცემას.

კულტურული ძეგლებიდან, ასევე პოპულარულია მრავალძალის ეკლესია და ონის მუზეუმი, რომელიც იდეალური ადგილია, იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ ონის და სრულიად რაჭის უძველესი ისტორია.

ონის სინაგოგა

ონის სინაგოგა მე–19 საუკუნის ულამაზესი კულტურული ძეგლია, რომელიც საქართველოში მდებარე ერთ–ერთი უდიდესი სინაგოგაა, ორიგინალური ფასადით, თეთრი კირქვის ჩუქურთმებითა და მრავალქიმიანი დავითის ვარსკვლავიანი გუმბათით. სინაგოგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა სიაშია შეტანილი.

უძირო ტბა

უძირო ტბა კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე მდებარეობს და ყოველწლიურად უამრავ მოგზაურს იზიდავს. ულამაზესი პატარა ტბა, მთებს შორისაა მოქცეული და გამოირჩევა სარკისებული ეფექტითა და გასაოცარი ხედებით. ტბასთან ახლოს ტურისტები ხშირად ბანაკდებიან.

სასვანოს ტბები

სასვანოს ტბები ონში, რიონის ხეობაში მდებარე გასაოცარი ბუნების ძეგლია, რომელიც იდეალურად აერთიანებს ფერადი ყვავილებით დაფარულ მდელოებსა და თოვლიან მყინბარებს. სარკისებული ეფექტი კი ტბებს კიდევ უფრო გასაოცარ სილამაზეს სძენს.

მყინვარი ბუბა

მიუხედავად იმისა, რომ მყინვარი ბუბა რთული ხეობის ტიპის მყინვარს წარმოადგენს, ის მოლაშქრეებისთვის საკმაოდ მიმზიდველი მარშრუტია. გასაოცარი სილამაზის მქონე მყინვარი მდინარე ბუბისწყალს ასაზრდოებს.

ჭიორა და გლოლა

ჭიორა და გლოლა ონის მუნიციპალიტეტის გამორჩეული სოფლებია. მთა–გორიანი და ფერადი ფოთლოვანი ტყით დაფარული სოფლები მოლაშქრეების ერთ–ერთი საყვარელი მარშრუტია, რომელსაც უმეტესწილად, ტყის სიფერადის გამო, შემოდგომობით სტუმრობენ.

შქმერი

ლაშქრობის მოყვარულებისთვის სოფელი შქმერი მორიგი თავგადასავალია. ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი გამოირჩევა სუბალპური მცენარეული საფარით და კლდოვანი ხეობის კანიონით, რომელშიც მდინარე ხეორი მიედინება.

ონის მუზეუმი

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი იდეალური ადგილია იმისთვის, რომ ონის უძველეს კულტურას გაეცნოთ. აქ ნახავთ გვიანფეოდალური ხანის არქეოლოგიურ აღმოჩენებს, მათ შორის სამკაულებს, საბრძოლო იარაღებსა და სხვადასხვა ეთნოგრაფიულ მასალებს. მუზეუმში დაცულია 15,500–მდე ექსპონანტი.

მრავალძალის ეკლესია

მრავალძალის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების ერთ–ერთი გამორჩეული ძეგლია, რომელიც მე–11 საუკუნეში ააგეს. ეკლესია ულამაზესი ჩუქურთმებითა და ფრესკებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ 1934 წლამდე, ეკლესიაში შაჰ–აბასის ხმალი და ჯალალ–ედ–დინის მუზარადი ინახებოდა. ტურისტებში მრავალძალის ეკლესიის პოპულარობა კი უფრო მეტად, უნიკალური ხედებითაა განპირობებული. ეკლესიიდან ულამაზესი მთის ხედები იშლება, სვანეთისა და რაჭის მთებზე.