strings.skip_to_content

ხევსურეთი საქართველოს ულამაზესი ისტორიული მხარეა, გამორჩეული ბუნებით, ღირსშესანიშნაობებით და გასაოცარი კულტურით. კავკასიონის ქედთან ახლოს მდებარე მთიანი რეგიონი გამოგზაურებთ წარსულში, დიდებულ კოშკებთან, მთის ადათებთან და უნიკალურ ძეგლებთან ერთად. ხევსურეთის სიმტკიცე, სიდიადე და გულთბილი სტუმართმოყვარეობა, თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის.

თბილისიდან ხევსურეთამდე მანძილი 147 კილომეტრია და მგზავრობისთვის დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. თბილისის დიდუბისა თუ ნავთლუღის ავტოსადგურებიდან კვირაში საშუალოდ 2–ჯერ, შუადღისას ინიშნება კერძო მიკროავტობუსები ხევსურეთის სოფლების მიმართულებით. ძირითადად, მარშრუტები შატილის მიმართულებით ხორციელდება.

ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, კავკკასიონის ქედთან მდებარეობს. ქვეყნის ეს ისტორიული მხარე, ფართობით მცირეა, თუმცა კულტურით და ღირსშესანიშნაობებით მრავალფეროვანი. ხევსურეთი ორ ნაწილად: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად იყოფა. კუთხისთვის დამახასიათებელია მთიანი რელიეფი, ალპური ბუნება, ნათალი ქვით აშენებული კოშკები და უნიკალური კულტურა, მრავალხმიან მუსიკასთან და საბრძოლო ცეკვებთან ერთად. ხევსურული სამოსი და სამზარეულო კი ცალკე ღირსშესანიშნაობაა, რომლითაც მხარე წლიურად, სულ უფრო და უფრო მეტ ტურისტს იზიდავს.

მიუხედავად ბევრი ისტორიული და გეოგრაფიული გამოწვევისა, ხევსურეთმა საკუთარი ადათები და თვისებები დღემდე შეინარჩუნა. დღეს მხარე დემოგრაფიული პრობლემების წინაშეა, თუმცა ამის პარალელურად, ზაფხულსა თუ ზამთარში ხევსურეთი ტურისტულად აქტიური ადგილია. აქ შეხვდებით ისეთ გასაოცარ ძეგლებს, როგორიცაა სოფელი შატილი, მუცო, ანატორის აკლდამები და ბევრი სხვა ორიგინალური სანახაობა.

ხევსურეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი მხარეა. ისტორიულ ჩანაწერებში, ის თავიდან ფხოვის სახელით იხსენიება, რაც ფშავისა და ხევსურეთის გაერთიანებულ ტერიტორიებს მოიცავს. ხევსურეთში აქტიური ცხოვრების ნიშნები, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან იწყება. ფხოვი საკმაოდ მეამბოხე მოსახლეობით იყო დასახლებული. ამაზე მეტყველებს, თამარ მეფის წინაშე აჯანყება ფხოვში, რომელიც მეფემ, ივანე მხარგრძელთან ერთად ჩაახშო. ამ პერიოდში, ფხოვი ადმინისტრაციულად კახეთსა და კვეტარის საერისთავოს ეკუთვნოდა. აჯანყებები ხევსურებში მე-18 საუკუნეშიც გრძელდება. მეფეები, ერეკლე მეორე და თეიმურაზ მეორე, აქტიურად აგზავნიდნენ ჯარს ხევსურების შემოსარიგებლად.

მიუხედავად მეფეებთან ხშირი დაუმორჩილებლობისა, ძველი ხევსურები ერთ-ერთი პირველი მებრძოლეები იყვნენ მტერთან ბრძოლაში. ისინი აქტიურად იბრძოდნენ ქისტებისა და ლეკების წინააღმდეგ. დიდი როლი ითამაშეს, კრწანისისა და ასპინძის ბრძოლებში. მეოცე საუკუნეში, ხევსურეთი დემოგრაფიული პრობლემების წინაშე დადგა. რესურსების სიმცირის გამო, მოსახლეობა ბარში გადასახლდა და დღესაც, ხევსურეთი ნაკლებადაა დასახლებული.

მიუხედავად იმისა, რომ ძველი ხევსურები წარმართები იყვნენ და ჰყავდათ ღმერთები, როგორიცა ოჩოპინტრე და ანატორი, შუა საუკუნეებიდან დღემდე, ხევსურების ძირითადი ნაწილი ქრისტიანია. მათი ადათები და კულტურა მეტ წილად მათ რელიგიურ ღირებულებებზეა შექმნილი. ამას მოწმობს, ხევსურული გუდანის ჯვარიც. გუდანი ადგილია ხევსურეთში, სადაც წმინდა გიორგის ჯვარი ინახებოდა. ხევსურებისთვის ეს ადგილი საღვთო იყო, სადაც სხვადსხვა სახის რიტუალი ტარდებოდა. ხევსურების კულტურის ხსენებისას, აუცილებლად აღსანიშნია ტრადიციული სამოსი, რომელსაც ტალავარი ეწოდება. ხევსურულ ქუდებსა თუ ტანისამოსზე ყოველთვის გამოსახულია ჯვრები და დამახასიათებელი ორნამენტები, როგორიცაა ხვიები და კვადრატები.

ხევსურული სუფრა კი ხევსურული კულტურის ცალკე ღირსშესანიშნაობაა. სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ხევსურულ სუფრას თამადა არ ჰყავს. მთავარი სასმელი ლუდი და არაყია. ხევსურებში დღემდე შემორჩენილია ადათები. ისინი განსხვავებულად აღნიშნავენ ქორწილებს, ბავშვის დაბადებასა და სხვა დღესასწაულებს. აქვთ განსხვავებული მიდგომები ბავშვის აღზრდასა და სტუმრის მიღებაში. ამ მხრივ აღსანიშნავია დაძმობილების რიტუალი, რომელიც ერთ სასმლიდან არყის შესმას მოიცავს, რომელშიც ვერცხლია ჩაფხეკილი.

ხევსურები დღემდე აღნიშნავენ თიბვის დაწყებას. სამთიბლოს დროს, სამუშაოს დასრულება აღინიშნება სოფლის მიერ შეძენილი საკლავის მომზადებით, რომელიც ხშირ შეთხვევაში ცხვარი ან ვერძია. ამ დროს სოფლებში იმართება დიდი სუფრა ლუდით, გულიანი ქადებით და საქონლის მწვადებით. რიტუალი ხატებთან სანთლის დანთებით და ლოცვით სრულდება, სადაც ხევსურები ღმერთს მოსავლიან წელიწადს შესთხოვენ. მორიგი ხევსურული ტრადიციაა სწორფრობა, რომელიც უკვე წარსულში დარჩა. ეს წაწლობის ტრადიციის ხევსურული ვერსიაა, რაც შეყვარებული წყვილის, ერთგვარ გამოცდას წარმოადგენდა.

ხევსურეთი ალპურ ზონაშია და შესაბამისად, აქ ამინდები სუსხიანია. ტურისტების დიდი ნაწილი, კომფორტული მგზავრობისთვის და ლაშქრობისთვის ხევსურეთის მონახულებას ივნისი–სექტემბრის პერიოდში ამჯობინებს.

ხევსურეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ესაზღვრება ფშავი, ხევი, მთიულეთ-გუდამაყარი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და თუშეთი. ჩეჩნეთთან საზღვარი მაისტის და მითხოს მთებზე გადის. ხევსურეთსა და ფშავს შორის საზღვარი კი მცირე ბორბალოდან იწყება.

რელიეფის კუთხით, ხევსურეთი მთა-გორიანია. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც – ხევ-სურეთი, რომელიც ღრმა ხევებიან ადგილს ნიშნავს. მთიანი ხევსურეთი მდინარეების სიმრავლითაც გამოირჩევა. ხევსურეთის არაგვი მხარის მთავარი მდინარეა, რომელსაც რამდენიმე შენაკადი აქვს, მათ შორის აკუშოსხევი, გუდანისჭალა, დათვისხევი და სხვა. ასევე მრავლადაა უღელტეხილები, მათ შორის არხოტისთავის და სამტრეხლოს უღელტეხილები.

რაც შეეხება ჰავას, ის საკმაოდ არაერთგვაროვანია. მხარე ალპურ კლიმატურ ზონას განეკუთვნება, თუმცა ჩრდილოეთი მხარისთვის ბევრად დაბალი ტემპერატურა და სუსხია დამახასიათებელი, ვიდრე სამხრეთისთვის. ხევსურეთში, ზაფხული ზომიერად თბილი, ზამთარი კი სუსხიანი და გრძელია. იანვარში ტემპერატურა -18 ცელსიუსამდე აღწევს, ხოლო ზაფხულში +14 გრადუსამდე. ჰავა მეტ ნაკლებად ტენიანია. მაღალია ნალექების რაოდენობაც. ამინდი ხშირად არის ნისლიანი, განსაკუთრებით ზაფხულში.

კურორტები და ქალაქები ხევსურეთში

რა ვნახოთ ხევსურეთში?

ხევსურეთი საინტერესო არჩევანია მათთვის ვისაც სურს საქართველოს უძველეს ისტორიას გაეცნოს და მათთვისაც ვისაც, ლაშქრობა და აქტიური დასვენება უყვარს. ხევსურეთის სოფლების დიდი ნაწილი გაუკაცრიელებულია. შესაბამისად, თუ სიმშვიდეს ეძებთ, ხევსურეთი შესანიშნავი არჩევანია. ისტორიის და თავგადასავლების მოყვარულებს შეუძლიათ მოინახულონ შუა საუკუნეების სოფლები, შატილი, მუცო, ქაჩუს ციხე–სოფელი და როშკა.

თუ უფრო მეტად ბუნება და ლაშქრობა გიზიდავთ, აუცილებლად ეწვიეთ, ფშავ–ხევსურეთის ეროვნულ პარკს. აქ იდეალურად გაიცნობთ ალპურ ბუნებასაც და მთის ჩვეულებებსაც. უფრო ორიგინალური თავგადასავლებისთვის კი, შეგიძლიათ ლურჯი მთები და აწუნთის უღელტეხილი მოინახულოთ, საიდანაც გასაოცარი ხედებით ისიამოვნებთ.

ციხე-სახლები

ხევსურეთის ციხე-სახლები ამ კუთხის მთავარი სავიზიტო ბარათია. მიუხედავად გამოწვევებისა, მხარემ შემოგვინახა უძველესი ნაგებობები, რომლებიც ერთდროულად ასრულებდა საყოფაცხოვრებო და თავდაცვით დანიშნულებებს. მსგავსი ციხე-სახლების ნახვა ხევსურეთის ისეთ ქალაქებსა და სოფლებში შეგიძლიათ, როგორიცაა შატილი და მუცო.

კოშკები

კოშკები ხევსურული არქიტექტურის მთავარი ელემენტია. ეს შენობები ძირითადად 4-5 სართულისგან შედგებოდა და ბოლოვდებოდა ორიგინლური ფორმის სახურავით, რომელსაც კამარა ეწოდებოდა. ხევსურული კოშკებისთვის დამახასიათებელია მცირე აივნები.

ქაჩუს ციხე

ქაჩუს ციხე შუა საუკუნეების ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს, რომელიც შატილთან ახლოს მდებარეობს. უძველესი ციხე-სოფლის ნანგრევები რამდენიმე კოშკს, გალავანსა და ყოფით ოთახებს მოიცავდა, სადაც იდეალურადაა შემორჩენილი ხევსურეთისთვის დამახასიათებელი კულტურული ელემენტები.

უღელტეხილი დათვისჯვარი

დათვისჯვარი განსაკუთრებით დააინტერესებთ მათ, ვისაც ლაშქრობა და მთის ბუნება იზიდავთ. ეს უღელტეხილი კავკასიონის წყალგამყოფ ქედზე, 2677 მეტრზე მდებარეობს და პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, ერთმანეთთან აკავშირებს.

ლებაისკარის თამარისძეთ კვიტკირი

ლებაისკარი ხევსურეთის უნიკალური ღირსშესანიშნაობაა, რომელიც შატილის გზაზე მდებარეობს. შუა სუაკუნეებში აგებული კოშკი, ხუთი სართულისგან შედგება. კოშკი ტრადიციული ხევსურული სახურავით - კამარით ბოლოვდება და ოთხივე მხარეს პატარა აივნები ამშვენებს.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

თუ გსურთ ხევსურეთის ბუნება დეტალურად გაიცნოთ და დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ამისთვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი, იდეალური არჩევანია. გასაოაცარ მთის ბუნებასთან ერთად, შეგიძლიათ ისიამოვნოთ საცხენოსნო, საფეხმავლო და სხვა სახის ტურებით თუ სერვისებით.

ლურჯი მთები

შატილთან ახლოს მდებარე ლურჯი მთები უნიკალური ბუნების ძეგლია, რომელიც სრულიად განსხვავებულ ემოციებს დაგიტოვებთ. კლდოვანი არაერთგვაოვანი ზედაპირის მქონე მთებისთვის დამახასიათებელია, სვეტოვანი წარმონაქმნები და მოლურჯო შეფერილობა, რომელიც მთებს კიდევ უფრო გასაოცარ სილამაზეს სძენს.

ანატორი

ანატორი ხევსურეთის შუა საუკუნეების ნასოფლარია, რომელიც მუცოსწყლის და არღუნის შესართავთან მდებარეობს. კლდოვან მთაზე გაშენებული ძველი სოფლისთვის, დამახასიათებელია ტრადიციული ნაგებობები, აკლდამები და ყოფითი ოთახები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილ იქნა გარეული ცხოველების რქები და ხელნაკეთი სამკაულები.

მუცოს ციხის კომპლქსი

მუცო საქართველოს უნიკალური სოფელია, რომელიც გამოირჩევა ხევსურეთისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით და ირგვლივ მდებარე ულამაზესი ბუნებით. მუცოს სოფელში შეხვდებით უძველეს ბანიან სახლებს, კოშკებს და უნიკალურ ალპურ მცენარეებს.

თებულოსმთა

4498 მეტრის სიმაღლის მწვერვალი, უნიკალური რელიეფითა და სილამაზით გამოირჩევა. ალპინისტებსითვის ის ნამდვილი გამოწვევაა, არაერთგვაროვანი ზედაპირისა და ციცაბო ფერდობების გამო, მწვერვალი რამდენიმე მდინარეს ასაზრდოებს, მათ შორის ქვახიდისწყალს და ტუღოს.

აწუნთის უღელტეხილი

აწუნთის ქედზე აგებული უღელტეხილი, ულამაზესი პანორამული ხედებითა და გასაოცარი ბუნებით გამოირჩევა. თოვლიანი მწვერვალები და ხედი ხევსურეთის მდინარეების ხეობებზე, იდეალური მარშრუტია ლაშქრობისთვის. აწუნთის უღელტეხილი ზღვის დონიდან 3431 მეტრზე მდებარეობს.